10 ივლისი, 2015

ომარ შარიფი გარდაიცვალა

1omarAl-Arabiya News Channel-ის ინფორმაციით, ცნობილი ეგვიპტელი მსახიობი ომარ შარიფი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო პერიოდში ის ალცჰეიმერის დაავადებით იტანჯებოდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა შვილმა რამდენიმე თვის წინ განუცხადა.

ამ დაავადების გამო, ლეგენდარულმა მსახიობმა უარი განაცხადა ახალი როლების თამაშზე და თავისი კარიერა 2012 წელს დაასრულა.

“არაბი ლოურენსი” და “ექიმი ჟივაგო” მისი შემოქმედების მთავარი ფილმებია. მსახიობი ოქროს გლობუსის სამგზის მფლობელია. ის ოსკარზეც იყო წარდგენილი. ვენეციის კინოფესტივალზე კი კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ოქროს ლომით დააჯილდოვეს.

სამსახიობო კარიერის განმავლობაში მან 50-მდე ფილმში მიიღო მონაწილეობა. ერთ-ერთ უკანასკნელ ფილმში ომარ შარიფმა განასახიერა ადამიანი, რომელიც ალცჰეიმერის დაავადებით იტანჯება.