19 ივლისი, 2015

ნინი წიკლაური საქართველოდან წავიდა

1nini-ciklauriმომღერალმა ნინი წიკლაურმა საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამჟამად ის ამერიკაში იმყოფება, სადაც თავისი გეგმების განხორციელებას აპირებს. ნინი უკვე რამდენიმე ადგილას მუშაობს და სამშობლოში მანამდე არ ჩამოვა, სანამ დასახულ მიზანს არ მიაღწევს.

ნინი წიკლაური:

– ამერიკაში პირველად არ ვარ, ეს ჩემი მეოთხე ვიზიტია აქ, უბრალოდ ამჯერად გეგმები მაქვს პატარა. ამ ჩემი გეგმების განხორციელებისთვის დროებით აქ ჩამოსვლა გადავწყვიტე.

– საქართველოს დატოვებაზე დიდხანს ფიქრობდით, თუ სპონტანურად მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

– საქართველოს დატოვებას არ ვფიქრობდი და არც ეხლა ვფიქრობ. როგორც კი ჩემს მიზანს მივაღწევ, უმალ დავბრუნდები. იმდენად მიყვარს ჩემი ქუჩა, პატარა სახლი, იტალიური ეზო სადაც ვცხოვრობ, ჩემი ბალიშიც კი, რომ ძალიან მიძნელდება უცხო ქვეყანაში და უცხო ბინაში ცხოვრება, თუმცაღა გაუსაძლისი არაფერია, თან მაშინ, როცა ამას მიზნისთვის აკეთებ. ჩემი ქვეყანა კი განსაკუთრებულად მიყვარს…

– სად იმყოფებით ამჟამად?

– ამჟამად ჩემს უახლოეს მეგობართან, ჩემს დასთან ნინი შერმადინთან ვცხოვრობ, ხან ჩემს ნათესავებთან.

– უკვე ნახეთ ქართველი კოლეგები ამერიკაში?

– კი, ბევრი ჩემი ახლობელია აქ და შეძლებისდაგვარად ნელ-ნელა ვნახულობ ყველას.

– გაქვთ კონკრეტული შემოთავაზებები თუ ჯერ ამერიკით ტკბებით?

– უკვე ვმუშაობ რამოდენიმე ადგილას. ამერიკით დავტკბი წინა ჩამოსვლების დროს. ეხლაც, როცა თავისუფალ დროს მოვნახავ, ფეხით ვსეირნობ და ვიკლავ ჩემი ქვეყნის წყურვილს, რამდენად გამომდის არ ვიცი, მარა ეს მეთოდი მშველის.

– მაყურებელმა სხვადასხვა კონკურსებში გიხილათ. რას გაძლევთ მსგავსი სახის “შეჯიბრებები” კოლეგებთან?

– საბედნიერიდ, ჩემთვის კონკურსები იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან მთავარი გამარჯვება არაა, მთავარი ხალხის სიყვარულია და ის ნაწილი ადამიანების, რომლებიც ამ კონკურსების შემდეგ შევიძინე და ჩემი ერთგული მსმენელები გახდნენ, ჩემთვის დიდი განძია. მართალია ძალიან რთულია იდგე კონკურსზე, სადაც შენი უახლოესი მეგობრები არიან და ეს ჩემთვის შინაგანად დამანგრეველია, მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი პლუსი ისაა, რომ არსად აუცილებლად მოსაგებად არ მივდივარ. მივდივარ იმიტომ, რომ სიამოვნება მივიღო და ვიმღერო, ამიტომ, ასეთი კუთხით მიდგომა მიადვილებდა იქ ყოფნას, თუმცაღა ეს იყო ადრე… ეხლა ვთვლი, რომ დავამთავრე კონკურსობანა და რაც შეეხება შეჯიბრს, მე არასოდეს შევჯიბრებივარ ჩემს კოლეგებს, მე იქ კიდევ ვიმეორებ სიამოვნების მისაღებად გამოვდიოდი… და ამას ბევრი გრძნობდა.

– დღეს ბევრს ლაპარაკობენ, რომ ქართული შოუ-ბიზნესი მკვდარია. თქვენც ასე ფიქრობთ?

– არ ვფიქრობ მასე, რადგან ჩემი ბევრი მეგობარი, რომელიც შოუ-ბიზნესშია, ყოველ დღე მუშაობს, ისინი აკეთებენ და ქმნიან ახალ პროდუქტს. მაგალითად, ანრი ჯოხაძე, რომელიც სულ მოძრაობს და სულ ცდილობს, ახალი და ახალი სიმღერები თუ ვიდეოები შემატოს ქართულ სივრცეს და ეს ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს. ის ჩემთვის მაგალითია, მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა გაჩერდე მუსიკოსი და სულ მუსიკალურ წვაში იყო. შოუ-ბიზნესი ზუსტად ასეთი ადამიანების მხრებზე დგას და სანამ ასეთები იარსებებენ, ის არასოდეს მოკვდება.

– ნინი, სიმღერის გარდა რა შეგიძლიათ?

– სიმღერის გარდა თვითონ ვწერ, დიდს არაფერს, მარა მალე მოისმენთ ჩემს მიერ შექმნილ სიმღერას, რომელსაც არაჩვეულებრივი მომღერალი თიკა მახალდიანი ასრულებს. სიმღერა ჩაწერის პროცესშია და მას მალე მოისმენს ქართველი საზოგადოება. სხვა დანარჩენი რა ვიცი, ბევრი რამის კეთება გამომდის. ყველაზე უკეთ კი მათემატიკა და ანგარიში.

– ოდესმე დამდგარხართ არჩევანის წინაშე – კარიერა თუ ოჯახი?

– არა, მაგრამ რომ დავდგე, აუცილებლად ოჯახს ავირჩევ. ერთი წუთითაც არ დავფიქრდები ამაზე, რადგან ოჯახი იმაზე მეტია, ვიდრე კარიერა, რომელიც არ იცი რა წამს შეიძლება დასრულდეს. მე ასე მესმის და მწამს.

– როდის ფიქრობთ საქართველოში დაბრუნებას?

– საქართველოში მაშინ დავბრუნდები, როცა ჩაფიქრებულ მიზანს მივაღწევ. არც თუ ისე მარტივია, მარა არ დავიშურებ თავს ამისთვის.

– რა არის თქვენი პროგრამა მაქსიმუმი?

– პროგრამა მაქსიმუმი მშვიდი ოჯახი და შვილებია.

– და ბოლოს, რომელ სიმღერას გახსენებთ დღეს ქართული ესტრადა?

– საით მიფრინავენ თოლიები ნეტავ… ჰაეროვანი, მშვიდი და იმედიანი, რადგან იმ ქუჩის ბოლოს მოლოდინი დგას…