17 ივლისი, 2015

ნანი ბრეგვაძესთან ვახშამი 11.000 ევრო ღირს

1naniქართული ესტრადის მომღერალთან ნანი ბრეგვაძესთან ვახშამი 11.000 ევრო ღირს. ზუსტად ამ თანხად გაიყიდა თბილისში სტუმრობა და ნანი ბრეგვაძესთან ვახშამი მოსკოვში გამართულ საქველმოქმედო აუქციონზე.

სპეციალური საქველმოქმედო აუქციონი მოსკოვში ზურაბ წერეთლის გალერეაში გაიმართა. მისი ორგანიზატორები ჟურნალისტი სოფიკო შევარდნაძე და მომღერალი მირანდა მირიანაშვილი იყვნენ.

აუქციონში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს რუსული კინოს, თეატრის, ესტრადის და ტელევიზიის ცნობილმა წარმომადგენლებმა, მათ შორის, ქსენია სობჩაკმა, ვლადიმერ პოზნერმა, ალექსეი ვენედიქტოვმა, ლუდმილა ნარუსოვამ, ინგებორგა დაპკუნაიტემ, ალიონა დოლეცკაიამ.

სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ზურაბ წერეთლის გალერეა მისმა ორგანიზატორებმა რამდენიმე საათით პატარა თბილისურ ეზოდ გადააქციეს ხაჭაპურისა და ტოლმის არომატით. გამყიდველების ფორმებში გამოწყობილი სოფიკო შევარდნაძე, მირანდა მირიანაშვილი და ასლან ახმადოვი შეკრებილ საზოგადოებას სთავაზობდნენ სხვადასხვა ხილს, ბოსტნეულს და, რა თქმა უნდა, ჩურჩხელას. სოფიკო შევარდნაძემ ქართული ცეკვა შეასრულა, მირანდა მირიანაშვილმა კი თბილისზე იმღერა.

საქველმოქმედო აუქციონის წამყვანები ქსენია სობჩაკი და ილია ვერნიკი იყვნენ. აუქციონზე გატანილი იყო სხვადასხვა ლოტები. პირველი ლოტი აღმოჩნდა თბილისში სტუმრობა და ნანი ბრეგვაძესთან ვახშამი, რომელიც 11 ათას ევროდ გაიყიდა. დიზაინერ იანა რასკოვალოვას მიერ საქველმოქმედო აუქციონზე გატანილი სამკაული ალექსეი ვენედიქტოვმა თავისი მეუღლისთვის 16 ათას ევროდ შეიძინა. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად თავიანთი ნახატები გასაყიდად გაიტანეს კონსტანტინე და გიორგი თოთიბაძეებმა. მათი ნამუშევრები 42 ათას ევროდ გაიყიდა.

მთლიანობაში აუქციონზე 325 ათასი ევრო შეგროვდა, რომელიც მთლიანად წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გადაირიცხება.