21 ივლისი, 2015

ნანი ბრეგვაძე: ,,ცოტა დავფიქრდეთ ადამიანებო!”

1nani-bregvadქართული ესტრადის დედოფლად წოდებული მომღერალი ნანი ბრეგვაძე იუბილარია.

მომღერალი ბედნიერია, რადგან მის მუსიკალურ გზას აგრძელებენ შვილი ეკა მამალაძე და შვილიშვილი ნატალია ქუთათელაძე. ახლა ისინი ხშირად სამნი დგანან სცენაზე და მსმენელისთვის მღერიან.

ყველაზე დიდი საჩუქარი იუბილარისთვის იმ ხალხის სიყვარულია, ვისთვისაც წლებია მღერის. უდიდეს სიყვარულს და პატივისცემას ყოველ ფეხის ნაბიჯზე გრძნობს. ასეთ წარმატებაში ღმერთის მადლს ხედავს და 13 წლიდან მლოცველი მუდმივად ემადლიერება გამჩენს განსაკუთრებულად დიდი წყალობისთვის.

“არტინფო” ნანი ბრეგვაძის უჩვეულო ისტორიებს გთავაზობთ:

***

ჩვენ ორი გვარი გვაქვს – ბრეგვაძე და ობოლაძე. არ ვიცი, რომელი იყო ჩვენთვის პირველი გვარი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ერთ-ერთი ჩემი უძველესი წინაპარი იყო მღვდელი და იქიდან მოდის ჩვენი ორგვარიანობა. ჩემს გვარში სასულიერო პირები იყვნენ. როდესაც ჩემი წინაპარი მღვდლად ეკურთხა, იძულებული გახდა, გვარი გამოეცვალა. მისი ისტორია უფრო დაწვრილებით არ ვიცი და დღეს არც აღარავინ არის ცოცხალი, რომ მისი ამბავი ვკითხო. დედაჩემისგან სულ ეს მახსოვს, მეტყოდა, დედა, წესიერად მოიქეცი, ეს არის ღვთის წინაშე შენი მოვალეობაო. მამაჩემი პარტიული იყო, მაგრამ სულ ვგრძნობდი, რომ არ სჯეროდა პარტიის, უბრალოდ იძულებული იყო, მისი წევრი ყოფილიყო. როცა დაბერდა, კომუნისტებით სულ უკმაყოფილო იყო, ისინი არ აძლევდნენ საშუალებას, თავისი რწმენა ღიად გამოეხატა. თვითონ მომნათლეს მანგლისში, მაშინ კათალიკოსი იყო ცინცაძე. როცა მომნათლეს, ვიყავი 6 თუ 7 წლის და ჩემი ნათლობა მახსოვს. ვინც მომნათლა, ის ადამიანი ცოცხალი აღარ არის. დღეს უკვე ნათლია აღარ მყავს და გამოვიდა ისე, რომ კათალიკოს ცინცაძის ნათლული ვარ. მე თვითონ არც ისე ბევრი ნათლული მყავს.

***

13 წლის ვიყავი, როცა რელიგიურ საკითხებში გავცნობიერდი. მაშინ მივხვდი შეგნებულად, რომ ღმერთი არსებობს. ჩვენთან ცხოვრობდა ჩემი ბიძაშვილი. დედაჩემი ნათესავებს თავისთან აცხოვრებდა. დავინახე, რომ ჩემი ბიძაშვილი ლოცულობდა, ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა. მივხვდი, რომ ასეთი წესია – ქრისტიანმა უნდა ილოცო, ღმერთს შეევედრო და მადლობა შესწირო. 13 წლიდან დღემდე არც ერთი დღე არ გამომიტოვებია, სულ ვლოცულობ. თუმცა როდესაც უფრო კარგად გავაცნობიერე, რა უნდა გამეკეთებინა, დილა-საღამოს დავიწყე ლოცვების კითხვა. დილით ავდგები, მადლობას ვწირავ ღმერთს მშვიდობიანი დღის გათენებისთვის და საღამოსაც მადლობას ვეუბნები, დღის კეთილად დასრულებისთვის. თუმცა ზოგჯერ ამის საშუალება არ მაქვს, ან გზაში ვარ, ან ვფრინავ, ამის გამო უფალს ბოდიშს ვუხდი. იმდენად ჩემშია ეს ყველაფერი გამჯდარი, რომ სადაც უნდა ვიყო, დამაქვს ჩემი ხატები, სანთელი, პატარა ზეთი, მიწა, წყალი – ყველაფერი იერუსალიმიდან მაქვს წამოღებული. თუ ვახერხებ, თითქმის ყოველ წელს დავდივარ წმინდა მიწაზე. ეს არის ჩემი ცხოვრების წესი, აუცილებელი ნაწილი ჩემი ცხოვრებისა, ყველაზე მთავარი ნაწილი. დამიჯერეთ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პირველად ჩახვალ იერუსალიმში თუ მეასედ, ემოცია ძალიან დიდი და ენით აუწერელია. რამდენჯერაც უნდა ჩახვიდე, სულ გგონია, რომ პირველად ჩადიხარ. ამის მიჩვევა შეუძლებელია. საოცარი შეგრძნებაა, როცა იმ ადგილებს ეხები, სადაც უფალმა გაირა, ესა თუ ის სასწაული მოახდინა. ყველაფერს, რაც გამაჩნია, ვდებ მის საფლავზე, საიდანაც ზეთი გადმოდის. მაქსიმალურად ვცდილობ, წმინდა მიწაზე არ ჩავიდე ხალხმრავლობის დროს, იმიტომ, რომ ბევრი ხალხი მღლის. ამას ემატება ჩემი ფიზიკური მდგომარეობა და ვერ ვუძლებ. არ მიყვარს ასეთი დაცული რაღაცეები, მაქვს ჩემი სამყარო, ჩემი დამოკიდებულება ღმერთთან, ვიცავ მხოლოდ იმას, რომ ლოცვის დროს ყოველთვის ვანთებ სანთელს. ყოველ ლოცვაზე სანთელი თუ არ ავანთე, ისე არ შემიძლია. იერუსალიმიდან ძალიან ბევრი სანთელი ჩამომაქვს.

***

კომუნისტური რეჟიმი ალბათ ყველას თრგუნავდა, ჩემს გარდა. არაფრის მეშინოდა, დავდიოდი ეკლესიაში და არასოდეს მიფიქრია, რომ ამის გამო დამიჭერდნენ და საყვედურს გამომიცხადებდნენ. როცა პოპულარული გავხდი, მაშინაც უშიშრად შევდიოდი ეკლესიაში. დამერწმუნეთ, ამის გამო სერიოზული პრობლემები არასოდეს მქონია. ერთხელ გაზეთში დამწერეს. კონსერვატორიაში სწავლისას მეკეთა პატარა ოქროს ჯვარი. კომისია რომ მოვიდა, დაინახეს, რომ მიკეთია. კი ვუთხარი, ნაჩუქარია-მეთქი, მაგრამ მაინც საჯაროდ მამხილეს, სტუდენტი ნანი ბრეგვაძე ჯვრით დადის კონსერვატორიაშიო. ჯვარი ჩამომართვეს და ყველაზე მეტად იმაზე დამწყდა გული, რომ წაიღეს. ძალიან მეწყინა, რომ ჯვარი არ დამიტოვეს, მაგრამ ჩემი ცხოვრების წესი ამის გამო არ შეცვლილა, შიშის გრძნობა არასოდეს მქონია. რაც თავი მახსოვს, ეკლესიაში სულ დავდიოდი, არასოდეს შემშინებია და არ მითქვამს, ნეტა, ვინ დამინახავს-მეთქი. ძირითადად დავდიოდი ქვაშვეთის ეკლესიაში. შემდეგ სიონში გადავედი. ძალიან მიყვარს დედათა მონასტრები, მაგრამ ხშირად იქ ჩასვლას ვერ ვახერხებ. უფრო ხშირად მცხეთის დედათა მონასტერში მიყვარს ჩასვლა. როცა რუსეთში ვარ, არც იქ არის პრობლემა. ისეთ ადგილას ვცხოვრობდი, რომლის წინაც იდგა ეკლესია, რომელშიც პუშკინმა დაიწერა ჯვარი ნატალია გონჩაროვაზე. როცა საქართველოში არ ვარ, იმ ეკლესიას ხშირად ვსტუმრობ, ყველა მცნობს და გაჭირვებულებსაც შევეწეოდი და შესაწირშიც ჩემი წვლილი შემქონდა.

***

ღვთის განგების მჯერა. დღეს რომ ჩემი მაყურებელი მყავს და კიდევ ვარ საჭირო ესტრადაზე, ეს ღვთის დამსახურებაა. ძალიან მორწმუნე ვარ, მაგრამ ბევრ რამეს არ ვიცავ. ვცდილობ, უფრო რწმენით ვიცხოვრო, ვიდრე ვაკეთო რიტუალები. თუმცა ბინა ძალიან ბევრჯერ მიკურთხებია, ჩვენი სახლის კარზე კი პატარა ჯვარი ჰკიდია. არ არსებობს, უფალს რაღაც შევთხოვო და ეს არ შემისრულდეს. არ ვიცი, ასე უნდა ყოფილიყო თუ ღმერთი არის ჩემ გვერდით გამუდმებით. ჩემს სიცოცხლეში ბოროტება არ გამიკეთებია. ის კი არა, რომ გავიფიქრებ რაღაცას და ვიცი, რომ ეს არ არის კარგი, მაშინვე უფალს ბოდიშს ვუხდი და პატიებას ვთხოვ. იცით, როგორი ცხოვრება მაქვს? სულ კონტაქტი მაქვს და უფალს სულ ველაპარაკები. ასე მგონია, ღმერთი ჩემი დიდი დამცველი და სულიერი მეგობარია. ხშირად ვუყვები ჩემს განცდებს და პასუხს მისგან ველოდები. მინდა მირჩიოს, რა ვქნა, როგორ მოვიქცე გარკვეულ სიტუაციაში. რაც მოხდება და რაც ხდება, ეს უკვე უფლის განგებად მიმაჩნია და აბსოლუტურად არ ვეწინააღმდეგები. ცუდიც რომ მოხდეს, ისიც უფლის ნებაა და ვიცი, რომ ამას ღმერთი აკეთებს. ამის მტკიცედ მჯერა, ცუდიც ჩვენთვის სამაგალითოა. ხშირად სანამ ვინმე არ გარდაეცვლებათ ადამიანებს, არ მიდიან ეკლესიაში, მაგრამ, ჩემდა საბედნიეროდ, ჩემს შემთხვევაში ასე არ ყოფილა. ჭირისუფლებისაც მესმის, ისეთ გამოუვალ მდგომარეობაში არიან, რომ რაღაცას ეპოტინებიან. ელდარ შენგელაიას მაგალითი რომ ავიღოთ, საშინელი ტრაგედია განიცადა, მაგრამ ახლა ამბობს, რომ რწმენამ ძალიან უშველა. ცოტა დავფიქრდეთ ადამიანებო: თუკი უფალი ასეთ საშინელ სიტუაციაში გვაძლიერებს, როდესაც ტკივილი არ გვაქვს და ტრაგედიას არ განვიცდით, მაშინ უფრო არ შეგვეწევა? ვგიჟდები, ელდარ შენგელაია ისე მიყვარს. ალბათ ასეთი მწარე ტკივილიც ერთ-ერთი ნაბიჯია, რომ მიუახლოვდე ღმერთს. მას ჩემს გვერდით მუდამ ვგრძნობ. ძალიან კრიტიკულ შემთხვევაში, როდესაც არ უნდა გაეგოთ, რა გავაკეთე, უფალს ყოველთვის გადავურჩენივარ. არის რამდენიმე ეპიზოდი ჩემს ცხოვრებაში, რომელთა თქმის უფლებაც არ მაქვს, მაგრამ აშკარად გადარჩენილი ვარ უფლისგან, ჩავვარდი ისეთ ცუდ სიტუაციაში, როდესაც ღმერთის მეტი ვერავინ მიშველიდა და, საბედნიეროდ, მიშველა კიდეც. მთელი ცხოვრება სულ გზაში ვარ, მაგრამ ღმერთის წყალობით, ხიფათები არ მქონია, იმიტომ, რომ არ მეშინია და ვიცი, რომ უფალი არ მიმატოვებს. იმედი მაქვს, არაფერი მოხდება და თუ მოხდება, ალბათ ასე უნდა იყოს.

***

ძალიან ბევრჯერ დამეკარგა ძვირფასეულობა. პარიზიდან დიდი ძვირფასეულობა მომქონდა და თვითმფრინავში დავტოვე. ორჯერ მომპარეს, ორჯერ დავტოვე სადღაც, ხან ამომივარდა. ისე გამომიმუშავდა დამოკიდებულება ამის მიმართ, რომ აღარაფრად ვთვლი. რა დროს ძვირფასეულობაა, როცა ჩემი ახლობელი ადამიანები მიდიან ამქვეყნიდან. ჩემი პირველი განცდა ახლობლის გარდაცვალებისა იყო მაშინ, როდესაც ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და უახლოესი მეგობარი გარდაიცვალა. მივდიოდი სასაფლაოზე მეცხრე დღეს და ბევრი ნივთი მეკეთა. ისიც ალბათ უფალმა მიმანიშნა, რომ ზედმეტად ვიყავი გამოპრანჭული. სირცხვილია, რა დროს სამკაულებია-მეთქი, ვიფიქრე, ყველაფერი მოვიძრე და ჩანთაში ჩავიდე. ტაქსით მივედი და რომ გადმოვედი, ეტყობა, ეს პატარა ჩანთა გადმომივარდა. მივედი საფლავზე და როცა სახლში დავბრუნდით, ვიფიქრე, ახლა კი გავიკეთებ-მეთქი, მაგრამ ის პატარა ჩანთა აღარ მქონდა. პირველი რეაქცია მქონდა, მაგრამ იმ წუთას გამათავისუფლა ღმერთმა: როგორ, სამკაული რა არის იმასთან შედარებით, რაც ახლა შენი უახლოესი მეგობრის საფლავზე ყოფნისას განიცადეო! ღმერთმა დამანახა, რომ სამკაული არაფერია ცხოვრებაში, მთავარი ადამიანები და მათი ურთიერთობაა. ასე მოვდივარ მთელი ჩემი ცხოვრება.