Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მანანა მენაბდე ბოდიშს ელოდება

1manana_05მუსიკოსი, მხატვარი და მომღერალი მანანა მენაბდე ბოდიშის მოხდას ელოდება. მიუხედავად იმისა, რომ მან ორშაბათს დანიშნული პრესკონფერენცია გააუქმა, ეს ფაქტი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ხელოვანი დამშვიდებულია და პრობლემაც ამოწურულია.

მანანა მენაბდემ სოციალურ ქსელში ნატო მეტონიძის სოლოკონცერტზე მის საავტორო უფლებებთან დაკავშირებით შესაბამისი წერილი გამოაქვეყენა:

“შეიძლება ბანალურად ჟღერდეს ის, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ ის, რასაც დღეს განვაცხადებ ჩემი მოქალაქეობრივი ვალის მოხდა უფროა.

მე ალბათ საკმარისად მიცნობენ და დამეთანხმებიან ჩემი კოლეგები იმაში, რომ 45 წლის სასცენო მოღვაწეობის განმავლობაში, არასდროს არ გამომითქვამს უკმაყოფილება ჩემი კოლეგების მიმართ, არავისთან გამიმართავს დავა საავტორო უფლებებზე (მიუხედავად იმისა, რომ საამისო მიზეზი ბევრჯერ ყოფილა) და არც საკუთარი შემოქმედების დამახინჯებით შესრულებაზე გამომითქვამს უკმაყოფილება.

მაგრამ ამას ორი მიზეზი ჰქონდა, ჯერ ერთი, ჩვენი საზოგადოება სულ სხვა რეალობაში ცხოვრობდა მაშინ და მეორეც, მე მოთმინებით ველოდებოდი, რომ ჩემი კოლეგები ეთიკურ ნორმებს სულ უფრო ნაკლებად დაარღვევდნენ როგორც ჩემ, ასევე სხვა მუსიკოსების წინაშე.

ჩვენი საზოგადოება ნამდვილად გაიზარდა, მე, უცხო ქვეყანაში მცხოვრები ქართველი, განსაკუთრებით კარგად ვხედავ ამას. და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი, როგორც შემსრულებლის ფინანსური ინტერესებიც ილახება, დღეს აქცენტს მაინც მორალურ მხარეზე გავაკეთებ.

რამდენიმე დღის წინ ნატო მეტონიძის კონცერტი ჩატარდა, რომელშიც საზოგადოებისთვის ასევე მეტად პატივსაცემი ადამიანები იყვნენ ჩართულნი, ვგულისხმობ ნიკა მემანიშვილსა და დათო დოიაშვილს. კონცერტიდან შემოსული შემოწირულობის ნაწილი 13 ივნისის ტრაგედიის მხარდასაჭერ ფონდში გადაირიცხა, რაც ნამდვილად მისასალმებელია. ქველმოქმედება ძალიან კარგია, თავად მეც, 20 მაისს საქველმოქმედო კონცერტი გავმართე დიტო ცინცაძის ფონდის მხარდასაჭერად, მაგრამ სხვის ხარჯზე გაკეთებული ქველმოქმედება აზრს კარგავს.

მაგრამ არის ემოციები და არის ეთიკა, რასაც განსაკუთრებით შემოქმედმა ადამიანებმა უმძიმეს წუთებშიც არ უნდა ვაქციოთ ზურგი.

კონცერტამდე ორი დღით ადრე, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ მართლაც ნიჭიერი შემსრულებელი ნატო მეტონიძე ჩემი ავტორობით დაწერილ სიმღერას „სტვენს ბულბული“ (ტექსტის ავტორი ბესიკი) ასრულებდა.

საავტორო უფლებების დაცვა, პირველ რიგში კოლეგებს მოგვეთხოვება, თორემ სადღაც სუფრაზე თუ ვინმე საყვარელი მომღერლის სიმღერას იმღერებს, ამაში გასახარელის მეტი არაფერია.

ნამდვილად არ ვგეგმავდი ამ თემაზე ხმის ამოღებას, მითუმეტეს რომ წელს ეს უკვე მეორე ფაქტია, მაგრამ თუ ჩვენ დასავლური ფასეულობებისკენ მივისწრაფით, თუ ჩვენთვის ქველმოქმედება ღირსების საქმეა, პატივი უნდა ვცეთ სხვის უფლებებს.

სამწუხაროდ, ჩემთვის თხოვნითაც კი არავის მოუმართავს, რათა შესრულებაზე ნებართვა მიეღო. თანამედროვე ცივილიზაციის პირობებში, ადამიანთან დაკავშირება დედამიწის ნებისმიერ წერტილში შეიძლება, მე კი საქართველოში ვარ ივნისის მეორე ნახევრიდან.

მინდა საზოგადოებამ, ჩემი და ნატო მეტონიძის მსმენელმა ადექვატურად მიიღოს ჩემი პოზიცია. იმედი მაქვს, ნატო მეტონიძეც სწორად შეაფასებს ჩემ გადაწყვეტილებას საჯაროდ მივმართო მას, რომელიც, როგორც თავიდან ვთქვი, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე გადავდგი.

იმედი მაქვს, ეს კარგი გაკვეთილი იქნება ყველა მომღერლისთვის, ვინც სხვის საკუთრებას უდიერად და უპატივცემულოდ ეპყრობა.

ჯარიმის თანხას კი დიდი სიამოვნებით თავად გადავრიცხავ დაზარალებულთა დასახმარებლად.”

როგორც ცნობილი ხდება, მანანა მენაბდის, როგორც მომღერლის და კომპოზიტორის უფლებები პირველად არ დარღვეულა. სულ რამდენიმე თვის წინ ანალოგიური ფაქტი მოხდა იგივე სიმღერაზე, თუმცა მაშინ მომღერალმა სიჩუმე ამჯობინა.

პ.ს. მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათს დაგეგმილი პრესკონფერენცია მომღერლის გადაწყვეტილებით აღარ ჩატარდება, რადგან მისი თქმით, გარკვეულწილად დაზოგა კონცერტის ორგანიზატორები, არც კონცერტის რეჟისორს დავით დოიაშვილს, არც მუსიკალურ ხელმძღვანელს ნიკა მემანიშვილს და არც თავად ნატო მეტონიძეს არ დაურეკავს და ბოდიშიც არ მოუხდია.