25 ივლისი, 2015

Leo Jee: ,,დღევანდელი ქართული ესტრადა ფანოღია!”

1leoმომღერალი ლევან ჯიბლაძე იგივე Leo Jee 2 წელია შტატებში ცხოვრობს. მუსიკოსი და მომღერალი შორეული ამერიკიდან ქართულ ესტრადას აფასებს და ყოველგვარი დაფიქრების გარეშე ამბობს, რომ დღევანდელი ქართული ესტრადა ფანოღია.

ლევან ჯიბლაძე, Leo Jee:

– უკვე თითქმის 2 წელი ხდება, რაც შტატებში ვცხოვრობ. სიმართლე გითხრათ, მას შემდეგ, რაც აზროვნება ჩამომიყალიბდა ღრმა ბავშვობიდან, ამერიკა ჩემი ოცნება იყო! ყოველთვის მომწონდა მათი რიტმი და ცხოვრების სტილი! საქართველოს დატოვება არ გამიჭირდა იმ იმედით, რომ მიზანი მქონდა და დღესაც გეგმას მივყვები, ზოგადად ეს რეფლექსი გათიშული მაქვს, რადგან წინ უამრავი გეგმა მაქვს შესასრულებელი! ვმუშაობ, როგორც ყველა, ვშრომობ და ერთი წუთითაც არ ვთაკილობ არაფერს, რადგან ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ააშენო ოცნება, რომ მყარი იყოს! ასევე ვწერ სიმღერებს პირველი ალბომისათვის და როდესაც მზად მექნება მასალა, დავიწყებ ალბომზე მუშაობას.

– არ გაგიჭირდათ თავის დამკვიდრება უცხო ქვეყანაში?

– მე არ მიყვარს და მეცინება ხოლმე, როდესაც ჩამოდიან და ქართველებს ატყუებენ, რომ სასწაულად არიან, კალთებს ახევენ პროდუსერები და ასე შემდეგ! ტყუილია!!! აქ თავის დამკვიდრება ძალიან რთულია უდიდესი კონკურენციაა და შეიძლება საქართველოში იყო სუპერ ვარსკვლავი, მაგრამ აქ ვერ იქნები ვერც ტეილორ სვიფტი და ვერც ქრის ბრაუნი! ამ ყველაფერს უდიდესი კონტაქტები სჭირდება, თორემ მიაქვს ნიჭიერ მუსიკოსებს ამერიკა! ასე რომ, მე ჯერ ვერ ვარ დამკვიდრებული, მე სხვა ამბიციები მაქვს და შეხედულებები!

– შეგცვალათ ამერიკამ?

– რა თქმა უნდა! ძალიან მეტაფორულად შეიძლება გამომივიდეს, მაგრამ გამომძერწა!!! იმდენად დიდი წნეხია, იმდენად რთულია ცხოვრობდე ნიუ იორკში, რომ აბსოლუტურად სხვა ფაზაში მუშაობს ტვინი. გადავახარისხე ყველაფერი! უამრავი ადამიანი გაქრა ჩემი ცხოვრებიდან, უამრავი გამოჩნდა და მაინც ამერიკამ შეძლო ის, რომ მომტეხა ფრთები, რითაც პატარა სივრცეში დავფრინავდი. აქ სხვა მასშტაბებია და სხვა ძალაა საჭირო იარო წინ წარმატებისაკენ! შინაგანადაც ძალიან შემცვალა, ბევრი ნიუანსია, რომელთაც გადმოცემა შეუძლებელია!

– როგორ ფერებში ჩანს ქართული კულტურა საზღვარგარეთიდან?

– ქართული კულტურა მრავალმხრივია და მე ვერ დავიწყებ მის შესახებ საუბარს. შემიძლია ვთქვა ჩემს სფეროზე თუ როგორ ჩანს… იმდენად განსხვავდება ხარისხობრივად იდეურად და ზოგადად ყველაფრით ერთმანეთისგან, როგორც თოხის ტარი და შურის მიკროფონი. ჯერ ის, რომ ჩაცმის კულტურა არ არის. სცენა არაა ბაზარი და სახინკლე! მესმის, რომ შეიძლება არ გქონდეს ბალენსიაგასა და ზანოტის საშუალება, მაგრამ შენ თვითონ თუ არ შექმენი შენივე სახე, არაფერი გამოვა. მომღერალი, მუსიკოსი, მსახიობი და ასე შემდეგ, არის საზოგადო სახე და, რა თქმა უნდა, უნდა განსხვავდებოდეს და მისაბაძი უნდა იყოს. მუსიკალურად ხომ საერთოდ. აქ გენიოსები აკეთებენ პროდუქციას. ის შეიძლება იყოს 19 წლის, მაგრამ ქმნიდეს მსოფლიო ჰიტს. ქართული ესტრადა კი, მე ვფიქრობ, ძალიან შორსაა იმ სტანდარტებიდან, რასაც მსოფლიო წამყვანი ლეიბლები გვთავაზობენ.

– შესაძლებელია ქართული და უცხოური მუსიკალური ინდუსტრიების შედარება?

– როგორც აღვნიშნე შეუძლებელია!!! ცა და დედამიწა!!! არ გვაქვს გამოცდილება, სათანადო განათლება და ის მუხტი რაც სჭირდება მსოფლიო შოუ ბიზნესს!

– ცნობილ ვარსკვლავებთან თანამშრომლობთ?

– რა თქმა უნდა, ვერ!!! თუმცა შეუძლებელი არაფერია, უბრალოდ საჭიროა მონდომება და იღბალი!

– ახერხებთ მანდ მცხოვრებ ქართველები ერთმანეთის ნახვას, შეკრებას ან თუნდაც ერთობლივი კონცერტების გამართვას?

– სიმართლე გითხრათ, მე არ მყავს ქართველთა დიდი სანაცნობო წრე. ყველა მუშაობს, ყველა შრომობს და, აქედან გამომდინარე, ყველას ჩვენი წრე გვყავს! რამდენიმე ფანტასტიური ადამიანი მაჩუქა ამ ქვეყანამ, მე არ მყავს აქ ოჯახი, მაგრამ მყავს რამდენიმე უსაყვარლესი პიროვნება, რომლებიც სულ მზად არიან ჩემს გვერდით იდგნენ! მათი უზომოდ მადლიერი ვარ და მინდა გითხრათ რომ მოყვარხართ!

– რაზე მოგიწიათ უარის თქმა უცხოეთში?

– რთული კითხვაა! უარის თქმა მომიწია-თქო ვერ ვიტყვი, არჩევანის თავისუფლებაა – გინდ გააკეთე გინდ არა!

– რა სიმღერა უხდება ყველაზე მეტად დღევანდელ ქართულ ესტრადას?

– არც დავფიქრდები! სამწუხროდ, ფანოღია დღევანდელი ქართული ესტრადა!!!

– რას არ გააკეთებთ ცხოვრებაში პროფესიული თვალსაზრისით?

– არაფერს ვითაკილებ!!! მე ერთ რამეს მივხვდი, რომ შეგიძლია მართო შენი ხომალდი ისე, როგორც შენ გინდა, ოღონდ სხვა არ უნდა დააზიანო!

– როდის გელოდოთ საქართველოში?

– მენატრება საქართველო! მენატრება ჩემი ქალაქი, ღამის თბილისი, ჩემი ოჯახი, მეგობრები, ჩემო ძაღლი ლინდა! დაილოცოს სოციალური ქსელები, მგონია დედაჩემი აქ არის ჩემთან, ზოგჯერ მავიწყდება, რომ ვესაუბრები და თურმე ხაზზეა და ჩემთან ერთად ატარებს დღეს. ასე გადის დღეები! მაგრამ როდის ჩამოვალ, ჯერ არ ვიცი! წინ დიდი გზა მაქვს ისევ და ისევ იმისათვის, რომ ჩემი ამერიკული ოცნება ავიხდინო და საქართველომ იამაყოს!