23 ივლისი, 2015

ლაშა ონიანი: ,,წარსულის საამაყო დეტალებს მოფრთხილება სჭირდება!’’

1lasha-onianiრეჟისორი ლაშა ონიანი წლებია საქართველოდან წავიდა, მაგრამ მაინც არ კარგავს კავშირს თავის სამშობლოსთან. ამბობს, რომ სპეციალურად საქართველოსთვის აქვს რამოდენიმე სცენარი, მაგრამ როდის განხორციელდება, როდის ჯერ უცნობია.

ლაშა ონიანის სახელთან არის დაკავშირებული ევროვიზიაზე ქართველი კონკურსანტების მუსიკალური ნომრების რეჟისურა, მან დადგა უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალების გახსნის საზეიმო ცერემონიალებიც.

ლაშა ონიანი:

– ამჯერად ორი პროექტია პარალელურად, ერთი პროექტი გერმანიის ფედერაციის საარლენდის კულტურის სამინისტროსთან ერთად. უმაღლესებში, გიმნაზიებსა და სკოლებში სასცენო დადგმები მიმდინარეობს, შემდეგ სტადიონზე მოხდება დადგმულის ჩვენება, 200-მდე ახალგაზრდა მონაწილეობს. მეორე პროექტი თბილისი-ზაარბრიუკენის 40 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული ღონისძიება იყო, რომლის მთავარ რეჟისორად დავინიშნე ქალაქის კულტურის სამსახურის მიერ. საღამო 17 ივლისს გაიმართა საარბრიუკენში, თბილისის მოედანზე 4000-მდე მაყურებელი შეიკრიბა, მოვიწვიე საქართველოდან ნიაზი და 33 ა, ჯგუფი “ნიუტონი”, თანამედროვე სტილით მოცეკვავეები ქორეოგრაფი ეკა არჩაია და დიდი საღამო ჩავატარეთ. იუბილეს ორგანიზება გაუწია კომპანია “Art-transfer”-მა და თინა ებიაშვილმა.

– ვისი დამსახურებაა, თქვენ რომ რეჟისორი ხართ?

– პროფესიის არჩევა ბავშვობიდან სცენას დაუკავშირდა და მშობლებმა იზრუნეს, რომ ბოლომდე გავყოლოდი, შემოვრჩი კიდეც, მეტყობა.

– შეუძლია თუ არა რეჟისორს თავისი დადგმით თქვას სათქმელი?

– რა თქმა უნდა, რეჟისორის დანიშნულებაც ესაა, სათქმელი რომ უნდა თქვას, უბრალოდ სხვაობებია ჟანრობრივი, განსხვავებული სტილი თქმის…

– წლებია უცხოეთში ცხოვრობთ და მოღვაწეობთ. როგორია ევროპიდან დანახული ქართული კულტურა?

– კი, ძალიან დიდი დროა უცხოეთში ვმოღვაწეობ, კითხვას რაც შეეხება კულტურას, თუ როგორ გამოიყურება ევროპიდან… საკმაოდ კარგად შესამჩნევია ყველაფერი, რა, როგორ… ჩემი აზრით, წარსულის საამაყო დეტალებს მოფრთხილება სჭირდება, მაგრამ განვითარებაზე და ახლის ძიებაზე აუცილებლად უნდა იზრუნოს სახელმწიფომ.

– გაიხსენეთ ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი თქვენს ცხოვრებაში, რომელმაც თქვენი პროფესიული ბედი საბოლოოდ განსაზღვრა.

– პროფესიული ბედის განსაზღვრა არა, მაგრამ ახლად ჩამოსულს საქართველოდან 90-იან წლებს ვიხსენებ, პირველი კონტრაქტორი და დამფინანსებელი ავტომობილ ,,Peugeot”-ის ფირმა იყო, რამაც გაამყარა სამომავლო მოღვაწეობის გეგმები ევროპაში.

– თქვენ ევროვიზიაზე ქართველი კონკურსანტების რეჟისორიც იყავით. რა არის თქვენთვის ევროვიზია? პოლიტიკური კონკურსი თუ ევროპელი მსმენელის სამართლიანი გადაწყვეტილება?

– ევროვიზიაზე მომიწია რამოდენიმეჯერ მუშაობა და ისედაც ვსტუმრობ მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ სიმღერის კონკურსს, სადაც მინიმუმ 42 ქვეყანა მონაწილეობს. ევროვიზიას თუ არ ესტუმრები, ძნელად აღსაქმელია სხვის მიერ გამოთქმული აზრები, ეს არის ევროპული დიდი ოჯახი, რომლის წევრობაც აუცილებელია… განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა (ეს ცალკე თემაა). პოლიტიკა და კონკურსში გამარჯვება ძალზედ საინტერესოდ არის ერთმანეთთან შეერთებული. ევროვიზია არ ჩატარდება კონკურსისთვის მოუმზადებელ სახელმწიფოში, უამრავი ნიუანსებია, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა.

– როგორც რეჟისორს, რომელ ხელოვანთან გინდათ თქვენი შემოქმედებითი გზის გადაკვეთა?

– საკმაოდ ბევრ ცნობილ ხელოვანთან, სპორტსმენთან თუ საზოგადო მოღვაწესთან მიმუშავია, ვარსკვლავებამდე მისვლაა ძნელი… მუშაობა კი კომფორტია… სიამოვნებაა… ასე რომ, იყოს ვინც იქნება.

– საქართველოში რომ იყოთ, სად იმუშავებდით? რომელიმე თეატრში თუ იქნებოდით დამოუკიდებელი, თავისუფალი რეჟისორი?

– ერთგვარი ბედნიერებაა თავისუფალი ხელოვანი იყო, რეჟისორი ან სხვა მიმართულების, მთავარია იცოდე გზა, როგორ დაკავდე, დასაქმდე და აკეთო ის, რაც ყველაზე კარგად იცი. საქართველოშიც თავისუფალი რეჟისორი ვიქნებოდი.

– გაიხსენეთ ყველაზე პრეტენზიული ხელოვანი, ვისთანაც გიმუშავიათ.

– არ მახსენდება პრეტენზიული ხელოვანი, პირიქით, ვისთანაც მიმუშავია შრომის მოყვარეობას ვერ ვუწუნებ…

– ძვირია ლაშა ონიანის რეჟისურა?

– ლაშა ონიანის რეჟისურა ფასდება მისი ნამუშევრის ხარისხით. სამშობლოში რა საშუალებაცაა, იმის მიხედვით.

– უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალების გახსნაზე მუშაობაც ხელოვნებაა? თქვენთვის სპორტიც კულტურაა?

– რა თქმა უნდა, სპორტი კულტურის ნაწილია, როგორც ხელოვნება და სხვა მრავალი მიმართულება. ჩემპიონთა ლიგის გახსნებიც ერთგვარი შემოქმედებითი მუშაობაა, მხოლოდ სტადიონებისთვის განსაზღვრული, რომელსაც მილიონობით მაყურებელი ჰყავს და დიდ სახელთან ერთად გამოცდილებაც მოაქვს მასშტაბური ღონისძიებების შესაქმნელად.

– გაქვთ კონკრეტული გეგმები საქართველოსთან დაკავშირებით?

– სპეციალურად საქართველოსთვის მაქვს რამოდენიმე სცენარი, ალბათ შედგება, როდის ჯერ უცნობია. მეტწილად გეგმები სპონტანურია საქართველოში, რაც ხელს უშლის განვითარებას.