Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ლაშა ხოზაშვილი წარმატების საიდუმლოს ამხელს

1lashaმსოფლიო საბალეტო ხელოვნების ახალგაზრდა ქართველმა ვარსკვლავმა – ბოსტონის ბალეტის პრემიერმა ლაშა ხოზაშვილმა სეზონი წარმატებით დაასრულა. ამის მიუხედავად, ბალერონმა ცეკვა მაინც გააგრძელა, მისმა მეგობარმა მონღოლეთსა და იაპონიაში გალაკონცერტები დაგეგმა, სადაც ქართველმა მოცეკვავემაც მიიღო მონაწილეობა.

ლაშა ხოზაშვილმა “არტინფოსთან” გასული სეზონი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა:

– ამჟამად კი სეზონი დახურულია მაგრამ, ჩემმა მეგობარმა, ბოსტონ ბალეტის მოცეკვავემ გააკეთა ეგრეთ წოდებული გალაკონცერტები მონღოლეთში და იაპონიის ქალაქ ტოკიოში პატარა ჯგუფით, რომელშიც მეც მივიღე მონაწილეობა. გალაკონცერტებმა ძალიან კარგად ჩაიარა.

– ლაშა, რა არის თქვენთვის ბალეტი, პროფესია თუ ხელოვნება, რომელიც გაცოცხლებთ?

– ბალეტი ჩემი ცხოვრებაა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ხელოვნება და ასევე პროფესია – გაყოფა შეუძლებელია.

– თუ არის ისეთი ბალერინა, ვისთან ცეკვაც თქვენი ოცნებაა?

– ძნელია გითხრათ, რომელ ბალერინასთან ვოცნებობ ცეკვას, ბევრი კარგი ბალერინა არსებობს და ყველა მათგანთან სიამოვნებით ვიცეკვებდი.

– რომელია ყველაზე რთული პარტია ბალერონებისთვის?

– არსებობს, რა თქმა უნდა, როლები, რომელიც ტექნიკური ელემენტებით არის დატვირთული, ასევე ძლიერ პარტნიორობას მოითხოვს, მაგრამ მგონი რთული მაშინ არის სპექტაკლი, როდესაც ემოციურად არის დატვირთული როლი და ამის უნარი აქვს მოცეკვავეს, რომ მაყურებელს მიაწოდოს.

1lasha1

– გაქვთ საოცნებო როლი?

– კი ბატონო, მაქვს და არაერთი, რა თქმა უნდა. მაგალითად, სპარტაკი, ბალეტიდან “სპარტაკი”, ივანე მრისხანე და ასე შემდეგ, ზოგიერთს მალე შევასრულებ ახალ სეზონზე, რაც ძალიან მიხარია, თუნდაც ევგენი ონეგინი.

– რომელმა სპექტაკლმა შეცვალა თქვენი ცხოვრება?

– ძნელია გითხრათ, რომელმა სპექტაკლმა შეცვალა ჩემი ცხოვრება, მგონი ეს იყო ბალეტი “ბაიადერა”, იმიტომ რომ ჩემი პირველი (საპრემიერო) სპექტაკლი იყო ბოსტონ ბალეტში და ასევე საოცნებო სპექტაკლი. ამ სპექტაკლით დავიწყე ჩემი მოღვაწეობა ბოსტონის დასში და ალბათ განსაკუთრებულია ჩემთვის.

– ხომ არ გაქვთ რაიმე რიტუალი, რომელსაც ყოველთვის ასრულებთ სცენაზე გასვლის წინ?

– მაინცდამაინც რიტუალი არ მაქვს, ალბათ უფრო მოუთმენლობა მაქვს, როდის გავალ სცენაზე და რაღაცას ვჭამ სულ.

– რაშია თქვენი წარმატების საიდუმლო?

– ჩემი წარმატება ჩემი საქმისა და ოჯახის სიყვარულში მდგომარეობს და, რა თქმა უნდა, მონდომებაში, ერთგულებაში და მგონი, ცოტაოდენ ფანატიზმშიც კი.

– რას ურჩევდით იმ ახალგაზრდებს, ვინც საბალეტო სფეროში ახლა იწყებს თავის დამკვიდრებას?

– ალბათ ვურჩევ იმას, რომ სანამ პატარები, ახალგაზრდები არიან, არ დაიშურონ ძალ-ღონე და ოფლის ღვრა იმისთვის, რომ მიაღწიონ იმას, რაც აქვთ ჩაფიქრებული, ანუ გახდნენ დიდი მოცეკვავეები.

– როდის ჩამოდიხართ საქართველოში?

– ყოველთვის სურვილი მაქვს იმისა, რომ შეძლებისდაგვარად ხშირად ჩამოვიდე საქართველოში და მივიღო მონაწილეობა ჩემს ქართულ დასთან (მეგობრებთან) ერთად სხვადასხვა სპექტაკლებში. სამწუხაროდ, ეს იშვიათად ხორციელდება დროის გამო, ძალიან მძიმე გრაფიკი მაქვს აქ ბოსტონში, მაგრამ მე ყოველთვის თანახმა ვარ წარვდგე ჩემი მაყურებლის წინაშე.

– როგორც წესი, სპექტაკლები და გასტროლები წინასწარ არის გაწერილი, როგორია თქვენი უახლოესი გეგმები?

– უკვე ვიცი შემდეგი წლის გეგმები და სპექტაკლები რაც უნდა ვიცეკვოთ, მაგრამ ვერ ჩამოგითვლით ეხლა, იმიტომ რომ ძალიან დიდი რაოდენობით არის. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ძალიან ბევრ ახალ და საპრემიერო სპექტაკლებში მიწევს მონაწილეობის მიღება, რასაც მოუთმენლად ველი.