3 ივლისი, 2015

კინოსტუდიაში უნიკალური კოსტიუმები ნადგურდება

1kostiumebiხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს, სადაც კინოსტუდიაში არსებული უნიკალური კოსტიუმებია ასახული. კოსტიუმები, რომელიც სხვადასხვა ცნობილი ფილმისთვის არის შექმნილი, უმძიმეს მდგომარეობაშია.

გიორგი კალანდია:

“რამდენიმე წლის წინ ,როცა ვთქვი, რომ კინოსტუდიას სჯობდა კოსტუმები ჩვენი მუზეუმისთვის გადმოეცა, ისეთი ამბავი მოაწყეს, მეგონა მეორედ მოსვლა დაიწყო! გაუბედურებული და განადგურებული აფიშები ელდარ შენგელაიამ ჩვენს მუზეუმში რომ მოიტანა, ჩვენ კი მათ რესტავრაცია რომ გაუკეთეთ და შესაფერისად შევინახეთ, ამისათვის ის ლამის ჯვარს აცვეს! კულტურის სამინისტრო ის უწყებაა, სადაც ამ საგანძურის ფასი კარგად ესმით, უვლიან და პატრონობენ (ჩვენი მუზეუმი ამის კარგი მაგალითია) ამიტომ ასეთ ნივთებს დარგის სპეციალისტები უნდა კურირებდნენ! ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩემმა ერთმა ახლობელმა დღეს გამოქვეყნა კინოსტუდიაში არსებული კოსტუმების “დაცულობის” პირობები და დღევანდელი მდგომარეობა!

შეიძლება ითქვას რომ ისინი უკვე აღარ არსებობენ! ეს დღევანდელი ან გუშინდელი შედეგი არაა! ეს წლებია ხდება, ნამდვილად გული მწყდება, რომ ეს კოლექცია ასე ისპობა, ჩვენ მზად ვართ ჩვენი სპეციალისტების დახმარებით ავარჩიოთ და სამუზეუმო სივრცეში გადავიტანოთ ის, რისი შველა კიდევ შეიძლება! მთავარია მიგვიშვან, ეს ჩვენ პროფესიული მოვალეობაცაა!

თუმცა რამდენიმე დღის წინ ერთი “ყოვლად პატიოსანი გვამი” მიმტკიცებდა, რომ ის ამ კოლექციას მომავალში, ახლად შექმნილ კინოს მუზეუმში გამოფენდა! სანამ ახალ კინოს მუზეუმს შექმნით და ააშენებთ, მეგობრებო, მანამდე ამის შველის უფლება და საშუალება მოგვეცით! თორემ ავი ძაღლის ამბავს დაემსგავსება ეს ისტორია! მე კინოსტუდიის ახალი ხელმძღვანელობის დიდი იმედი მაქვს! იმედი მაქვს ეკონომიკის სამინისტროს მესვეურებისაც, ვის ბალანსზეცაა ეს კოლექცია! ჩვენ კი ჩვენს რესტავრატორებთან, ჩვენი სამინისტროს საუკეთესო სპეციალისტებთან ერთად მზად ვართ იმას მივხედოთ, რისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შეიძლება!”

1kostiumebi2

1kostiumebi1