20 ივლისი, 2015

ხელოვნების სასახლეში უნიკალურ ნახატებს გამოფენენ

1xelovnebis sasaxხელოვნების სასახლეში ისტორიულად მნიშვნელოვანი გამოფენა გაიხსნება. “გერმანელი მხატვრები კავკასიაში” – ასეთია ექსპოზიციის სახელწოდება, სადაც წარმოდგენილი იქნება XIX საუკუნის გერმანელი მხატვრების ფრიდრიხ ფრიშის, ფრანც კრიუგერის, პაულ და ჰელენ ფონ ფრანკენების ტილოები. მათი ნამუშევრები კავკასიის ბევრი ქალაქისა თუ სოფლის პეიზაჟებს გადმოგვცემენ.

ამ ხელოვანთა ნამუშევრები მხატვრულ ღირებულებასთან ერთად, ძალზე მნიშვნელოვან ისტორიულ დოკუმენტებს წარმოადგენენ, რამდენადაც XIX საუკუნის საქართველოს და აქ განვითარებულ მრავალ მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენასა თუ პიროვნებას ასახავენ.

ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს მრავალწლიანი ისტორია აქვს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი მოღვაწეობა XIX საუკუნის საქართველოში. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული თბილისის კულტურულ ცხოვრებაში, რამაც ხელი შეუწყო გარკვეული ევროპული ღირებულებების შემოტანასა და დამკვიდრებას საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.

გამოფენა ხელოვნების სასახლეში სექტემბრამდე გაგრძელდება.