Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ხელოვნების სასახლე – ზღაპრული სიყვარულის სიმბოლო

14 ივლისი, 2015

1xelovnebis sasaxკარგარეთელის ქუჩაზე დგას უნიკალური შენობა, რომელშიც კინოს, თეატრის, მუსიკის, ქორეოგრაფიის და სხვა უნიკალური ექსპონატები ინახება. ხელოვნების სასახლეს დაარსების საინტერესო ისტორია აქვს, რომელიც “არტინფოს” ხელოვნებათმცოდნემ და საექსპოზიციო განყოფილების ხელმძღვანელმა ლელო ჭიჭინაძემ უამბო.

ლელო ჭიჭინაძე:

– ეს შენობა აშენებულია 1895 წელს გერმანელი არქიტექტორის პაულ შტერნის მიერ. XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში თბილისში ევროპელ არქიტექტორთა მიერ საკმაოდ ბევრი ნაგებობა აშენდა. ამ ტერიტორიაზე იყო გერმანელთა კოლონია (ე. წ. თბილისის კოლონია კუკიაზე – ახლ. დავით აღმაშენებელის გამზირზე) კარგარეთელის ქუჩას ადრე ერქვა ბაღის ქუჩა, რადგან აქ იყო გაშენებული ბაღები, მოყავდათ ბოსტნეული, რომლითაც თბილისს ამარაგებდნენ.

– როგორ აღმოჩნდა პრინცი ოლდენბურგი საქართველოში?

– XIX საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოვიდნენ პრინცი კონსტანტინე და მისი ძმა ალექსანდრე ოლდენბურგი. ორივე გენერლები იყვნენ, მათ ძალიან მოეწონათ საქართველო. ალექსანდრეს განსაკუთრებით მოეწონა გაგრა, მაშინ მისი სანაპირო ზოლი უსიერი იყო და იქ გადაწყვიტა კურორტის გაშენება. იმ პერიოდში მოდური იყო ყირიმის კურორტი და ალექსანდერს სურდა ყირიმისთვის გაეწია კონკურენცია. მან მართლაც გააშენა და კეთილმოაწყო კურორტი გაგრა, ჩამოიყვანა რეკრეაციული არქიტექტორები, გააშენა პარკი, ხელოვნური ტბა, ააშენა ულამაზესი შენობები და 1903 წელს გაიხსნა კურორტი გაგრა, რომელმაც მართლაც გაუწია კონკურენცია ყირიმის კურორტს.

რაც შეეხება კონსტანტინეს, ის დასახლდა ქუთაისში და დაიწყო ფრანგული შამპანურის ჩამოსხმა. ალექსანდრესგან განსხვავებით, კონსტანტინე ცოტა ბოჰემური ადამიანი იყო. მაშინ ქუთაისში კულტურული ცხოვრება დუღდა, იმ პერიოდში იქ ჩასული იყო უნგრელი მხატვარი მიხაი ზიჩი, რომელიც მუშაობდა ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციებზე. ერთ-ერთ სალონში, სადაც მიხაი ზიჩი მუშაობდა, კონსტანტინე მისმა მეგობარმა დაპატიჟა, იქ მას მოეწონა ერთ-ერთი პერსონაჟი. ამის შესახებ დოკუმენტური მასალა არ არსებობს, მაგრამ გადმოცემით ვიცით, რომ მიხაი ზიჩის შერჩეული ჰყავდა ლამაზი ქალბატონები და მამაკაცები, მათ ეცვათ განსაკუთრებული კოსტიუმები და ერთ-ერთი პერსონაჟი იყო აგრაფინა ჯაფარიძე, რომელიც მოეწონა კონსტანტინეს. გამოიკითხა მისი ვინაობა და უთხრეს, რომ ის იყო ტარიელ დადიანის მეუღლე, რომელიც იქვე იმყოფებოდა. კონსტანტინე მივიდა ტარიელთან და სთხოვა, ერთი კვირით ეთხოვებინა ცოლი, ის მიდიოდა გაგრაში თავის ძმასთან და ერთი კვირის მერე აგრაფინას დააბრუნებდა. ამ საკითხთან დაკავშირებით, არსებობს ორი ვერსია: პირველი ვერსიით, ტარიელს ვალი ჰქონდა, კონსტანტინემ მას დიდი რაოდენობით ოქრო შესთავაზა, ტარიელი დახარბდა ოქროს და გაატანა აგრაფინა. მეორე ვერსიით კი, აგრაფინა მაინც გაყვებოდა კონსტანტინეს, ტარიელმა თავი არ შეირცხვინა, არანაირი თანხა არ აიღო და გაატანა ცოლი კონსტანტინეს. აგრაფინა ჯაფარიძე ტარიელის მეორე მეუღლე იყო, მისი პირველი მეუღლე გარდაცვლილი იყო, ჰყავდა ოთხი შვილი. არის მოსაზრება, რომ ორი შვილი აგრაფინასგან ჰყავდა, მეორე ვერსიით, შვილები მხოლოდ პირველი მეუღლისგან ჰყავდა.

– პრინცმა დაპირება შეასრულა? დააბრუნა აგრაფინა ერთ კვირაში?

– კონსტანტინემ აგრაფინა არც ერთი კვირის მერე დააბრუნა, არც ორი კვირის მერე და არც სამი კვირის მერე. მას შეუყვარდა აგრაფინა და გადაწყვიტა ცოლად შეერთო. ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ოლდენბურგები იყვნენ რომანოვების ძალიან ახლო ნათესავები, იმდენად ახლობლები, რომ პოლიტიკაშიც ერეოდნენ. არც ოლდენბურგებს და არც რომანოვებს არ უნდოდათ, რომ კოსნტანტინეს აგრაფინა შეერთო, მოგეხსენებათ კონსტანტინე პრინცი იყო და ასეთი ქორწინებები ყოველთვის პოლიტიკური ნიშნით წყდებოდა. იმ პერიოდში მათი ინტერესის სფერო არ იყო საქართველო, მით უმეტეს აგრაფინა იყო გლეხი ჯაფარიძე, მას არ ჰქონდა მზითევი და იყო განათხოვარი. კონსტანტინეს შემოუთვალეს, რომ თუ ის შეირთავდა აგრაფინას, ჩამოერთმეოდა პრინცის წოდება, ქონება, ბავშვებს არ მისცემდნენ გვარს და არც ერთი მეფის კარზე არასოდეს არ იქნებოდნენ მიღებული. შეყვარებულმა პრინცმა უარი თქვა ყველაფერზე და შეირთო აგარფინა. ქუთაისში დღემდე არსებობს გამოთქმა – ,,აგრაფინა კისკისაო, დადიანმა პრინცს მისცაო’’. ისინი ჩამოვიდნენ თბილისში, ამ ტერიტორიაზე, სადაც ახლა ხელოვნების სასახლეა, პრინცმა დიდი სიყვარულის ნიშნად საყვარელ მეუღლეს აუშენა სასახლე. ამ შენობის გვერდით ცხოვრობდა ავსტრიის იმპერატორის ქვეშემვდრომი ფრანც ტიტელი, რომელიც თავისი ქალიშვილისთვის ემილიასთვის აპირებდა სახლის აშენებას, მაგრამ კოსნტანტინეს, შეისყიდა ეს ადგილი და პაულ შტერნმა ააგო ეს სასახლე, რომელსაც სიყვარულის სასახლესაც უწოდებენ. აგრაფინა და კონსტანტინე ბედნიერად ცხოვრობდნენ, შეეძინათ ექვსი შვილი: ალექსანდრა, ეკატერინე, ნიკოლოზი, ალექსი, პეტრე და ნინო. ოლდენბურგებმა ყველა პირობა შეასრულეს, თუმცა ბავშვებს მიანიჭეს გრაფების და გრაფინიების წოდება, გვარი ოლდენბურგი არ მისცეს, ისინი იწოდებოდნენ ზარნეკაუდ, ეს გვარი არ იყო, ეს იყო მათი ერთ-ერთი მამულის ტოპონიმი. ამ სასახლეში ეწყობოდა მეჯლისები, იკრიბებოდა ნაღები საზოგადოება, ტარდებოდა მუსიკალური საღამოები. მიუხედავად ოლდენბურგების და რომანოვების პირობისა, კონსტანტინე დადიოდა მეფის კარზე მეჯლისებზე და შეხვედრებზე ოჯახთან ერთად. პრინცმა ხუთი შვილი გაამგზავრა უცხოეთში სასწავლებლად, საიდანაც აღარ დაბრუნებულან. არსებობს ვერსია, რომ ტარიელის შვილებიც გაუშვეს უცხოეთში, მაგრამ ეს დაზუსტებული არ არის. უმცროსი შვილი ავად იყო, არატრანსპორტაბელური იყო და ის დარჩა მშობლებთან. საუკუნის დასაწყისში კოსნტანტინე შეუძლოდ გახდა და წავიდა ნიცაში სამკურნალოდ. მოულოდნელად კოსნტანტინე გარდაიცვალა, ცოტა ხანში აგრაფინას გარდაეცვალა შვილიც და დედაც. ამასობაში მოხდა რევოლუცია, აქ შემოცვივდნენ ბოლშევიკები, რომლებმაც ყველაფერი დამტვრიეს და გადაყარეს ეზოში (ამ ფაქტზე გვაუწყებს აკაკი ჭანტურია).

– რა ბედი ეწია აგარფინას?

– მის სიკვდილთან დაკავშირებით ორი ვერსია არსებობს. პირველი ვერსიით, ის კოშკში აწამეს და ჩამოახრჩვეს, მეორე ვერსიით, ის აქედან გაიპარა, მაგრამ ვერაფრის წაღება მოახერხა და ქუთაისში სიღარიბეში გარდაიცვალა. ამ კოშკს გრძივი შენობა მოგვიანებით ლავრენტი ბერიამ მიაშენა. მას ჰყავდა ყრუ-მუნჯი და და აქ გახსნილი იყო ყრუ მუნჯთა ინტერნატი. 80-იან წლებში კი აქ გადმოვიდა მუზეუმი, რომელიც 1927 წელს დააარსა დავით არსენიშვილმა. ეს იყო კავკასიაში პირველი სათეატრო მუზეუმი. დავით არსენიშვილი თვითონ ყიდულობდა გარკვეულ ექსპონატებს, მაგრამ მას არ ქონდა შესაძლებლობა, თავისი სახსრებით შეექმნა მუზეუმი, ამიტომ დგამდა სპექატკლებს და გაყიდული ბილეთებიდან შეგროვილი თანხით ყიდულობდა ექსპონატებს. იმდროინდელმა ხელისუფლებამ მას არ შეუწყო ხელი, დიდი მასალა დაუგროვდა და ამის საფუძველზე შეიქმნა ლიტერატურის მუზეუმი.

– როგორ დაარსდა ხელოვნების სასახლე?

– დავით არსენიშვილს არათუ ხელი შეუწყეს, 30-იან წლებში გააძევეს საქართველოდან. ის მიიწვიეს მოსკოვში, სადაც ანდრონიკეს მონასტერში ანდრეი რუბლიოვის მუზეუმის შექმნა შესთავაზეს. ეს მუზეუმი დღემდე მოქმედებს. არსენიშვილი 10 წლის მანძილზე დადიოდა მთელ რუსეთში და აგროვებდა რუბლიოვის ხატებს, შეაგროვა კიდეც დიდი მასალა, გაწმინდა, რესტავრაცია ჩაუტარა და მუზეუმის გახსნის დღეს ის გაათავისუფლეს მუზეუმის დირექტორის თანამდებობიდან. დავითს უთხრეს, რომ უმჯობესი იყო წასულიყო საქართველოში და მიეხედა ქართული ხატებისთვის. დავითი ჩამოვიდა თბილისში, სადაც განაგრძობდა მნიშვნელოვანი სამუზუმო ნივთების შეგროვებას. თავდაპირველად ამ მუზეუმს ერქვა სათეატრო მუზეუმი, შემდეგ დაემატა მუსიკა, მერე კინო და ბოლოს ქორეოგრაფია. მუზეუმს გრძელი სახელი აქვს, ამიტომ როგორც ხელოვნების სასახლეს, ისე მოვიხსენიებთ. ძალიან ძვირფასი ფონდებია ჩვენს მუზეუმში, სრულიად უნიკალური მასალები გვაქვს. რასაც ვფენთ, ზღვაში წვეთია, ჩვენი საგამოფენო სივრცე მეტის საშუალებას არ იძლევა. საბედნიეროდ, ბევრი დამთვალიერებელი გვყავს!

– წელს დავით არსენიშვილის 110 წლის იუბილეა. როგორ აღიშნავთ მას?

– წელს დავით არსენიშვილის 110 წლის იუბილეს შემოდგომაზე აღვნიშნავთ. სამწუხაროა, რომ ასეთი დიდი ადამიანი, როგორიც დავით არსენიშვილია, არ არის სათანადოდ დაფასებული. მას, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე ცხოვრება ჰქონდა, უდიდესი დამსახურება აქვს ქართველი ერის წინაშე. სწორედ მან მოაწყო ასტრახანში ექსპედიციები, გაწმინდა ქართველ მეფეთა საძვალეები, გაუკეთა წარწერები. კომუნისტების პერიოდში, როცა ეკლესიებს ანგრევდნენ და ფრესკებს ათეთრებდნენ, უნდოდათ ანჩისხატის ეკლესის დანგრევა. დავით არსენიშვილი შევიდა და 4-5 თვე დაჰყო ტაძარში. ის იქ ფილტვებით დაავადდა, თუმცა ანჩისხატი აფეთქებას გადაარჩინა. დაავადებული დავით არსენიშვილი საავადმყოფოში მოხვდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც.