1 ივლისი, 2015

იუნესკომ მცხეთასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

1mtsxetaბონში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 39-ე სესია მიმდინარეობს. საქართველოდან მას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ესწრებიან. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის სესიას საქართველოდან ასეთი მაღალი რანგის თანამდებობის პირი პირველად დაესწრო.

მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა მცხეთის ისტორიულ ძეგლებთან დაკავშირებით განსაკუთრებული პროგრესი რეზოლუციით დააფიქსირა. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 39-ე სესიაზე კულტურის მინისტრმა ანგარიში წარადგინა სახელმწიფოს მხრიდან ბოლო პერიოდში მიღწეული პროგრესის შესახებ.

მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის, იკომოსის და კომიტეტის წევრი ქვეყნების მიერ უაღრესად პოზიტიურად შეფასდა ქვეყნის მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის მიმართულებით განხორციელებული თანმიმდევრული პოლიტიკა, რის შედეგადაც კომიტეტის რეზოლუციაში მკაფიოდ აღინიშნა, რომ 2016 წელს, მომდევნო სესიაზე, კომიტეტი გარანტირებულად განიხილავს საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან მცხეთის ისტორიული ძეგლების ამოღების საკითხს.