1 ივლისი, 2015

ინგა ფერაძე სოლოკონცერტს გამართავს

1inga-feradzeხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საქართველოში ცნობილი მომღერალი ინგა ფერაძე დაბრუნდა. ის 3 ივლისს თუმანიშვილის თეატრში ალბომის პრეზენტაციას და სოლო კონცერტს გამართავს.

კონცერტში მონაწილეობენ მოსკოვში მოღვაწე ქართველი პიანისტი ნიკა ნიკვაშვილი და სიმფონიური ორკესტრის მცირე შემადგენლობა. საღამოზე ნიკა ნიკვაშვილის ინტერპრეტაციით შესრულდება ძველი, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ჰიტები.

ინგა ფერაძემ აქტიური შემოქმედებითი მოღვაწეობა 70-იან წლებში დაიწყო, მღეროდა ანსამბლში „ორერა“, რომლის სახელსაც უკავშირდება მომღერლის ექვსთვიანი, წარმატებული გასტროლები ავსტრალიაში. 4 წლის განმავლობაში ის ანსამბლის „დიელო“ უცვლელი სოლისტი იყო. ატარებდა წარმატებულ კონცერტებს, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

მომღერლის შემოქმედებითი საქმიანობის შემდეგი პერიოდი უკავშირდება ცნობილ ჯაზმენს იგორ ბრილს. სწორედ მასთან მუშაობის პერიოდში ინგა ფერაძე აღიარეს ჯაზის საუკეთესო შემსრულებელად და შეიყვანეს წიგნში „საბჭოთა ჯაზი“. ჯაზის საუკეთესო ქალი-შემსრულებლის რანგში მას მიღებული აქვს ლაურეატის წოდება ბალტიისპირეთის ქვეყნების ფესტივალებზე.

2001 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ინგა ფერაძე გაემგზავრა ბელგიაში, საიდანაც 2015 წელს დაბრუნდა.