Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გურამ თიკანაძის ფოტოები სვანეთის მუზეუმში გამოიფინება

28 ივლისი, 2015

1guram-tikabadze29 ივლისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში გურამ თიკანაძის ფოტოგამოფენა გაიხსნება.

ცნობილი ქართველი ფოტოგრაფის შემოქმედებაში მთის სერიას ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. იგი ფოტოგრაფიით ჯერ კიდევ სკოლის მოწაფეობის, ხოლო ალპინიზმით სტუდენტობის დროს დაინტერესდა. წლების განმავლობაში იკვლევდა საქართველოს მღვიმეებს, თუმცა საერთაშორისო აღიარება მას სწორედ ფოტოგრაფიამ და ალპინიზმმა მოუტანა. გურამ თიკანაძის მიერ დატოვებული ფოტომემკვიდრეობა 15 ათასზე მეტ ნეგატივს ითვლის. ამჯერად გამოფენაზე წარმოდგენილია მისი ოჯახის არქივში დაცული 40 ნამუშევარი, რომელიც გურამ თიკანაძის თვალით დანახულ მთასა და სვანეთს წარმოგვიდგენს.

გურამ თიკანაძეს ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის საქართველოში ფერადი ფოტოგრაფიისა და ფოტოჟურნალისტიკის დარგის განვითარებაში. იგი იყო ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ლიტერატურულ-მხატვრული ჟურნალის „დროშა“ ფოტოკორესპონდენტი და თანამშრომლობდა პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიის, იტალიისა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გამომცემლობებთან. გურამ თიკანაძეს მონაწილეობა აქვს მიღებული იტალიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიაში, ბელგიაში, უნგრეთსა თუ ჰონგ-კონგში გამართულ გამოფენებსა და კონკურსებში. არანაკლებ შთამბეჭდავია მისი, როგორც მთამსვლელის კარიერა.

სვანეთის მუზეუმში გურამ თიკანაძის ფოტოგამოფენის გახსნასთან ერთად, მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი და მედიათეკაც გაიხსნება.

მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრის მიზანი რეგიონის მოსახლეობისა და ჩამოსული სტუმრებისათვის ქართული კულტურის ძეგლების, ხელოვნების, მეცნიერების გაცნობა და პოპულარიზაციაა. პროგრამები ითვალისწინებს ექსკურსიებს მუზეუმში, შემეცნებით თამაშებს, ლექცია-საუბრებს, შეხვედრებს მეცნიერებთან, გამოჩენილ ადამიანებთან, საზოგადო მოღვაწეებთან, ფილმის ჩვენებებს, თეატრალურ წარმოდგენებს. მუზეუმი მრავალფეროვან შემეცნებით პროგრამებს სთავაზობს ოჯახებს, 3-დან 17 წლამდე სტუმრებსა და ზრდასრულ დამთვალიერებლებს. პროგრამები აგრეთვე განკუთვნილია სვანეთში არსებული საზაფხულო სკოლების, სპორტ-სკოლებისა და ბანაკების მონაწილეთათვის. მესტიის მუნიციპალიტეტის დახმარებით მოხდება ბავშვების ჩამოყვანა მაღალმთიანი სოფლების სკოლებიდან. დაგეგმილია ასევე მუზეუმის გარეთ მოქმედი პროგრამები, როგორიცაა მოძრავი საგანმანათლებლო გამოფენები და საველე ექსკურსიები, რომელთა მიზანია ისტორიის, ფლორის, ფაუნის, ეკოლოგიის, კულტურული მემკვიდრეობის და სხვა საკითხებისადმი ინტერესის გაღრმავება. გარდა ზოგადი ცოდნის მიღებისა, სამუზეუმო სწავლება ხელს უწყობს მოზარდებში ისეთი შემოქმედებითი უნარების განვითარებას, როგორიცაა ყურადღების კონცენტრაცია და წარმოსახვა, დამოუკიდებლად მსჯელობის, კრიტიკული აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარები. ჩვენი მიზანია, მუზეუმი ახალგაზრდებისთვის იყოს სიხარულისა და შთაგონების ადგილი, მათში აღვივებდეს ინტერესსა და შემოქმედებითობას, ამასთანავე ეხმარებოდეს მათ სამყაროს აღქმასა და შემეცნებაში. მედიათეკა წარმოადგენს თანამედროვე ინტერაქტიულ სივრცეს, სადაც ვიზიტორი გაეცნობა უახლეს ლიტერატურასა და ისარგებლებს უფასო ინტერნეტით.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის სვანეთის მუზეუმის მედიათეკის სამკითხველო დარბაზი 200–ზე მეტი წიგნით შეივსო. კვლევითი ინსტიტუტებისა და ქართველი გამომცემლების მიერ გადმოცემული წიგნები განკუთვნილია სხვადასხვა ინტერესისა და ასაკობრივი კატეგორიის მკითხველისთვის, რაც ხელსშეუწყობს მთიანი რეგიონის მოსახლეობის უახლესი ლიტერატურის ხელმისაწვდომობას. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი გაწეული დახმარებისათვის მადლობას უხდის გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას და გამომცემლობებს.