5 ივლისი, 2015

გოდერძი ჯანელიძე – კიდევ ერთი ქართველი დიდ თეატრში

1goderzi1ახალგაზრდა ქართველმა საოპერო მომღერალმა გოდერძი ჯანელიძემ მოსკოვის დიდ თეატრში გამართულ მოსმენაზე წარმატება მოიპოვა და თეატრის ხელმძღვანელობის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გახდა.

ანსამბლ “რუსთავის” მომღერალი ამბობს, რომ ანზორ ერქომაიშვილთან და მის მომღერლებთან საუკეთესო წლები და მოგონებები აკავშირებს, თუმცა მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. დიდ თეატრში გამარჯვებიდან რამდენიმე დღეში, ქართველ მომღერალს გერმანიიდანაც დაუკავშირდნენ და საერთაშორისო კონკურსზე მიიწვიეს.

გოდერძი ჯანელიძე:

– როგორც ყველა თეატრმა, ასევე მოსკოვის დიდმა თეატრმა გამოაცხადა მოსმენა. ჩემს მაესტროსთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, დავრეგისტრირდი და გადავწყვიტე, მიმეღო მონაწილეობა მოსმენებში, რომლის პირველი ტური თბილისში ჩატარდა, შემდგომი ტურები კი მოსკოვში. 3 საკმაოდ რთული ტურის გავლის შემდეგ, ამირჩიეს და გავხდი მოსკოვის დიდი თეატრის ახალგაზრდული შემადგენლობის სოლისტი.

– რას ელით დიდი თეატრისგან და არის თუ არა უკვე კონკრეტული შემოთავაზებები?

– პირველ რიგში, მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე სიმღერა უდიდესი სიამოვნებაა და აგრეთვე ძალიან დიდი გამოცდილება. რაც შეეხება შემოთავაზებას, საუბარია რამოდენიმე პარტიაზე და უფრო კონკრეტულად ჩასვლის შემდეგ იქნება ცნობილი.

– ვიცით რომ ანსამბლ “რუსთავში” მღეროდით. ისევ აგრძელებთ იქ მოღვაწეობას თუ დაასრულეთ კარიერა?

– ანსამბლ “რუსთავში” გავატარე საუკეთესო წლები, ჩავწერეთ და აღვადგინეთ 360-ზე მეტი სიმღერა, მოვიარეთ თითქმის მთელი მსოფლიო და შევიძინე უამრავი მეგობარი. რაც შეეხება ბატონ ანზორ ერქომაიშვილს, გაცნობის დღიდან დღემდე ძალიან მგულშემატკივრობს და მეხმარება.

– “რუსთავში” ქართული ფოლკლორის შესრულება გიწევდათ, ახლა მსოფლიო კლასიკას ასრულებთ. რა მსგავსება და განსხვავებაა მათ შორის?

– როდესაც ხალხურ სიმღერას ვასრულებდი, ამას ბუნებვრივად ვახერხებდი, როგორც ალბათ ყველა ქართველი და რაც შეეხება კლასიკას, რადიკალურად განსხვავებულია და ამის განხილვა და ახსნა ცოტა რთულია. ალბათ რეგლამენტში ვერ ჩავეტევი, ამიტომ შემდეგი ინტერვიუსთვის გადავდოთ.

– რა არის თქვენი მიზანი?

– რაც შეეხება მიზანს, ალბათ ყველა მომღერლის მიზანია, ჰქონდეს წარმატებული კარიერა და თავისი სიმღერით სიამოვნება მიანიჭოს მსმენელს და თავის თავს.

– ყველაზე ხშირად რომელ არიას ღიღინებთ?

– კონკრეტულად არაფერს. ალბათ ცოტ-ცოტას ყველაფერს, გააჩნია განწყობას და ხასიათს.

– თქვენს წარმოსახვაში მამაკაცის რომელი საოპერო პარტიაა ყველაზე აგრესიული და პირიქით, ყველაზე მშვიდი?

– ალბათ ბანისთვის ყველაზე მშვიდი პარტიაა მოცარტის ჯადოსნური ფლეიტიდან ზარასტროს პარტია და აგრესიული კი ალბათ ბოიტოს მეფისტოფელი.

– საყვარელ ადამიანს სიყვარულს რომელი არიით აუხსნიდით?

– ელვის პრესლის ”filling in love”.

– როდის შეგიძლიათ თქვათ, “მე ეს გამომივიდა და მიზანს მივაღწიე”?

– ეს უკვე ბევრჯერ მითქვამს და მიზანი ბევრი შეიძლება დაისახოს ადამიანმა, ოღონდ რეალურთან ახლოს უნდა იყოს და შესაძლებელი.

– თუ გაქვთ იდეა, რითაც კლასიკურ მუსიკას უფრო მეტად გაუკეთებდით პოპულარიზაციას საქართველოში?

– ამაზე ჯერ არ მიფიქრია. ალბათ ნელ-ნელა, კარიერის შემდეგ ამაზეც დავფიქრდები.

– და ბოლოს, იმ კონკურსზეც გვიამბეთ, გერმანიაში რომ გეპატიჟებიან.

– რაც შეეხება გერმანიაში დაგეგმილ კონკურსს, ძალიან რეიტინგული და მაღალი დონის კონკურსია, სადაც მომღერალი ფასდება როგორც სიმღერაში, ასევე მსახიობურ ნიჭში, სცენურობაში, ერთი სიტყვით, შედეგის მისაღწევად საჭიროა ყველაფერში მაქსიმალური შედეგის ჩვენება. დანარჩენს კონკურსის შემდეგ უფრო თამამად გიამბობთ.