28 ივლისი, 2015

გოდერძი ჩოხელი: რატომ ტირის ადამიანი?

1choxeliiმიუხედავად იმისა, რომ გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებები წლების წინ არის შექმნილი, ისინი დღესაც არ კარგავს აქტუალობას. მისი საოცარი სევდით გაჯერებული ლექსები თუ მოთხრობები, იმდენ სიმართლეს ატარებს, მისი გაგება ბევრისთვის ერთი წაკითხვით შეუძლებელია.

“არტინფო” გთავაზობთ გოდერძი ჩოხელის კიდევ ერთ ნაწარმოებს “რატომ ტირის ადამიანი?”

– რა გატირებს?
– რაღაც გამახსენდა……
– მაინც?
– აი, ახლა ორმა კაცმა ჩამოიარა და რატომღაც გამახსენდა, რომ ამ კაცებმა, ოდესღაც, ზუსტად აქ ჩამოიარეს……
– მერე, რა გატირებს?
– ხშირად მემართება ესეთი რაღაცები. ხშირად ვაკეთებ რაღაცას და რატომღაც მგონია, რომ ოდესღაც ეს უკვე იყო……
– ეგ მეც მემართება, რა არის მანდ სატირალი?
– რა და, მეშინია, როდესმე კიდევ ასე რომ განმეორდეს ჩემი ცხოვრება…
– გინდა შენზე მოთხრობა დავწერო?
– არ მინდა…
– რატომ?
– შენს მოთხრობებში ყოველთვის კვდებიან…
– მერე შენ ამის გეშინია?
– შენ არ გეშინია?!
– რისი უნდა მეშინოდეს?!
– დასასრულის…
– დასასრული არ არსებობს…
– როგორ თუ არ არსებობს?!
– რაიმეს დასასრულში ყოველთვის დასაწყისი დგას… ყოველი არსი თვითონ ეძებს თავის დასასრულს. ესაა მიზანი… მაგრამ, ხომ გითხარი, დასასრული არ არსებობს მეთქი…
– მაშ, რატომ ტირიან ადამიანები?
– ეშინიათ და იმიტომ…
– რისი ეშინიათ?
– დასაწყისის… ვისაც არ ეშინია დასაწყისის, ის არც ტირის…
– მაგრამ სხვა როცა ტირის სხვის სიკვდილს?
– თავის თავი ჰყავს მის ადგილას წარმოდგენილი. მკვდარი არ ტირის იმიტომ, რომ სიკვდილი უკვე დასაწყისია…
– იქნებ მაგიტომ არ ტირიან?!
– მაშ, რატომ?
– შეიძლება სხვაგნიდან ვართ მოსული და რაკი ვეღარ წავედით ტირილითაც იმიტომ ვტირით, აქ რომ ვრჩებით…
– ეგ რამ გაფიქრებინა?
– ეკლესიებმა… ხედავ, როგორ არის ზოგი აშენებული?! ცაში ასაფრენად გამზადებულ რაკეტას ჰგავს. ჩვენ შიგნით შევდივართ და ვლოცულობთ. რატომ? იქნებ ისევ ცაში ამაღლება გვინდა და რომ არაფერი გამოგვდის და მიწას ვაბარებთ ერთმანეთს, ვტირით…
– შენ ხომ თქვი, რომ შენში რაღაცები მეორდება. რატომ არ განმეორდა ციდან აქ მოსვლა?
– შეიძლება ოდესმე ისიც განმეორდეს…
– და თუ განმეორდა, მაინც იტირებ?
– არ ვიცი. მე საერთოდ არ ვიცი რატომ ტირის ადამიანი…
– იმიტომ, რომ თავისუფლება უნდა…
– მერე აღარ იტირებს?
– არა. თავისუფალ კაცს დასაწყისის არ ეშინია.
– დაწერე რა…
– რა?
– მოთხრობა დაწერე ჩემზე…
– შენც რომ შემომაკვდე ბოლოს?
– არა. იცი, როგორ დაწერე?
– როგორ?
– ვიცხოვრე დედამიწაზე, დიდხანს ვიცხოვრე, დაახლოებით ას წელს…
– მერე?
– ამ ასი წლის განმავლობაში ხშირად ისეთ რაღაცებს ვაკეთებდი, რაც ოდესღაც გაკეთებული მქონდა…
– მერე?
– ერთ დღეს, ციდან ოქროსფერი ხომალდი მოფრინდა. მე გამახსენდა, რომ ამ ხომალდს უნდა წავეყვანე. ჩავჯექი და წავედი ცაში. დაწერ?

– დავწერე.…