17 ივლისი, 2015

,,გამოუვალი მდგომარეობის’’ კონცერტი გაუქმებულია

1gamouvaliჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობა” ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, მათი დაგეგმილი კონცერტი გაუქმებულია. ღონისძიება, რომელიც 18 ივლისს ქუთაისში უნდა ჩატარებულიყო, აღარ შედგება:

“მოგეხსენებათ, რომ 18 ივლისის ქუთაისის კონცერტი იყო “რუსთავი 2”-ის მიერ ორგანიზებული და მასში “გამოუვალი მდგომარეობის” გარდა იქს ფაქტორის და კომედი შოუს წევრებიც იღებდნენ მონაწილეობას. სამწუხაროდ, ჩვენთვის და თქვენთვის დღეს დილით გახდა ცნობილი, რომ ქუთაისის მერიამ არ მისცა ორგანიზატორებს კონცერტის ჩატარების ნებართვა. დიდ ბოდიშს ვიხდით, რომ ვერ ჩამოვალთ და თქვენთან ერთად ვერ ვიქნებით. იმედია, ეს პრობლემა მოგვარებადია და უახლოეს მომავალში შევხვდებით.”

ქუთაისის მერიამ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს ქალაქში კონცერტის ჩატარების უფლება არ მისცა. ანალოგიური კონცერტი უკვე გაიმართა გორში, რომელსაც ათასობით ადამიანი დაესწრო. კონცერტის ანონსი ერთი კვირის განმავლობაში ტელე-ეთერში გადიოდა და ღონისძიება ქუთაისის ვიცე-მერთან ნოდარ მიქიაშვილთანაც იყო შეთანხმებული. თუმცა, ქუთაისის მერიამ ბოლო წუთებში გადაწყვეტილება შეცვალა და კონცერტის ორგანიზატორებს წერილი გაუგზავნა, სადაც უარის მიზეზები განმარტა:

“მოგახსენებთ, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილსა და მიმდებარე ქუჩების მონაკვეთბზე ინტენსიურად მიმდინარეობს ქუჩის შეკეთებითი და მოპირკეთებითი სამუშაოები, ასევე ცენტრალურ მოედნამდე მისასვლელი ზოგიერთი ქუჩის მონაკვეთებზე დაწყებულია მოსახლეობის სასმელი წყლისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის მასშტაბური პროექტების მშენებლობა. ყოველივე ამის გამო, საგზაო მოძრაობის ნაკადი ძირითადად გადის ცენტრალური მოედნის გავლით, რითაც უზრუნველყოფილია ქალაქის მოსახლეობის ავტობუსებითა და სამარშრუტო მიკროავტობუსებით გადაადგილება. ამდენად, ამ ეტაპზე დაიტვირთოს ცენტრალური მოედანი სხვადასხვა ღონისძიებებისა და კონცერტების გასამართად და ამისათვის ჩაიკეტოს ქალაქის ეს პერიმეტრი მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია.”