26 ივლისი, 2015

გალაკტიონ ტაბიძე – პოეზიის მეფე უმძიმესი ცხოვრებით

1galaktionnგალაკტიონი – ამ სახელის წარმოთქმა უკვე საკმარისია, რომ ყველა ქართველის გონებაში პოეზიის მეფე, გალაკტიონ ტაბიძე ამოტივტივდეს. მიუხედავად მისი გენიალურობისა, ის მთელი ცხოვრების განმავლობაში სულიერად მარტო იყო. ამაზე მისი დაუსრულებელი ლექსიც მეტყველებს:

“უპირველესი მომანიჭეს დაფნა მეფეთა,
იმ დღეს მოვიდა თეთრი თოვლი და მარტოობა.
გავაღე კარი, თეთრი თოვლი შემომეფეთა
მივხურე კარი, მარტოობამ დაისადგურა.”

“არტინფო” გალაკტიონის ცხოვრების საინტერესო ეტაპებს გთავაზობთ.

***

გალაკტიონი შავგვრემანი, მაღალი, ჯანიანი, ღონიერი და მოუვლელი კაცი იყო. ბევრჯერ უნახავთ წინდებზე გამოხეული ქუსლით, ხორცი რომ მოუჩანდა. ერთგან წერს “დღეს მოვკემსე წინდები, ასე რომ, ბედნიერი კაცი ვარ, წინდები მაქვს”. წვერმოშვებული დადიოდა. ის ბოჰემური ცხოვრებით ცხოვრობდა. ახალგაზრდობაში ძალიან ლამაზი კაცი იყო. საოცრად მორიდებული და, ამავე დროს, ძალიან ეჭვიანიც. ის ყოველთვის ფიქრობდა, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა, ყველგან ჩასაფრებას ხედავდა. გალაკტიონს არ შეეძლო, ჩვეულებრივი ყოველდღიურობით ეცხოვრა, ის მუზების ქვეყანაში ცხოვრობდა. ელემენტარულად ბაზარში წასვლა და სანოვაგის ყიდვაც კი არ შეეძლო. გალაკტიონს დიდ ბავშვს ეძახდნენ. ის სხვანაირი ადამიანი იყო, ამას განსაკუთრებით კარგად ხედავდა დედამისი, მაკრინე ადეიშვილი. 2 ვაჟი ჰყავდა მაკრინეს, უფროსი აბესალომი და უმცროსი გალაკტიონი. მამა პოეტის დაბადებამდე გარდაიცვალა, ასე რომ, სტრიქონები “მოხუცი მამა, მოხუცი მამა სასხლავით ხელში დადის ვენახში” მხოლოდ ფანტაზიაა, რადგან გალაკტიონი მამას არ მოსწრებია.

***

გალაკტიონი უცნაური ბავშვი იყო. ერთხელ პატარა პოეტი დედამისს მარტო დაუტოვებია ოთახში და როდესაც მაკრინე ოთახში დაბრუნებულა, დაუნახავს, როგორ კოცნიდა გალაკტიონი ფანჯრის ჭრილში შემოპარულ მზის სხივს. გაკვირვებულ დედამისს ხმამაღლა უთქვამს: “რას შვრები, გატუნია?” გალაკტიონს შერცხვენია და დედის კალთაში ატირებულა. ასეთი უცნაური პიროვნება იყო ის ბავშვობიდან. ამიტომაც დედა წერილებში მუდამ ასე სწერდა: “ჩემო ფიქრებიდან მოუშორებელო, სხვადასხვანაირად სადარდებელო შვილო.” აბესალომს კი სწერს: “შენ გაბარებ გალაკტიონს, ხომ იცი, რა ძნელი მოსავლელია. ხალხში ნუ გაუბრაზდები, მარტო რომ იქნება, მაშინ დატუქსე, თორემ მეშინია, რამე არ აუტეხოს თავს.”

***

პოეტი თბილისში ხშირად იდგა ხიდის თავში, რომელსაც ახლა მისი სახელი ჰქვია და აღტაცებული უყურებდა მყინვარწვერს. ის მხოლოდ კარგ ამინდში ჩანდა. მეგობრებსაც ხშირად აჩერებდა ამ ადგილას, გაახედებდა მყინვარწვერისკენ და ეუბნებოდა: “შეხედე, ძამიკო, შეხედე. რა არის იმ ადამიანის სიცოცხლე, რომელიც ამ სილამაზეს ვერ ხედავს”. ის ამაში გულისხმობდა იმ მგზავრებს, რომლებიც გადადიოდნენ ხიდზე და ვერც კი ამჩნევდნენ მყინვარწვერის სილამაზეს.
ახვლედიანის ქუჩაზე ერთ-ერთ სახლს ამშვენებდა დაფა “ამ სახლში ცხოვრობდა მელიტონ ბალანჩივაძე”. სწორედ ამ სახლს ეძახდა გალაკტიონი ეკლესიას, რადგან სახლს ნამდვილად ეკლესიის ფორმა ჰქონდა და ფანჯრებთან ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი ეკლესიის სარკმლის ფორმები. პოეტი ამბობდა, რომ ამ ეკლესიამ დააწერინა ლექსი “დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ”… გალაკტიონის მტკიცებით, ადრე მეძავებს ასეთი წესი ჰქონიათ: დილით ადრე მიდიოდნენ ეკლესიაში და ღამის ცოდვებს ინანიებდნენ. გალაკტიონიც შესწრებია ერთი მეძავის მხურვალე ლოცვას და ამის შემდეგ დაუწერია ეს ლექსი.

***

გალაკტიონის პირველი ფერწერული ტილო 1912 წელს მხატვარმა გრიგოლ მეხსმა შექმნა. გალაკტიონის პოეზიაში პესიმისტური განწყობის არსებობის გამო, მხატვარმა პოეტი ქუთაისის სასაფლაოს ფონზე დახატა. ნახატში გალაკტიონს გრიგოლის პლაში აცვია, რადგან თვითონ ძალიან გახუნებული პალტო სცმია და ნახატი რომ კარგი გამოსულიყო, მხატვარს ასე გადაუწყვეტია.

***

ერთხელ გალაკტიონს უნივერსიტეტში შეხვედრა მოუწყეს. სპეციალურად ამ დღისთვის სტუდენტებმა კედლის გაზეთები დაამზადეს. საღამოზე გალაკტიონი საკუთარი “პობედით” მივიდა. ახალგაზრდები ძალიან უყვარდა. ყველას შუბლზე კოცნიდა, ვინც კი ლექსს მიუძღვნიდა. საღამოს დამთავრების შემდეგ კედლის გაზეთები მოითხოვა, სახლში გამატანეთო. ერთხელ გალაკტიონს სკოლაში მოსწავლეებმა შეხვედრა მოუწყეს. პოეტი ძალიან გახარებული იყო და ერთ-ერთ მეგობარს უამბო: “იცი ძამიკო, დღეს სკოლაში შეხვედრა მომიწყვეს. იცით რა კარგი ბავშვები იყვნენ? მაგრამ ერთი რამ არ მომეწონა. ერთმა ბავშვმა თქვა, გალაკტიონი პესიმისტი მწერალიაო. ძამიკო, ვარ ახლა მე პესიმისტი მწერალი? იმ ბავშვმა მაგალითად ლექსი “მე და ღამე” მოიყვანა. ეგ რა პესიმისტური ლექსია? ხომ იცით, ძამიკო, როგორ დავწერე მე ეგ ლექსი?” და მას უამბო, რომ იატაკქვეშა ორგანიზაციის წევრი იყო. ამ ორგანიზაციის წევრებმა ყარეს კენჭი და მას მოუწია წასვლა ციხესთან, საიდანაც ტუსაღის გადმოგდებული წერილი უნდა წამოეღო. როდესაც წერილი გადმოუგდია ტუსაღს და გალაკტიონს წაუკითხავს, იქ ეწერა: “შემოგვაწოდეთ იარაღი.” გზაში რომ ვინმეს არ წაერთმია და არ წაეკითხა ეს წერილი, ავდექი და შევჭამეო, დაუსრულებია თხრობა გალაკტიონს. მეგობარი გვიან მიხვდა, რომ გალაკტიონი ატყუებდა. პოეტი ასეთ რამეებს იმიტომ იგონებდა, რომ როგორმე თავი გადაერჩინა იმ რეპრესიებისაგან, რომლებმაც შეიწირა მისი რევოლუციონერი მეუღლე ოლია ოკუჯავა.

***

 გალაკტიონ ტაბიძემ და ოლია ოკუჯავამ ერთმანეთი 1912 წელს ქუთაისში გაიცნეს. მათი გაცნობა სრულიად შემთხვევით მოხდა. გალაკტიონი და მისი ბიძაშვილი ტიციანი ქუჩაში მიდიოდნენ, ოლია კი მარტო მიდიოდა. ოლია მათ გაცნობას ასე აღწერს: ქუჩაში მოვდიოდი, გალაკტიონი და ტიციან ტაბიძე ერთად მოდიოდნენ, გალაკტიონი რომ დავინახე, მივხვდი, რომ ცხოვრება ტანჯვად გადაქცეოდა. ამ პერიოდში ოლია ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელში სწავლობდა. ამ სასწავლებელთან ახლოს იყო ტიციანისა და გალაკტიონის სასწავლებელი – კლასიკური გიმნაზიაც. ოლია თავის ჩანაწერებში წერდა: სულ ვხედავდი, როგორ დადიოდა თავისი შარფით განმარტოვებული. ის სხვებს სრულიად არ გავდა, თუნდაც თავის ბიძაშვილს.

იმავე წელს წელს გაიცნო გალაკტიონმა მერი შერვაშიძეც, ისიც ქუჩაში მიმავალი დაინახა. მისმა ნახვამ პოეტში საოცარი შინაგანი მუხტის დატრიალება გამოიწვია, რაც მის შემოქმედებაზეც აისახა. გალაკტიონს და მერის არ ჰქონიათ ურთიერთობა. მერი შერვაშიძე სულ სხვა ცხოვრების ქალი იყო. ის, თავისი გარეგნობის გამო, ბავშვობიდანვე პოპულარული გახლდათ. მისი გარეგნობა ყველა პარამეტრში ჯდება. ის დღესაც ლამაზ ქალად არის მიჩნეული. გადმოცემის თანახმად, გურიის, თუ არ ვცდები, სოფელ შემოქმედში ერთ–ერთმა მხატვარმა, როდესაც მარიამ ღვთისმშობელს ხატავდა, ღვთისმშობლის სახედ მერი შერვაშიძის სახე დახატა. როდესაც გალაკტიონმა გაიცნო, მერი უკვე ძალიან პოპულარული გახლდათ. მერის მამამ, პროკოფი შერვაშიძემ, რომელიც ოფიცერი იყო და მეფის კარზე მსახურობდა, მერი სანკტ–პეტერბურგში წაიყვანა. რუსეთის იმპერატორის დედას, მარია ფედორევნას ისე მოეწონა, რომ ფრეილინად აიყვანა და თავის ამალაში ჩარიცხა. ეს არ იყო უბრალო საქმე. იმპერატორის დედის ამალაში ყოველთვის იყვნენ ლამაზი, განათლებული და დახვეწილი მანერების ქალბატონები. მაგრამ მერი შერვაშიძემ თავად არ ისურვა ეს პატივი და მამასთან ერთად სამშობლოში დაბრუნება არჩია. გალაკტიონ ტაბიძეს უყვარდა მერი, მაგრამ ეს სიყვარული ოლია ოკუჯავას სიყვარულმა გადასძლია. გალაკტიონისთვის მერი გაერთიანებული იყო მშვენიერებასთან, რომანტიზმთან და ღვთისმშობლის სახესთან. 1912 წლიდან დაიწყო მერიზე ლექსების წერა, მაგრამ როდესაც მისი და ოლია ოკუჯავას შეუღლება გადაწყდა, მან 1915 წელს დაწერა მერისთან გამოსათხოვარი ლექსი “მერი”. იმ დროს მერი გათხოვილი არ იყო, მაგრამ პოეტმა თავად გადაწყვიტა, ამ ქალთან განშორება და დამშვიდობება.

როცა მის ცხოვრებაში ეს ორი საბედისწერო ქალი გამოჩნდა, ორივემ განსაკუთრებული და თავისებური სიახლე შეიტანა მის პოეზიაში. 1914 წელს მან თავისი პირველი ლექსების კრებული გამოსცა, რომელსაც თავად უწოდებდა “მწუხარე წიგნს”. ეს კრებული რადიკალურად განსხვავდება მისი მეორე კრებულისგან “არტისტული ყვავილები”, რომელიც 1919 წელს გამოიცა. 1914 წელს კრებულის გამოსაცემად გალაკტიონს სჭირდებოდა ხელმოწერები. მაშინ ასეთი წესი იყო, როდესაც ახალი პოეტის ან მწერლის წიგნი გამოდიოდა, საჭირო იყო რამოდენიმე ადამიანის სარეკომენდაციო ხელმოწერა, მაგრამ პოეტმა ეს ხელმოწერები ვერ შეაგროვა, რის გამოც ძალიან წუხდა. მხოლოდ ორი წლის შემდეგ მოახერხა ამ ხელმოწერების შეგროვება, ამიტომაც 1914 წელს გამოიცა მისი პირველი ლექსების კრებული.

***

პოეტის მეუღლე ოლია ოკუჯავა გაგიჟებით იყო შეყვარებული მასზე. ოლია და გალაკტიონი ხელმოწერილები არ იყვნენ. ოლიას კარგი განათლება ჰქონდა მიღებული. ძალიან ბევრჯერ ყოფილა, როცა ოლიას მისთვის საჭმელი მიუტანია და გალაკტიონს კარი არ გაუღია. ოლიას წერილებს არ პასუხობდა. მაგრამ ის ინახავდა ოლიას ნაქონ პატარა ბილეთსაც კი. გალაკტიონი არ ლაპარაკობდა მეუღლეზე, ეს მისთვის ჩაკეტილი სივრცე იყო, რომელშიც არავის უშვებდა. ოლიასა და გალაკტიონს პირველად დამალული რომანი ჰქონდათ. ოლიას ოჯახს ყველა კარგად იცნობდა, რადგან ოლიას ძმები ძალიან იყვნენ ჩართულები იმდროინდელ პოლიტიკაში. ოლიას მამა, სტეფანე ოკუჯავა, წინააღმდეგი იყო, რადგან მიაჩნდა, რომ რომანტიკოსი პოეტი ოჯახის მოვლას ვერ შეძლებდა. ეჭვი ეპარებოდა მის ყოფით ცხოვრებაში. ამიტომ, როგორც კი ოლიამ წმინდა ნინოს სასწავლებელი დაამთავრა, ჭიათურის სკოლაში გადაიყვანა მასწავლებლად. გალაკტიონი ჩუმად ჩადიოდა იქ და ნახულობდა ოლიას. ბოლოს სტეფანე იძულებული გახდა, დათანხმებულიყო მათ ქორწინებას. 1916 წელს ოლიამ და გალაკტიონმა ჯვარი დაიწერეს. ამ დროისთვის ოლიას ძმები მოსკოვში ცხოვრობდნენ და ახალდაქორწინებულებიც მოსკოვში გაემგზავრნენ. გალაკტიონს ძალიან უნდოდა, სწავლა გაეგრძელებინა, მაგრამ ვერ მოახერხა, ოლიამ კი სამსახურიც მალე იშოვა და უმაღლეს პოლიტიკურ კურსებზეც ჩაირიცხა. გალაკტიონი იძულებული იყო, ქუთაისში ჩამოსულიყო. მათ შორის დაიწყო მიწერ–მოწერა. წერილებში აშკარად ჩანს მუდმივი მონატრება, განშორებით გამოწვეული ტკივილი. ამ ტკივილს ისიც დაერთო, რომ ოლია ორჯერ გადაასახლეს, ამან გარკვეული კვალი დაამჩნია პოეტს. ოლია ნამდვილი რევოლუციონერი ქალი იყო, მაუზერით, ტყავის ჩექმებითა და წითელლენტაგაკეთებული დადიოდა. მაგრამ ეს ყველაფერი ხელს არ უშლიდა მეუღლის სიყვარულში. მას მეუღლე მთელი სინაზით უყვარდა. გალაკტიონი სიცოცხლის ბოლომდე ინახავდა მის წერილებს, მეორედ რომ გადაასახლეს, მის შემეცნებაში რაღაცა მოხდა და პასუხების მიწერა შეწყვიტა. ოლიას ამანათებს პოეტის მეორე ცოლი ოლგა დარიუსი უგზავნიდა. მასთან ოფიციალური ქორწინება არ ჰქონია, მაგრამ თავად ცოლს უწოდებდა. ის ჯერ პოეტის ეკონომისტი იყო და გალაკტიონის სახელით ბანაკში ამანათებს უგზავნიდა. ოლია ძალიან განიცდიდა იმ ფაქტს, რომ გალაკტიონი წერილებს აღარ წერდა. ქალი ეჭვიანობდა და წერდა: აღარ გიყვარვარ? დამივიწყე? ოლია რომ დახვრიტეს, ტაბიძემ მესამე ცოლი შეირთო ნინო კვირიკაძე, გენერალ ებანოიძის ქვრივი, რომელსაც პირველი მეუღლისგან ქალ–ვაჟი ჰყავდა. გალაკტიონს ძალიან უყვარდა თავისი გერები და გერებსაც უყვარდათ გალაკტიონი.

***

ერთხელ გალაკტიონ ტაბიძე და კონსტანტინე გამსახურდია ერთმანეთს შეხვდნენ. გალაკტიონმა რომ დაინახა მწერალი, სასწრაფოდ წამოდგა და ხელი ჩამოართვა. კონსტანტინემ ხელი ზვიადად ჩამოართვა და მოიკითხა. გალაკტიონმა მისი ასეთი საქციელი არ შეიმჩნია და ჰკითხა: “გახსოვს, კოწო, ძამიკო, ქუთაისში, ტყეში რომ ვიმალებოდით მე და შენ?” მათ გარდა არავინ იცის, რა გაახსენა პოეტმა გამსახურდიას, მაგრამ კონსტანტინეს სახეზე დაემჩნა, რომ არ ესიამოვნა, უბრალოდ უპასუხა: “მახსოვს, გალაკტიონ, მახსოვს” და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა.

***

ამბობენ, რომ გალაკტიონს სამჯერ ჰქონდა თავის მოკვლის მცდელობა. პირველად, როცა თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, კარბონმჟავა დალია. საბედნიეროდ, დოზა ცოტა მოუვიდა და გადარჩა. მეორედ გამომცემლობაში. გალაკტიონს სურდა, გამოეცა რვატომეულის მერვე ტომი, სადაც უნდოდა დაებეჭდა თავისი პოემა “მშვიდობის წიგნი”, რომელსაც თვითონ ძალიან აფასებდა. პოემა მოცულობით დიდი იყო, ქაღალდი ბევრი სჭირდებოდა და ამის გამო უარი უთხრეს. მან თხოვნით მიმართა გამომცემლობის არაერთ ხელმძღვანელ პირს, დაებეჭდათ ეს პოემა, მაგრამ უარი მიღო. საბოლოოდ შევიდა სამმართველოს უფროსთან, ბორის ნანიტაშვილთან, მაგრამ მანაც უარი უთხრა. სწორედ მაშინ გააღო კარი, რომელიც შენობის აივანზე გადიოდა. ეს ყველაფერი გამომცემლობის მეოთხე სართულზე მოხდა. ბორის ნანიტაშვილი მიხვდა, რაშიც იყო საქმე და ყვირილი ატეხა, ამ ხმაზე ალბათ გამოფხიზლდა გალაკტიონიც და შემობრუნდა ოთახში. ხმამაღლა წამოიძახა: “არა, არა, აქ არა, ეს წმინდა ადგილია” და სწრაფად დაეშვა კიბეზე. მესამე მცდელობა კი მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

***

იმ დროს ლეჩკომბინატს ეძახდნენ საავადმყოფოს, სადაც მკურნალობდნენ პოეტებს, მხატვრებს, პარტიულ მუშაკებს. გალაკტიონს ჰქონდა დალევის საშინელი ჩვევა. როცა შეატყობდა, რომ ვერ გაუმკლავდებოდა დალევის ჟინს, თვითონ ითხოვდა, დაეწვინათ ლეჩკომბინატში. სწორედ ასეთი შემოტევისას გალაკტიონი მისმა ძმისშვილმა ნოდარმა მიიყვანა საავადმყოფოში, თვითონ სამსახურში ეჩქარებოდა და დიდხანს ვერ გაჩერდა. სწორედ იმ დღეებში გარდაიცვალა შალვა დადიანი და დამკრძალავი კომისიის წარმომადგენლები, კონსტანტინე გამსახურდია და ირაკლი აბაშიძე იყვნენ ლეჩკომბინატში მისულები. გალაკტიონი საავადმყოფოს დერეფნის კუთხეში იჯდა და ელოდა, როდის გაასვენებდნენ შალვა დადიანს, რომ მისთვისაც მოეცალათ. ამ დროს შენობაში შემოვიდნენ კონსტანტინე გამსახურდია და ირაკლი აბაშიძე. გალაკტიონი ფეხზე წამოდგა და მიეგება მათ. ირაკლიმ ხელი ჩამოართვა და მოიკითხა, გამსახურდიამ კი ხელიც არ ჩამოართვა და სასწრაფოდ გასცილდა პოეტს. წლების შემდეგ გამსახურდია “მნათობის” ერთ-ერთ ნომერში დაწერა: “მე დიდი შეცდომა მომივიდა, როცა გალაკტიონს ხელი არ ჩამოვართვი. მე შემეშინდა, არ დავეყოვნებინე”. გალაკტიონმა, რა თქმა უნდა, ძალიან განიცადა კონსტანტინეს საქციელი. როდესაც მისთვისაც მოიცალეს, იგი ერთ-ერთ პალატაში მოათავსეს, სადაც სამი საწოლი იდგა. აქედან ორი ავადმყოფებს ჰქონდათ დაკავებული, ხოლო ერთს მათი მომვლელები, ნათესავები ინაწილებდნენ. როცა გაიგეს, რომ გალაკტიონი მათ პალატაში უნდა მოეთავსებინათ, ატეხეს ჩხუბი, “ამ საწოლზე ჩვენ ვწევართ, ეს რომ აქ დაწვეს, ჩვენ სადღა წავიდეთო”. გალაკტიონმა სასწრაფოდ დააგდო თავისი ბლოკნოტი საწოლზე და გაეცალა სიტუაციას, ავიდა მეოთხე სართულზე და შეუჩერებლად დადიოდა დერეფანში მთელი 4-5 საათის განმავლობაში. როცა ეკითხებოდნენ, “ბატონო გალაკტიონ, რამე ხომ არ გჭირდებათ? ცუდად ხომ არ ხართო?” ის ჩვეულებრივ პასუხობდა “არა, ძამიკო, არაფერი მინდა.” თურმე ელოდებოდა ერთი ექიმის გამოსვლას, რომელიც ოთახში იჯდა და ავადმყოფების ისტორიებს წერდა. როცა გამოვიდა ეს ექიმი, გალაკტიონი შევიდა ოთახში, აიღო სკამი, გამოაღო ფანჯარა და მეოთხე სართულიდან გადახტა. ექსპერტიზის დასკვნით, მას უამრავი მოტეხილობა და შინაგანი ორგანოების დაზიანება აღენიშნებოდა.

***

გალაკტიონის ცხოვრებისა და შემოქმედების მკვლევართა აზრით, პოეტი შეეწირა იმ საზოგადოებრივ ცხოვრებას, რომელიც მის გარშემო ტრიალებდა. მას სხვანაირი მოვლა და მოპყრობა სჭირდებოდა. მის მიმართ კი ხშირ შემთხვევაში შური და მტრული განწყობა იყო. 1937 წელს ერთ-ერთმა ცნობილმა პოეტმა თქვა: “გალაკტიონი ნაციონალისტი მწერალია და მას თავისი ადგილი უნდა მივუჩინოთ”. ამ დროს გალაკტიონი შიმშილობდა, მას მოგონებებში აქვს ნათქვამი: “რას არ გაგაკეთებინებს შიმშილი, დღეს მეკუბოვეებთან ერთად ვისადილე”, “ზამთარი მოვიდა და პალტო არ მაქვს, იქნებ გამომიყოთ პალტო, რომ ზამთარში ჩავიცვა”, “ტრამვაის ფული, 30 კაპიკიც კი არ მაქვს, რომ მწერალთა კავშირში წავიდე და ვინმეს ფული ვესეხო, რადგან სამი დღეა, საჭმელი არ მიჭამია.” ის ბიბლიოთეკაში შედიოდა, რათა გამთბარიყო. როგორც შემდეგ იხსენებს, “წიგნს ვკითხულობდი და ვცდილობდი, საჭმელზე არ მეფიქრა”. მისი ცხოვრება უმძიმესი იყო – ცოლი დაუხვრიტეს, მისი შურდათ, მტრობდნენ, ნაციონალისტობა დასწამეს, რადგან საკუთარი ქვეყანა უყვარდა. გალაკტიონი ძალიან ეჭვიანი ადამიანი იყო. ყველგან მტერს ხედავდა. როგორც მერე აღმოჩნდა, არცთუ უსაფუძვლოდ. როცა გაიხსნა არქივები, არაერთი ცნობილი პოეტის სახელი და გვარი იყო დაფიქსირებული, რომლებიც დასმენებში იყვნენ გარეულნი. პოეზიის მეფეს საკმაოდ მძიმე ცხოვრება ჰქონდა, რაც მისი სიცოცხლის დასასრულზეც აისახა.

***

გალაკტიონს აქვს ასეთი სტრიქონები “გამაქროლებენ ლურჯა ცხენები, ჩემს სამარეში ჩავესვენები.” მისი დაკრძალვაც ასე იყო წარმოდგენილი, მაგრამ ყველაფერი სულ სხვაგვარად მოხდა – გასვენებაში მივიდა გასაცოდავებული სამტონიანი მანქანა, რომელსაც კაბინაზე შავი მატერია ჰქონდა გადაკრული. დაასვენეს გალაკტიონი ამ მანქანაზე, პროცესიაში მონაწილეებს მისცეს წითელი ატლასის ლენტები შავი არშიით. მთაწმინდის ასასვლელი ჩაკეტილი იყო და შიგნით მხოლოდ იმ ადამიანებს უშვებდნენ, ვისაც წითელი ლენტი ეკეთა. კაპელამ სამგლოვიარო სიმღერა შეასრულა, გალაკტიონი მაშინვე მანქანაზე დაასვენეს, ხელით თითქმის არ უტარებიათ. პოეტი უკანასკნელ გზაზე ძალიან ბევრმა ხალხმა გააცილა, მიუხედავად იმისა, რომ გაზეთებში ბევრი სამგლოვიარო განცხადება არ დაბეჭდილა.