17 ივლისი, 2015

ელისო ბოლქვაძე გაბალას ფესტივალზე დაუკრავს

1ELISSOმსოფლიოში ცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე დაუკრავს, რომელიც აზერბაიჯანში გაიმართება.

გაბალას ფესტივალი წელს მეშვიდედ ჩატარდება და ის ჰეიდარ ალიევის ფონდის ორგანიზებით მოეწყობა. ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილია კლასიკური მუსიკის კონცერტები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები ესპანეთიდან, რუსეთიდან, შვეიცარიიდან, უკრაინიდან, იტალიიდან, ისრაელიდან, ინგლისიდან, ავსტრიიდან, ამერიკიდან, ინგლისიდან და, რა თქმა უნდა, საქართველოდან. ჩვენს ქვეყანას გაბალას საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე პიანისტი ელისო ბოლქვაძე წარადგენს.

ელისო ბოლქვაძე მსმენელისთვის ბეთჰოვენის საფორტეპიანო კონცერტს შეასრულებს ორკესტრთან ერთად, რომელსაც რაუფ აბდულაევი უხელმძღვანელებს.

ფესტივალი 25 ივლისს გაიხსნება და პირველ აგვისტომდე გასტანს. ფესტივალის გარდა, ჩატარდება პიანისტთა კონკურსიც, სადაც მონაწილეთა ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს. მონაწილეები თავისუფლები არიან საკონკურსო ნაწარმოებების შერჩევაშიც. ნიჭიერ პიანისტთა გამოსავლენად კონკურსი 28-30 ივლისს ჩატარდება და მასში მონაწილეებს შეაფასებს საერთაშორისო ჟიური მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსების შემადგენლობით. პირველი ადგილის მფლობელისთვის დაწესებულია ფულადი პრიზი 5 ათასი ევრო, მეორე ადგილის მფლობელისთვის 3 ათასი ევრო, ხოლო მესამე ადგილის მფლობელისთვის 2 ათასი ევრო.