8 ივლისი, 2015

,,ბაბუს მევალე’’ მანჰეტენის კინოფესტივალის გამარჯვებულია

1beqa-sixarulidzeრეჟისორ ბექა სიხარულიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ბაბუს მევალე” საერთაშორისო კინოფესტივალების ტრიუმფატორია. კალიფორნიის საერთაშორისო კინოფესტივალზე გამარჯვების შემდეგ, ქართველი რეჟისორის ნამუშევარი მანჰეტენის კინოფესტივალის გამარჯვებულადაც დასახელდა. მან ჯილდო საუკეთესო საერთაშორისო ფილმისთვის აიღო. როგორც რეჟისორი ამბობს, ფილმმა შვიდ სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმარჯვა.

ფილმი ბექამ მამის, გივი სიხარულიძის ნოველის მიხედვით გადაიღო. მისი თქმით, მწერალი გადაღებების პროცესში არ ჩარეულა. ბექას დიდი სურვილია, საკუთარ ფილმებში მამა ათამაშოს. ამჟამად ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარზე მუშაობს, რომლის გადაღებებიც დეკემბერში დაიწყება. მოხვდება თუ არა რეჟისორის ახალ ფილმში გივი სიხარულიძე, ჯერჯერობით უცნობია.

ბექა სიხარულიძე:

– 19 წელია ამერიკაში ვცხოვრობ, კერძოდ, ლოს ანჯელესში. მსახიობიც ვარ და რეჟისორიც. 10 ფილმში მაქვს მონაწილეობა მიღებული, ხოლო გასულ წელს თავად გადავიღე პირველი ფილმი “ბაბუს მევალე”. ეს არის მოკლემეტრაჟიანი, სატირული ჟანრის ფილმი, რომელიც მამაჩემის ნოველის მიხედვით არის შექმნილი. მან უკვე 7-ჯერ მოიპოვა გამარჯვება საერთაშორისო კინოფესტივალებზე და მსოფლიო სატელევიზიო არხმა “Euro Channel”-მა ფილმი შეიძინა ორწლიანი ჩვენების უფლებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

– რატომ მოგინდათ გივი სიხარულიძის ნაწარმოების ფილმად ქცევა?

– პირველ რიგში, ვთვლი რომ იგი არის ერთ-ერთი უნიჭიერესი მწერალი, ნოველისტი. გარდა ამისა, მინდოდა მისი შემოქმედება კიდევ უფრო ახლოს გამეცნო საზოგადოებისთვის.

– გივი სიხარულიძე გადაღებების პროცესში ერეოდა?

– გადაღების პროცესში არ ერეოდა. მხოლოდ პირველ დღეს იყო მოსული და საკმაოდ ნერვიულობდა.

– აპირებთ თქვენს მომავალ ფილმებში გივი სიხარულიძის გადაღებას?

– ჩემი დიდ სურვილია, რომ გადავიღო საკუთარ ფილმებში.

– რა იციან თქვენს გარშემო მყოფმა უცხოელებმა საქართველოზე?

– ჩემს გარშემო მყოფმა ადამიანებმა უკვე საკმაოდ ბევრი იციან საქართველოზე და ქვეყნის ტრადიციებზე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გულსატკენია, რომ საქართველოში ბევრი უძველესი ტრადიცია ნელ-ნელა იკარგება. ვისურვებდი, რომ უცხო ქვეყნებისგან ავიღოთ ყველაფერი მხოლოდ დადებითი, რაც კიდევ უფრო გაგვაძლიერებს.

– აპირებთ საქართველოში დაბრუნებას?

– რასაკვირველია, ეს არის ჩემი სამშობლო და მის გარეშე ვერ ვიცხოვრებ.

– რთულია ამერიკაში რიგითი ქართველისთვის თავის დამკვიდრება?

– რა თქმა უნდა, მითუმეტეს ჩემთვის, ჩემი სახელი ბექა, ინგლისურად ქალის სახელია, ხოლო ჩემი გვარის გამოთქმა 90%-ს უბრალოდ არ შეუძლია და ვარ ისეთი ქვეყნიდან, რომელიც ნაკლებად ცნობილია, ამასთანავე ძალიან ტრადიციული ადამიანი ვარ, რაც ბევრისათვის გაუგებარი და მიუღებელია.

– ახალ ფილმზე მუშაობთ?

– ამჟამად ვმუშაობ სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარზე, ხოლო დეკემბრის თვეში ვგეგმავ გადაღებას.