20 ივლისი, 2015

„არსენალის მთა ღამით“ ეროვნულ გალერეაში გამოიფინება

1nikoნიკო ფიროსმანაშვილის ცნობილი ნამუშევარი „არსენალის მთა ღამით“, რომელიც 2015 წლის პირველ ივნისს მეცენატმა ბიძინა ივანიშვილმა Christy’s-ის აუქციონზე შეიძინა, მფლობელის გადაწყვეტილებით, საჩუქრად საქართველოს გადაეცა.

21 ივლისიდან, მთელი კვირის განმავლობაში, ეროვნულ გალერეაში შესვლა თავისუფალი იქნება და ნამუშევრის ნახვის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ექნება.

დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ შედევრი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ფერწერის ფონდში ჩაირიცხა, რომელშიც ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების ყველაზე დიდი კოლექციაა დაცული.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, თავდაპირველად „არსენალის მთა ღამით” დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ნიკო ფიროსმანის სხვა ნამუშევრების გვერდით გამოიფინება.

ეს სურათი თბილისში ერთადერთხელ, 1919 წელს, ამავე საექსპოზიციო სივრცეში ქართველი მხატვრების დიდ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. 96 წლის შემდეგ ის კვლავ ქვეყანას დაუბრუნდა.