სამხედრო თვითმფრინავების უდიდესი გამომგონებლის ალექსანდრე ქართველის (ქართველიშვილის) დიზაინით შექმნილი თვითმფრინავების მაკეტები საჯაროდ გამოიფინება. ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ესკიზები, ფოტოები და მულტიმედიური პროექცია. გამოფენა ასახავს ქართველის ცხოვრებასა და მის უდიდეს წვლილს სამხედრო ავიაციაში.
ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილი გამოფენა 8 ივლისს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიხსნება.
სამხედრო თვითმფრინავების უდიდესი გამომგონებლი 20 წლის ასაკში დედასთან ერთად გაექცა საბჭოთა ეპოქის არეულობასა და ზეწოლას. ის გაემგზავრა ემიგრაციაში ბავშვობისდროინდელი ოცნების ასრულებისა და თვითმფრინავების დიზაინის შემუშავების მიზნით. პარიზში, საავიაციო სკოლაში სწავლისას ქართველის თვითმფრინავმა დაამყარა მსოფლიო რეკორდი სიჩქარეში. პარიზის საავიაციო წრეებში კარგი რეპუტაციის მქონემ გაიცნო ამერიკელი მეწარმე ჩარლზ ლევინი და მის საავიაციო კომპანიაში სამუშაოდ ამერიკაში გადავიდა.
ქართველის ცხოვრება და მოღვაწეობა დღემდე შთააგონებს იმ მეწარმეებსა თუ გამომგონებლებს, რომლებიც რისკის შემცველ ბიზნესში მოღვაწეობენ. ქართველის მიერ შემუშავებულ თვითმფრინავის მოდელებს შორის არის: P-47 (ინტენსიურად გამოიყენებოდა აშშ-ს სამხედო ავიაციის მიერ მეორე მსოფლიო ომში), F-84 (გამოიყენებოდა კორეის ომსა და ნატო-ს სამხედრო ძალების მიერ), F-105 და A-10 იგივე “Warthog” რომელიც დღემდე მოქმედ მოდელს წარმოადგენს. ალექსანდრე ქართველმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კოსმოსური ფრენებისსფეროში და წლების განმავლობაში იყო NASA-ს კონსულტანტი.
ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და ალექსანდრე ქართველის ასოციაციის თავმჯდომარე რიჩარდ ევან რუბინი გააფორმებენ თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს 2015 წლის ნოემბერში საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილი გამოფენის ორგანიზებას.