21 ივლისი, 2015

აღმოჩენა გონიოს ციხეში

1gonios-cixeგონიოს ციხეში სამკვირიანი მუშაობის შედეგად მნიშვნელოვანი აღმოჩენა გაკეთდა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, გიონიოს ციხეში ერთ-ერთი კონსტრუქციის იატაკზე, რომლის სავარაუდო ფართობი 100 კვადრატული მეტრი უნდა იყოს, გეომეტრიული მოტივებით შესრულებული მოზაიკა აღმოჩნდა.

სამინისტროს ინფორმაციით, ეს არის რომაელი სამხედროების მიერ თავიანთი საჭიროებისათვის შესრულებული მაღალი დონის მოზაიკური მხატვრობა.

– რომაული კულტურის გავრცელების არეალში მრავალი მოზაიკა აღმოჩნდა, მაგრამ გონიოს ნიმუში განსაკუთრებულია. ესაა რომაელი სამხედროების მიერ თავიანთი საჭიროებისათვის შესრულებული მაღალი დონის მოზაიკური მხატვრობა, რაც იშვიათობაა. ამ პერიოდით დათარიღებული ახალი წელთაღრიცხვით I საუკუნის მეორე ნახევრის მსგავსი ტიპის არქეოლოგიური აღმოჩენა აჭარისთვის პირველია. საქართველოს სხვა მხარეებში მსგავსი ნიმუშები ძალზედ ცოტაა და, როგორც წესი, ადგილობრივი ელიტისთვისაა განკუთვნილი. სავარაუდოდ, ეს აბანო ვესპასიანეს მმართველობის დროსაა აგებული, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიონიოს ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში გრძელდება რომაული ეპოქის ყაზარმის ნაშთების შესწავლა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით, გონიოს ციხეში 27 ივნისიდან მიმდინარეობს ქართულ-პოლონური ერთობლივი ექსპედიციის მეორე სეზონი. ექსპედიციის თანახელმძღვანელებია: აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გონიო-აფსაროსის მუზეუმ ნაკრძალის მმართველი შ. მამულაძე და ვარშავის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე რ. კარასიევიჩ-შჩიპიორსკი.

თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2002 წლიდან დაიწყო, როდესაც პოლონურმა მხარემ გეოდეზიური და გეოფიზიკური სამუშაოები ჩაატარა. არჩეული იქნა ყველაზე პერსპექტიული უბანი, სადაც 2014 წელს ძველი აბანოს ნაშთები დაფიქსირდა.