15 ივლისი, 2015

3 ძირითადი წესი პიანისტებს ედიშერ სავიცკისგან

1edisherცნობილი ქართველი პიანისტი ედიშერ სავიცკი 17 წელია ამერიკაში ცხოვრობს, სადაც ლექსო თორაძის მიწვევით აღმოჩნდა. ის ამჟამად ალაბამის უნივერსიტეტის პროფესორია.

როგორც პიანისტი ამბობს, თავიდანვე კარგი პედაგოგები შეხვდა, რამაც მისი წარმატებული მომავალი განაპირობა.

ედიშერ სავიცკი:

– უკვე მე-17-ე წელია ვცხოვრობ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ბატონი ლექსო თორაძის მოწვევით აღმოვჩნდი. ამჟამად ვარ ალაბამის უნივერსიტეტის პროფესორი. ბავშვობაში დიდ დროს ვუთმობდი სამთო-სათხილამურო სპორტს, ფაქტიურად მთელი ბავშვობა გუდაურში გავატარე. მუსიკის მიმართ ინსტინქტური მიზიდულობა მქონდა, მაგრამ არ მიყვარდა მეცადინეობა და ბევრად მერჩივნა ფეხბურთის თამაში და მეგობრებთან ყოფნა. საკმაოდ ცელქი ვიყავი და მხოლოდ მეორედ თითის მოვიტეხვის შემდეგ (15 წლისამ) დავიწყე წესიერად მეცადიეობა. ფაქტიურად ამ შემთხვევამ დამაფიქრა და მომცა სტიმული, რომ მეტი მემეცადინა. თან საკმაოდ არეული დრო იყო – 90-იანები და მუსიკა ერთგვარი თავშესაფარიც აღმოჩნდა ჩემთვის.

– ვინ არის თქვენთვის მისაბაძი პიროვნება თქვენს პროფესიაში?

– ძალიან გამიმათლა პედაგოგების მხრივ, ათწლედში ქალბატონ მაია ბერიძესთან ვსწავლობდი, შემდეგ ქალბატონ ნანა ხუბუტიასთან კონსერვატორიაში, შემდეგ ბატონ ლექსო თორაძესთან აღმოვჩნდი. ყველანი ძალიან ძვირფასები და სამაგალითონი არიან. უდავოდ მისაბაძნი, თავიანთი ადამიანური თვისებებითაც.

– გვითხარით, თქვენი აზრით, სამი ძირითადი წესი პიანისტისთვის.

– 3 ძირითადი წესი პიანისტისთვის: საკუთარი თავის განვითარების სურვილი, დისციპლინა, უანგარო ერთგულება საქმის მიმართ.

– გაიხსენეთ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი თქვენს ცხოვრებაში.

– ალბათ, როდესაც საშუალება მომეცა ამერიკაში გამეგრძელებინა სწავლა, 1998 წელი იყო.

– ხართ თუ არა პრეტენზიული პიანისტი?

– პრეტენზიული არ ვარ, უბრალოდ საკუთარი თავის ტესტირებას ვახდენ საკმაოდ ხშირად. მაინტერესებს ამა თუ იმ ეტაპზე ჩემი შესაძლებლობის ლიმიტი სად არის.

– რა მოთხოვნები გაქვთ კონცერტის ორგანიზატორებთან?

– ვცდილობ, რომ კონცერტამდე არ მოვხვდე წვეულებაზე ან ვახშამზე, (როგორც წესი დონორებთად და სპონსორებთან) ან ინტერვიუზე და შეძლებისდაგვარად ვუთანხმდები ორგანიზატორებს, რომ კონცერტის დასრულებას დაელოდონ.

– რა დროს უთმობთ ყოველდღიურად დაკვრას?

– ბოლო დროს სულ უფრო ნაკლები დრო რჩება სამეცადინოდ. თუ მოსწავლემ დააგვიანა მოსვლა იმ დროსაც ვიყენებ. როდესაც კონკურსებისთვის ან განსაკუთრებული კონცერტებისთვის ვემზადებოდით მე და ჩემიმეგობრები, ღამეებსაც ვათენებდით.

– რა არის თქვენი პროგრამა მაქსიმუმი?

– პროგრამა მაქსიმუმი არ არსებობს…ეს არის პროცესი რომელიც არ შეიძლება რომ გაჩერდეს.

– ვინმეს უძღვნით ხოლმე ნაწარმოებებს?

– არა.

– თანამედროვე კომპოზიტორების ნამუშევრების დაკვრა გირჩევნიათ თუ კლასიკოთი კომპოზიტორების?

– ყველანაირი ხარისხიანი მუსიკა მიყვარს და მაინტერესებს.

– თქვენი წარმოსახვით, რომელი კომპოზიტორის ნაწარმოები შეიძლება იყოს შეყვარებულთა “ჰიმნი”?

– ესეთი სენტიმენტი სხვადასხვა ნაწარმოების შესრულების ან მსვლელობის დროს შეიძლება განიცადო. ძალიან პირადულია და ცვალებადი.

– გაბრაზებული ადამიანის შემოსარიგებლად, რომელ ნაწარმოებს დაუკრავდით?

– არცერთს.

– რომელ კომპოზიტორთან გრძნობთ სულიერ სიახლოვეს?

– რთულია ერთი კომპოზიტორის გამოყოფა, რამეთუ დროთა განმავლობაში იცვლება ჩვენი ემოციური ფონი.

– საუბრის დასასრულს მიეცით რჩევები დამწყებ პიანისტებს.

– არ იზარმაცოთ და არ შეგეშინდეთ, რამეთუ თქვენ თვითონ უნდა შექმნათ კომპოზიტორის მიერ ქაღალდზე დაწერილი მუსიკა.

– როდის გეგმავთ საქართველოში ჩამოსვლას?

– საქართველოში იმედი მაქვს, რომ გაზაფხულზე მოვახერხებ კონცერტით ჩამოსვლას.