5 ივლისი, 2015

უცნობი ისტორიები ზურაბ ქაფიანიძეზე

1qafianidzeმსახიობი ზურაბ ქაფიანიძე ქართულ კულტურაში მართლაც რომ გამორჩეული ფიგურაა. თავისი ინდივიდუალიზმით მან მოახერხა და კუთვნილი ადგილი დაიკავა ქართველ მსახიობთა თანავარსკვლავედში.

ზურაბ ქაფიანიძე რაჭის წარმომადგენელი იყო და ამაყობდა იმით, რომ რაჭაში უფლის მიმართ ძალიან სათუთი და წრფელი დამოკიდებულება აქვთ. იგი სიცოცხლის ბოლომდე ჯიუტად ამტკიცებდა, რომ შუმერები იყვნენ ის ადამიანები, ვინც ცივილიზაცია შემოიტანა დედამიწაზე და რომ ქართველები მათი პირდაპირი შთამომავლები ვართ.

“არტინფო” წარმოგიდგენთ ზურაბ ქაფიანიძეს არა როგორც მსახიობს, არამედ როგორც რიგით ადამიანს, უფლის მორჩილსა და ღვთის მოყვარულს.

***

“ჩემი ყველა კვლევა, რომელიც ჯერ კიდევ მეოთხე კლასიდან დავიწყე, მიდის ღმერთამდე. მეოთხე-მერვე კლასიდან უკვე მწამდა. წითელი კვერცხი განსაკუთრებულად მიყვარდა, ბებია მიღებავდა, წითელი პერანგი უნდა მცმოდა. რაც დრო გადის, უფრო ვრწმუნდები, რომ ყველაფერს უფალთან მივყავართ. ჩემთვის აკრძალული არაფერი არასოდეს ყოფილა. სცენაზე პირჯვარი პირველად ფილარმონიაში მე გადავიწერე, ხალხი გაგიჟებული მიყურებდა. ბავშვობიდან დავდიოდი ეკლესიაში. აღდგომა გვქონდა, საფლავზე გავდიოდით, პირჯვარს ვიწერდით, წრეს ვუვლიდით, ლიტანიობა გვქონდა იოანე ნათლისმცემელზე, ჯვარიც მეკეთა, არასოდეს დამიმალავს ჯვარი ყელსახვევის ქვეშ, ყოველთვის გახსნილად მეკეთა. პარტიული არ ვიყავი და არაფერი, რა პრობლემები უნდა მქონოდა. ვიყავი საშინლად დაუმორჩილებელი. უფრო მეტ როლს ვითამაშებდი, სამშობლო რომ არ მყვარებოდა და რელიგიასთან რომ არ ვყოფილიყავი ასე ახლოს.”

***

“რაჭაში ქაფიანიძეებს საგვარეულო სალოცავი გვაქვს. ქაფიანიძეების არის იოანე ნათლისმცემელი. იგი საქართველოში არის სულ თითზე ჩამოსათვლელი. იცით, რა ძლიერია? იოანე ნათლისმცემელი არის ადამიანი, რომელმაც მონათლა ქრისტე. მისი სალოცავი გვაქვს რაჭაში. ზღაპარ ადგილზე დგას. ტაძარი გადავხურეთ, დასჭირდა აღდგენა, საოცარი ტყეა გარშემო, მაგრამ ვარიანტი არ არის, იქ ვინმე შევიდეს, ან შეშა მოჭრას ან რამე წამოიღოს. მამაჩემმა წამოიღო ერთხელ წაქცეული თელა. იმავე ღამეს ესიზმრა, გაიტანეო და მამამ უკან წაიღო ის თელა და დადო თავის ადგილას. იქ ხშირად ჩავდიოდით, ვშლიდით სუფრას, საკურთხს ვაკეთებდით, შესანდობარს ხშირად ვამბობდით. სასულიერო პირი წინაპრებში არ გვყოლია, მაგრამ ჩვენ მაინც დიდი მორწმუნეები ვართ. რაჭაში უფლის მორჩილების ზღაპრული წესებია. იქ დღესაც ბევრი რამ წარმართულია შემორჩენილი. ჩვენ გვაქვს სიმღერა “რა”, რომელიც მზეთამზეს ეძღვნება. მზე ხომ დედაღმერთია? მზე დედაღვთაებაა, მთვარე – მამალი ღვთაება, დიდი ღმერთის მოციქულია, რომელიც შვიდეულებით გვათვლევინებს კვირებს, თვეებს, წელიწადს. მზე არის დედაღვთაება, ის მეოთხე ადგილზეა, ოთხი კი პირველი რიცხვია, რომელიც თავის თავში მრავლდება. თავის თავში ვინ მრავლდება? დედა. რამე გითხარით ისეთი, რომელიც ზუსტი არ არის?”

***

“ბოლო პერიოდში ბევრი ეკლესია შენდება, მრევლი გახშირდა ტაძრებში. ჩემი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ შეიცვალა, თორემ ღმერთის მიმართ როგორც ვიყავი, ისევ ისე ვარ. იცით რას ვგულისხმობ? ზოგიერთების აშენებულ ეკლესიაში ისე გემრიელად ვერ დავიწერ პირჯვარს, როგორც ჩვენი წინაპრების მიერ აშენებულ ტაძარში. არის ტაძრები, რომლებიც არ არის ჩემი რწმენის სამყარო. ჩემი რწმენის სამყაროში შედის სიონი, მის ირგვლივ მდებარე ტაძრები, სვეტიცხოველი, ჯვარი, ლომისა, წარმართული ლაშარის ჯვარი, გორის ჯვარი წარმართული. რაც შეეხება სამებას, იქ ხშირად არ დავდივარ, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენი უწმინდესი იქ სწირავს, მაინც მიწევს სიარული. ჩვენი პატრიარქი უძლიერესი პიროვნებაა. მას ახლოს ვიცნობ და იცით, როგორ გვიყვარს ერთმანეთი? ხშირად უწმინდესს მივყავარ ძალიან მნიშვნელოვან ადგილებში. ჩემი სიტყვა უყვარს ძალიან. როცა რამეს ვამბობ, ჩვენი პატრიარქი გულისყურით მისმენს. ხშირად იმას ვამბობ, რასაც თავად ვერ ამბობს და ვიღაც სხვამ უნდა თქვას. ერთხელ ლაზებთან გვქონდა შეხვედრა და ისეთი სიტყვა ვთქვი, ჩვენმა პატრიარქმა აღარ გამომიშვა, მომკიდა ხელი და გულში ჩამიხუტა.”

***

“ლოცვები ზეპირად არ ვიცი. დილა-საღამოს უფალს ყოველთვის ვეუბნები “დიდება შენ უფალო, ღმერთო, შენ გვიშველე”, სულ ასე ვევედრები. სასულიერო პირებთან ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს. ყველა ღვთისმსახური ჩემი მეგობარია. ის, რომ ესა თუ ის მოძღვარი იყოს ჩემი სულიერი მოძღვარი, ვიმარხულო, აღსარება ჩავაბარო, ასეთი ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ მათ დიდ პატივს ვცემ. როცა დავდგები ჩემს სალოცავთან, ტაძართან, ის არის ჩემი აღსარების ადგილი. შუამავალი ამ საქმეში არ მჭირდება. ის კი ვიცი, რომ გულით უნდა მოვინანიო. თუკი მათზე მეტი ურთიერთობა მაქვს იმ დიდ ღმერთთან და იმ სულიერ სამყაროსთან, რომელიც ვიცი და მათ არ იციან, მაშინ შუამავალი რაში მჭირდება? მარხვა, აღსარება და ზიარება აბსოლუტურად მეცნიერულია, რომელიც ჰქონდათ შუმერებს. ბიბლია შუმერების დაწერილია. სხვათაშორის, ბიბლიას არ ვკითხულობ, იმიტომ რომ ის ბიბლია, რომელიც შუმერებმა დაწერეს, გადაიღეს სემიტებმა, მერე ბაბილონელებმა, მერე ებრაელებმა. ამ გადაღებებში პირველყოფილი ბიბლია დაზიანდა და რამდენჯერმე გადაწერილი მოვიდა ჩვენამდე.”

***

“ღმერთის შემწეობას სულ ვგრძნობ. ერთხელ ღამენათევები მოვდიოდით რაჭიდან. ჩემმა მეგობრებმა გზაში იჩხუბეს მანქანაში, მომიწია საჭესთან დაჯდომა და ჩამეძინა. ვვარდებოდი იმნაირ ადგილზე რიონში, რომ ვარიანტი არ იყო გადარჩენის, მაგრამ შემხვდა მანქანა ისე, ერთი მეტრით მეტი რომ შემოსულიყო, ვკლავდი კაცს, ერთი მეტრით ნაკლები რომ შემოსულიყო, ვვარდებოდი კლდეზე. ასეთი დამთხვევები ჩემს ცხოვრებაში ძალიან ხშირია. უკვე კლდეზე ვცურდებოდი, თავით და ბეჭებით გადავედი და უზარმაზარ ხრამში უნდა გადავჩეხილიყავით, როცა ღმერთმა მომკიდა ხელი და უბედურებას გადამარჩინა.”

***

“მონათლულიც ვარ და ჯვარიც მაქვს დაწერილი. იცით, როდის დავიწერე ჯვარი? როცა ახალგაზრდა ვიყავი, კომუნისტების დროს, ხომ გითხარით, დაუმორჩილებელი ვიყავი და არაფრის მეშინოდა-მეთქი. იცით, რა იყო ბედნიერება? იმისთანა რამეს ვიტყოდი, ვერც პასუხს მცემდნენ, ვერც მეწინააღმდეგებოდნენ და აღარც შემოდავება უნდოდათ. ამიტომ ყველა ერიდებოდა ჩემთან ერთად ყოფნას. რიტუალები აუცილებელია. წირვა-ლოცვას ყოველთვის ვესწრები. მწამს უფლის და მჯერა, რომ არასოდეს მიგვატოვებს. წმინდა წერილების კითხვისას ყველაზე მეტად სულ მახსენდება წარღვნა, პირველად მოსვლა, მეორედ მოსვლა. არ იციან, რომ მეორედ მოსვლა იყო. პირველად მოსვლა იყო 6504 წელს, შემდეგ იყო წარღვნა, მეორედ მოსვლა კი 5604 წელს იყო.”