4 ივლისი, 2015

რატომ დატოვა საქართველო ნიკა ნიკვაშვილმა?

1nikvashvili-nikaპიანისტი ნიკა ნიკვაშვილი 5 წელია რუსეთში ცხოვრობს. როგორც კი შესაძლებლობა მიეცემა საქართველოში ჩამოდის და კონცერტებში იღებს მონაწილეობას. მანანა მენაბდის საქველმოქმედო სოლოკონცერტის შემდეგ, ის მაყურებლის წინაშე ინგა ფერაძის სოლოკონცერტზე წარსდგა.

რა გზა გაიარა პიანისტმა დღემდე, როგორია რუსეთიდან დანახული საქართველო და რა გზავნილს უგზავნის საზოგადოებას ნიკა ნიკვაშვილი, ამაზე ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ნიკა ნიკვაშვილი:

– თბილისის კონსერვატორია დავამთავრე საკომპოზიტორო განხრით (ბიძინა კვერნაძის კლასი) მუსიკალური სასწავლებელი კი საგუნდო სადირიჟორო სპეციალობით, უბრალოდ საზოგადოებამ გამიცნო როგორც პიანისტი. რაც შეეხება ჩემს საფორტეპიანო ისტორიას, ის ჯერ კიდევ 3 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც დაკვრა უფრო ადრე დავიწყე, ვიდრე ლაპარაკი. მელოდიას ერთხელ მოსმენით ვიმახსოვრებდი და შემდეგ სრული სიზუსტით ვიმეორებდი ფორტეპიანოზე. ძალიან კარგად მახოვს გარშემო მყოფი ხალხის გასაოცარი რეაქცია. ამდენად ჩემი პროფესიის არჩევაში “ბრალი” მხოლოდ განგებას მიუძღვის…

– რამდენი ხანია რაც საქართველო დატოვეთ და თუ საიდუმლო არ არის, რა გახდა ამის მიზეზი?

– საქართველო დავტოვე 5 წლის წინ. სწორედ იმ წელს დავამთავრე კონსერვატორია, მინდოდა რაღაც სიახლის შეტანა ცხოვრებაში, გარემოს შეცვლა და ახალი ეტაპის დაწყება. თან მოგეხსენებათ ძალიან რთული იყო და არის საქართველოში ხელოვანი ადამიანისათვის საკუთარი პროფესიით ცხოვრება და თავის უზრუნველყოფა.

– როგორია თქვენი ცხოვრება საქართველოს გარეშე?

– გეოგრაფიულად, რასაკვირველია, ძალიან რთული, მაგრამ სხვა მხრივ ერთი დღე არ მიცხოვრია და არ შემიძლია ცხოვრება საქართველოს გარეშე! პირიქით, აზრით სულ ჩემს ქვეყანაში ვარ, მაქსიმალურად ვადევნებ თვალ-ყურს იმას, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ვისწავლე ცხოვრება ქრონიკული ნოსტალგიის გრძნობით.

– გვიამბეთ თქვენი და მანანა მენაბდის თანამშრომლობაზე. ეს ქალბატონი გამორჩეულია ქართულ კულტურაში და როგორ მოხდა თქვენი შეხვედრა?

– საერთოდ მინდა ვთქვა, ძალიან მადლიერი ვარ ბედისწერის, რომ ცხოვრების გზაზე მუდამ მიგზავნის და მახვედრებს საოცარ ადამიანებს, ადამიანებს, რომლებმაც ჩემს ცხოვრებასა და შემოქმედებაში ძალზე დიდი ადგილი დაიკავეს. მანანა მენაბდე მოსკოვში გავიცანი, ჩვენი საერთო მეგობრების მეშვეობით. ყოველთვის უდიდეს პატივს ვცემდი მას, როგორც უნიჭიერეს ხელოვანს, საოცარი და გამორჩეული ინდივიდუალიზმის მქონე შემოქმედ ადამიანს, მაგრამ უდიდესი სიხარულის განცდა მქონდა, როდესაც გაცნობის შემდეგ მასში საოცრად მზრუნველი და კეთილშობილი ადამიანი დავინახე. ჩვენი შემოქმედებითი კავშირი დიდ მეგობრობაში გადაიზარდა. ბედნიერი და ამაყი ადამიანი ვარ, რადგან შემიძლია ვთქვა, რომ მანანა მენაბდე ჩემი ძალიან ახლო მეგობარია.

– როგორია მოსკოვში მცხოვრები ქართველი ხელოვანების შემოქმედებითი ცხოვრება? ხშირად ახერხებთ ერთად შეკრებას?

– მოსკოვში ძალიან სწრაფი რიტმია ცხოვრების, ხან ისე გადის დღეები და კვირები, რომ უახლოესი მეგობრების მონახულებასაც კი ვერ ასწრებ. ხშირ შემთხვევაში თითქმის ყველას ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს და მათ შორის მეც, მაგრამ მაინც ვახერხებთ რომ ერთმანეთი ვნახოთ, ან ხშირად ხდება ისე, რომ ერთსა და იგივე ღონისძიებაში ვღებულობთ მონაწილეობას, ეს კიდევ დამატებითი საშუალებაა მეგობრების მონახულების.

– თქვენი კლიპის პრეზენტაცია მოსკოვში გრანდიოზულ ღონისძიებად გადაიქცა, სადაც ცნობილი ქართველები შეიკრიბნენ. ასეთი საღამოები ხშირად ეწყობა?

– ეს საღამო ეძღვნებოდა ჩემი კლიპის პრეზენტაცია-კონცერტს, სადაც ჩემი ქართველი და არა მარტო ქართველი კოლეგები წარსდგნენ ჩემთან ერთად მსმენელის წინაშე. კიდევ და კიდევ მინდა გადავუხადო მათ დიდი მადლობა იმ დიდი სიყვარულისათვის, იმ სითბოსთვის, ერთგულებისა და მეგობრობისათვის, რომელიც დამანახეს ამ კონცერტზე. ბევრი დამსახურებული და უნიჭიერესი მუსიკოსი ენაცვლებოდა სცენაზე ერთმანეთს. არ შემიძლია არ აღვნიშნო უნიჭიერესი ალტისტი გიორგი ცაგარელი, რომელიც სპეციალურად ჩამოვიდა ამ საღამოსათვის და საოცარი ემოციები გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში. ასევე ჩემი უახლოესი მეგობარი ჯაბა ქარსელაძე, რომელიც სპეციალურად პარიზიდან ჩამოვიდა, რომ ჩემს გვერდით ყოფილიყო ამ საღამოზე. აგრეთვე მინდა დიდი მადლიობა ვუთხრა მოსკოვში მცხოვრებ ჩემს მეგობარ ოჯახს, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდში დგას და რომ არა მისი მხარდაჭერა, ალბათ მე მარტო ვერაფერს გავხდებოდი…

– თბილისში სოლოკონცერტის გამართვაზე არ გიფიქრიათ?

– ჯერ არ მიფიქრია იმაზე, რასაც სოლოკონცერტი ჰქვია, თორემ ისე ჩემდა საბედნიეროდ, ბევრი საინტერესო მუსიკალური საღამო უკავშირდება ჩემს სახელს და საკმაოდ ხშირადაც მიწევს ამ მიზნით თბილისში ჩამოსვლა.

– ნიკა, როგორია რუსეთიდან დანახული სამშობლო?

– რუსეთიდან დანახული ჩემი სამშობლო არის ულამაზესი მხარე, მზიანი, სიცოცხლით სავსე, მეგობრული, ბარაქიანი, ნიჭიერი ხალხით სავსე, დიდი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანა. თუმცა ხდება ხოლმე ისეც, რომ ეს შეხედულება ხანდახან სარკისებური პრინციპით მჟღავნდება.

– ყველას კარგად ახსოვს თქვენი მწვავე განცხადება კოტე თოლორდავასთან დაკავშირებით. რაში დაგჭირდათ ამ მიმართვის გავრცელება?

– დავიწყებ იქიდან, რომ კოტეს ოჯახი, უპირველეს ყოვლისა მისი მეუღლე განო, რომელიც არის ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, ასევე მანანა, თინა, ჩემთვის არის გამორჩეულად საყვარელი და ახლო ოჯახი. მე ყოველთვის ასეთი ხასიათი მქონდა და, საბედნიეროდ, არც ამჟამად შემცვლია – როდესაც ჩემს ახლობლებს უსამართლოდ ეხებიან, მიმაჩნია რომ ხმა უნდა ამოვიღო და მის დასაცავად სიმართლე უნდა ვთქვა! კოტე მართლაც ბევრმა ადამიანმა გულითადად დაიტირა და ერმა ნამდვილად განიცადა ეს საშინელი ტრაგედია, მაგრამ, სამწუხაროდ, აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც არც ფეხმძიმე განოს გაუწიეს ანგარიში, არც მიცვალებულს სცეს პატივი და რადგან რუსეთში იყო ჩამოსული, გადაწყვიტეს, რომ ის გასართობად იყო და მას არავითარი გადაღება არ ჰქონია, ანუ მიცვალებულს ცილი დასწამეს! მაშინ, როდესაც ეს საშინელი ჭორები გაავრცელეს, ფილმის მთავარმა პროდიუსერმა გვაჩვენა ბოლო კადრები და საკუთარი თვალით ვნახე მართლა რისთვის იყო რუსეთში კოტე ჩამოსული. მითხარით, თქვენ ჩემს ადგილას რეაქცია არ გექნებოდათ?! ამ დროს უნდა გაჩუმდე და არაფერი თქვა ამაზე?! ეს ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება და ამდენად, ყოველთვის ვიტყვი იმას, რაც არის სიმართლე და ვერაფრით შევეგუები უსამართლობას.

– ნიკა ნიკვაშვილისთვის მისაღები საქართველო როგორია?

– ჩემთვის საქართველო ყოველთვის მისაღებია, რადგან ეს არის ჩემი ქვეყანა, ჩემი სამშობლო, უბრალოდ ის თუ როგორი მინდა იყოს, ეს სხვა საკითხია. ეს უკვე ჩემი ოცნებაა, რომ ადამიანების თვალებში მეტი სიხარული დავინახო, რომ ამდენ გაჭირვებულს არ ვხედავდე, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ქვეყანამ ის რესურსი და პოტენციალი, რომელიც მართლაც ულევია, ქვეყნის გამთლიანებაზე, მინდა რომ ერთმანეთს უფრო მეტად ვცემდეთ პატივს და სიცოცხლეში ვისწავლოთ ერთმანეთის დაფასება…

– 13 ივნისის ტრაგედიამ არა მარტო საქართველო, მთელ მსოფლიოში მცხოვრები ქართველები გააერთიანა. ცნობილმა რუსმა ხელოვანებმაც გადაწყვიტეს მხარდაჭერა, რამაც აქაურები გააღიზიანა. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ეს გაღიზიანება?

– მხოლოდ და მხოლოდ იმან, რომ ისინი არიან რუსები…

– არ მინდა პოლიტიკური განცხადებები გააკეთოთ, მაგრამ იქნებ გვითხრათ თქვენი აზრი, უნდა ჩამოდიოდნენ თუ არა ქართველი ხელოვანები რუსეთში და პირიქით?

– იცით რაშია საქმე? მე საერთოდ ვარ მშვიდობის და სიყვარულის მომხრე, ჩემი ნათქვამი არ არის “რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებიაო”, სწორედ ამ პრინციპით ვცდილობ რომ ვიცხოვრო, მიმაჩნია, რომ ხელოვნებას დიდი ძალა აქვს, ის რომ ნანი ბრეგვაძე ხშირად სტუმრობს რუსეთს და თავისი გენიალური შემოქმედებით ასახელებს ჩვენს ერს, ის რომ თამრიკო გვერდწითელი, სოსო პავლიაშვილი საქართველოს სახელით გამოდიან და უდიდეს სიყვარულს უნერგავენ ადამიანებს ჩვენს ქვეყანაზე, ცდილობენ რაღაც მშვიდობის ხიდი გააბან ამ ორ ქვეყანას შორის, ის რომ ნინო ქათამაძე საოცრად უყვართ რუსეთში და მსმენელმა ზეპირად იცის ქართული სიმღერების სიტყვები, როგორ შეიძლება რომ ამ ხალხში აგრესია იყოს ჩვენს ქვეყანაზე და ასეთი სიყვარულით იღებდნენ ამდენ ქართველ ხელოვანს?! დიდი სიამაყის გრძნობა მქონდა, როდესაც ჩაიკოვსკის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე, რომელსაც რამოდენიმეჯერ დავესწარი ჩვენი საამაყო ლექსო თორაძე ვიხილე ჟიურიში, ამაში ვერ ვხედავ რაღაც ცუდს. რომ იცოდეთ უბრალო მოსახლეობაში როგორი სიყვარული აქვთ ჩვენს მიმართ, როგორ განიცადეს ის, რაც 13 ივნისს მოხდა, არ წყდებოდა ზარები, სულ მეკითხებოდნენ როგორ შეიძლებოდა რომ დაგვხმარებოდნენ. შემდეგ გამაგებინეს, რომ 4 ტონას შეადგენდა ის პირველადი დახმარების პროდუქტი, რომელიც უბრალო მოსახლეობამ შეაგროვა, იქ მიდიოდნენ პენსიონერები, თავის უკანასკნელ თანხას არ იშურებდნენ იმაში, რომ დახმარებაში მონაწილეობა მიეღოთ და ამას სრული გულწრფელობით აკეთებდნენ! ამდენად ხალხის დამოკიდებულება და პოლიტიკური გადაწყვეტილებები სრულიად გამიჯნულია ჩემთვის და ეს ასე რომ არ იყოს, ნამდვილად ვერ გავჩერდებოდი სხვა შემთხვევაში ამ ქვეყანაში.

– საუბრის ბოლოს დაუტოვეთ გზავნილი მათ, ვისთვისაც თქვენი მოსაზრებები მნიშვნელოვანია.

– ჩემი გზავნილი სიყვარულია, გიყვარდეთ და გაუფრთხილდით ერთმანეთს, მოდით შევიკავოთ თავი ერთმანეთის განკითხვისა და შეურაცხყოფისგან. ვიცხოვროთ ისე, რომ არათუ სხვას არ მივაყენოთ ზიანი ჩვენი საქციელით, არამედ იმაზე ვიფიქროთ, თუ ვის რა ვარგეთ და რა სარგებელი მოგვაქვს საკუთარი არსებობით ამ სამყაროში…