14 ივლისი, 2015

პირველ ქართველ მოცეკვავეს სამებაში გაიხსენებენ

1aleqsabdre-songulashvili15 ივლისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში პირველ ქართველ პროფესიონალ მოცეკვავეს გაიხსენებენ.

ღონისძიება პირველი ქართული საცეკვაო სტუდიის დამაარსებლის და ქორეოგრაფის ალექსანდრე გიორგის ძე ალექსიძე-სონღულაშვილის დაბადებიდან 140 და გარდაცვალებიდან 80 წლისთავს მიეძღვნება.

გამოფენა-წარდგინებაზე წარმოდგენილი იქნება მოცეკვავისა და ქორეოგრაფის ბიოგრაფიული დეტალების, შემოქმედებითი ღვაწლის ამსახველი ფოტოები. ის ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელია, რომელიც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მოცეკვავე იყო.

ალექსანდრე ალექსიძე-სონღულაშვილმა თბილისში დააარსა ქართული ცეკვის პირველი სტუდია, რომელსაც სათავეში ედგა წლების განმავლობაში. მისი მოსწავლეები იყვნენ ილიკო სუხიშვილი, რევაზ ჭოხონელიძე და სხვა ცნობილი ქორეოგრაფები.

ღონისძიება სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.