13 ივლისი, 2015

გიორგი ონიანი: ,,დღევანდელი ცხოვრება სავსეა იაგოებით’’

1giorgi-onianiქართველი ტენორი გიორგი ონიანი გასულ თეატრალურ სეზონს აჯამებს და იმ სპექტაკლების სიას აქვეყნებს, სადაც სიმღერა მოუწია. მკითხველი დამეთანხმება, რომ ჩამონათვალი მართლაც მსუყე და სოლიდურია.

– და აჰა, დადგა გასული სეზონის შეჯამების დრო: 4 ტრუბადური, 12 აიდა, 12 ჟანა დარკი, 5 ჯამბაზები, 5 სოფლის ღირსება, 14 კარმენი, 4 ტურანდოტი, 6 კონცერტი, 1 ტოსკა, 1 ბოჰემა, 1 მადამ ბატერფლაი, – ამბობს საოპერო მომღერალი.

გიორგი ონიანი წლებია გერმანიაში ცხოვრობს და ბონის საოპერო თეატრში მღერის. “არტინფო” მას გერმანიაში დაუკავშირდა.

– წლევანდელმა სეზონმაც წარმატებით ჩაიარა. მქონდა უამრავი გასტროლი, რამდენიმე ახალ თეატრშიც ვიმღერე. მქონდა დებიუტი ლეონკავალოს “ჯამბაზებში”. უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, სტატისტიკურად ბოლო 10 წელია ერთ სეზონში მიწევს 60-დან 80 სპექტაკლამდე სიმღერა. წელს 66 სპექტაკლი და კონცერტი ვიმღერე. მეტის სიმღერაც შემიძლია, მაგრამ ვცდილობ, ზედმეტად არ გადავიტვირთო. პრაქტიკულად თავისუფალი დრო არ მრჩება. ზაფხულშიც კი, როცა ვისვენებ ერთი თვით, მაშინაც ახალ ოპერებს ვსწავლობ.

– ალბათ არის მომენტები, როცა სულაც არ ხართ სიმღერის ხასიათზე. ასეთ დროს როგორ გამოდიხართ მდგომარეობიდან?

– ჩვენ როდის ვართ ხასიათზე და კარგ სასიმღერო ფორმაში, მაგას არავინ გვეკითხება. როცა სცენაზე გავდივარ ყოველგვარ ცხოვრებისეულ პრობლემებს კულისებშივე ვტოვებ. ვცდილობ სცენაზე პერსონაჟის ცხოვრებით ვიცხოვრო. მაშინაა მხოლოდ შენი გამოსვლა დამაჯერებელი და პუბლიკაც მაშინ მიგიღებს როგორც საჭიროა. ეს არაა ადვილი, მაგრამ დაძლევადია და გამომუშავებადი.

– თქვენი სვანური ხასიათის გამოვლენა თუ დაგჭირვებიათ ევროპაში?

– სვანური ხასიათი მეხმარება იმაში, რომ ადვილად არ ვნებდები და ყველა პრობლემას ჯიუტად ვებრძვი, მაგრამ ამავე დროს ხელს მიშლის ჩემს კარიერაში, იმიტომ რომ არ შემიძლია პირფერობა. რასაც ვფიქრობ, სახეზე მახატია. ვერ ვიტან ტყუილს და ბოლომდე ჩემი სიტყვის ერთგული ვრჩები. ვერ ვიცინი როცა არ მეცინება. მოგეხსენებათ, დღევანდელ დაუნდობელ სამყაროში რა რთულია წინსვლა ამ მანკიერი თვისებების გარეშე. გულახდილად ვამბობ: გაცილებით მეტის მიღწევა შემიძლია, მაგრამ ამითაც კმაყოფილი ვარ რასაც ვაღწევ. მთავარია ჩემს სინდისთან და საკუთარ მე-სთან პირნათელი ვარ, რაც მშვიდი ძილის საშუალებას მაძლევს.

– დღეს ყველაფერი კომერციაზეა გათვლილი. ოპერაც კი გასცდა ზღვარს, რეჟისორები ათასგვარ ხრიკებს მიმართავენ. რაზე გიწევთ უარის თქმა?

– დღევანდელი რეჟისორების ფანტაზიას საზღვარი არ გააჩნია. ხშირად მიზანმიმართულად დგამენ სკანდალურ სპექტაკლებს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ პოპულარულები გახდნენ. სამწუხაროდ, ბევრ რამეზე მიწევს უარის თქმა ამის გამო. არასდროს ვთანხმდები სცენაზე სიშიშვლეზე და ჰომოსექსუალური ხასიათის სცენებზე.

– რომელ პერსონაჟთან ხედავთ მსგავსებას?

– სამწუხაროდ, თითქმის ყველა ჩემს პერსონაჟს კლავენ, ამიტომ არც მინდა მათი ბედი გავიზიარო. ისე ჩემი ხასიათით მარიო კავარადოსის ვგავარ ყველაზე მეტად – ხელოვანია, მეგობრების ერთგული და სიკვდილით და წამებითაც კი არ გატეხავს მიცემულ პირობას. ამავე დროს თავდავიწყებითაა შეყვარებული ტოსკაზე და ბოლომდე ენდობა. (ალბათ ცოტა მიამიტიცაა)

– რომელი კომპოზიტორია თქვენთან ყველაზე ახლოს?

– ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს პუჩინის ოპერებში და ვერისტული კომპოზიტორების ნაწარმოებებში. ამავე დროს, მინდა აუცილებლად აღვნიშნო ოთარ თაქთაქიშვილის “მინდია”. საოცარი მუსიკაა. პირველივე ნოტიდან ოპერის ბოლომდე ჟრუანტელი მივლის. ალბათ ჩემი სვანეთში გატარებული ბავშვობაც ჰგავს მინდიას ცხოვრებას – ბუნებასთან კავშირი, მზის ამოსვლა და დღის დაბადება მთებში, ფრინველთა და ცხოველთა ენა. იყო დრო მეც მესმოდა.

– როცა საქართველიო გენატრებათ, რას უსმენთ?

– ვუსმენ ჰამლეტ გონაშვილს, თამარ გვერდწითელის სიმღერას საქართველოზე და სიმფონიურ და ინსტრუმენტალურ მუსიკას.

– რომელია თქვენი ყველაზე დიდი პროფესიული სურვილი, რისი განხორციელებაც რეალურად შესაძლებელია?

– მეოცნებე არ გახლავართ. ჩემი მიზნები და სურვილები ემთხვევა ერთმანეთს. საერთოდ, დღეს მომღერლები ძალიან ჩქარობენ იმღერონ ესა თუ ის საოპერო პარტია, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მათი სამღერი. ყველა როლისთვის უნდა იყო მომწიფებული ფსიქოლოგიურადაც და ასაკობრივადაც. ამჟამად ოტელოზე ვმუშაობ. ვფიქრობ, დროა მოვსინჯო. სურვილები ბევრი მაქვს, მაგრამ როცა ბევრს ვმღერი და ვმოგზაურობ, დრო არ მაქვს მათ განსახორციელებლად, ამიტომ ბევრ სურვილს კარიერის ბოლოში განვახორციელებ.

– რას მღერით გაბრაზებული?

– გაბრაზებული ძაან რთულია სიმღერა. თუ როლი ითხოვს, მაშინ ადვილია და პირიქით, მეხმარება. მაგრამ, როცა სცენაზე პარტნიორი ან დირიჟორი გაგაბრაზებს და შენ ამ დროს მღერი, საშინლად რთულია ეს არ შეიმჩნიო და მაყურებელს არ აგრძნობინო.

– როგორ უვლით ხმას?

– მომღერლები თავად ვართ მუსიკალური ინსტრუმენტები, ამიტომ ისეთივე მოფერება უნდა ხმას, როგორც ვიოლინოს, როიალს, ჩელოს. განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. ცივსაც ვსვამ და ცხარესაც გეახლებით. ყველა მომღერალს ინდივიდუალური რეჟიმი აქვს და რაც შეიძლება მე არ მვნებდეს, სხვისთვის შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. ერთადერთი რაც ზოგადაგ ყველას ვნებს, არის სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლური სასმელები და არასაკმარისი ძილი.

– რომელი პერსონაჟია, ყველაზე სასტიკი საოპერო ხელოვნებაში?

– ალბათ ყველაზე სასტიკი და სახიფათო იაგოს პერსონაჟია “ოტელოდან”. დღევანდელი ცხოვრებაც სავსეა იაგოებით.

– საქართველოს ამჟამინდელ მდგომარეობას რომელი ოპერა მიესადაგება?

– ალბათ ფალიაშვილის “დაისს” მივამსგავსებდი, როცა მტერი კარზეა მომდგარი და ორი ქართველი ერთმანეთთან პირადი ქიშპობის გამო, უაზროდ ხოცავს ერთმანეთს.

– გქონიათ შემთხვევა თქვენს კარიერაში, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ?

– დაუვიწყარი მომენტები ბევრია. იქნება ეს წარმატების ზენიტი თუ პირიქით. მახსოვს, ჩემი დებიუტი თბილისის ოპერის თეატრში, როცა სპექტაკლის დაწყებამდე ფარდის ჭუჭრუტანიდან გავიხედე და გადაჭედილი დარბაზი დავინახე, საოცარი გრძნობა დამეუფლა და მეც კონსტანტინე გამსახურდიასავით შევძახე ჩემს თავს: აბა შენ იცი ცხენისწყლის პირას გაზრდილო ლენტეხელო, დღეს უნდა დაამტკიცო, რომ შენ ყველაფერი შეგიძლია!