23 ივნისი, 2015

,,ვერის უბნის მელოდიებს’’ ყაზახეთში აჩვენებენ

1veris-ubaniგიორგი შენგელაიას კლასიკად ქცეულ ფილმს “ვერის უბნის მელოდიები” ყაზახეთში აჩვენებენ. მიუზიკლი ქართული კინოინდუსტრიის პოპულარიზაციის მიზნით ალმა-ატაში იქნება წარმოდგენილი. ყახაზეთში ქართული კინემატოგრაფიის კვირეული ჩატარდება, რომელიც 25 ივნისს გაიხსნება და პირველ ივლისამდე გასტანს.

“ვერის უბნის მელოდიების” გარდა, ქართული კინემატოგრაფიის კვირეულის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ზაზა ურუშაძის ფილმი „მანდარინები“, გიორგი ოვაშვილის „გაღმა ნაპირი“ და „სიმინდის კუნძული“, ასევე ქართული კინემატოგრაფიის შედევრები ელდარ შენგელაიას „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი” და ნანა მჭედლიძის „პირველი მერცხალი“.

ქართული კინემატოგრაფიის კვირეულის ფარგლებში გაიმართება ფოტოგამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს ლანდშაფტების, ქართული კულტურული მემკვიდრეობის და ახალი არქიტექტურული ნაგებობების ამსახველი 80 ფოტოსურათი. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საელჩო დამსწრე საზოგადოებას ქართული ღვინითა და მინარალური წყლებით გაუმასპინძლდება.

ამავე კვირეულის ფარგლებში გაიმართება საქველმოქმედო ვახშამი და აუქციონი 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა დახმარების მიზნით. ქართული კინემატოგრაფიის კვირეულის ფარგლებში გამართულ საქველმოქმედო აუქციონზე დამსწრე საზოგადოების წინაშე წარმოდგენილი იქნება თანამედროვე ქართველი ოსტატების მიერ უძველესი ტექნოლოგიებით, შექმნილი ძველი ქართული არქაული საიუველირო ხელნაკეთი ექსპონატები, სუვენირები და ქართველი თანამედროვე მხატვრების მიერ შექმნილი ტილოები. ღონისძიების შედეგად შემოწირული თანხა გადაირიცხება სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად.