27 ივნისი, 2015

ვაჟა ფშაველას იუბილე ფესტივალით აღინიშნება

1vajas-festivaliვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წლის იუბილე სასკოლო თეატრალური ფესტივალით აღინიშნება, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით დაიგეგმა.

ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებს საშუალება მიეცათ ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით, სპექტაკლები მოემზადებინათ. მარჯანიშვილის თეატრში ფესტივალში მონაწილე საუკეთესო სპექტაკლები გათამაშდა. კულტურის მინისტრმა კი საპრიზო ადგილებზე გასული სკოლები დააჯილდოვა.

პირველი ადგილი მოიპოვა ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლამ, მეორე ადგილზე გავიდა ხობის პირველი საჯარო სკოლა, მესამე ადგილზე კი ბორჯომის პირველი საჯარო სკოლა. ჟიურიმ თავის რჩეულად ფოთის მეოთხე საჯარო სკოლა დაასახელა. გარდა საპრიზო ადგილებისა, ჟიურიმ 10 სპექტაკლი გამოავლინა, რომელთა წარმომდგენმა სკოლებმა წამახალისებელი სიგელები მიიღეს.

კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მეორე ადგილზე გასულ ხობის პირველ საჯარო სკოლას საჩუქრად გადასცა განათლების სამინისტროს მიერ დაწესებული ფულადი პრემია და კულტურის სამინისტროს მიერ გამოცემული წიგნები – ვაჟა-ფშაველას “გოგოთური და აფშინა” აფხაზურ ენაზე, ვაჟა-ფშაველას სამ პოემა ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენაზე, ასევე ვაჟა-ფშაველას ქართულ-ფრანგული ლექსების კრებული.

ფესტივალი ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე, საგანმანათლებლო რესურსცენტრებმა შეარჩიეს 5 სპექტაკლი, რომლებიც მუნიციპალიტეტის დონეზე საჯაროდ დაიდგა და მათ შორის ერთი საუკეთესო სპექტაკლის ვიდეოჩანაწერი განათლების სამინისტროში გაიგზავნა.

სამინისტროში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ, დასკვნით ეტაპზე 32 სპექტაკლი განიხილა. ჟიურის წევრებს წინასწარ მიეწოდათ აღნიშნული სპექტაკლების ვიდეო-ჩანაწერები და პირველადი შერჩევის შედეგად, 17 სპექტაკლი გამოვლინდა. კომისიამ კი სპეციალურად შერჩეული სპექტაკლები განიხილა და ერთობლივი მსჯელობის შედეგად, გამარჯვებულები გამოავლინა.