Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ცისანა ტატიშვილის ბენეფისი ბათუმში აღინიშნება

12 ივნისი, 2015

1cisanaშოთა რუსთაველისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიების ლაურეატის, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერის, ღირსების ორდენოსანის, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორის, შვეიცერის საპატიო ორდენის კავალერის, ჰუმანიტარული აკადემიის აკადემიკოსის, თბილისის საპატიო მოქალაქის, ლეგენდარული დრამატული სოპრანოს ცისანა ტატიშვილის ბენეფისი 30 ივნისს, ბათუმის ხელობნების ცენტრში გაიმართება.

ქართველი სოპრანო ცისანა ტატიშვილი მსოფლიო მუსიკის ენციკოლოპედიაში, შტრაუსის “სალომეა”-ს შემსრულებელთა საუკეთესო სამეულშია შესული მონსერატ კაბალიესთან და ბირგიტ ნილსონთან ერთად.

“დიდმა მაესტრომ ალფრედო კრაუსმა, ცისანას ხმა და სიმღერა რომ მოისმინა თქვა: „იგი ტებალდიზე უფრო ტებალდიაო“. მე კი ცისანა ტატიშვილს ვუწოდებ ქალთა ორფეოსს, ყველაფრის დამტევს თავის ხელოვნებაში,“ – წერს პროფესორი ნოდარ ანდღულაძე ცისანა ტატიშვილის ბიოგრაფიულ წიგნში.

“როცა ჯანსუღ კახიძემ ახალ კონტრაქტზე ხელის მოსაწერად დამიბარა, უარი ვუთხარი. გაიკვირვა და თქვა, თეატრიდან შენს წასვლას ხალხი არ მაპატიებსო! ჯანო, მირჩევნია ხუთი წუთით ადრე წავიდე, ვიდრე დავიგვიანო-მეთქი! ვთქვი და 2001 წელს დავტოვე თეატრი. მას შემდეგ აღარ მიმღერია. სოფიკო ჭიაურელი მთხოვდა ხოლმე ერთი მსახიობის თეატრში სოლო-კონცერტი გამემართა და ვეუბნებოდი ხმა არ მაქვს-მეთქი. არ სჯეროდა. გაიცინებდა და მეტყოდა, ხმა სეიფში გაქვს ჩაკეტილი, გახსენი და იმღერებო,“ – იხსენებს ლეგენდარული პრიმადონა.

ბერლინში, „კომიშე ოპერაში“, მსოფლიოში აღიარებულ რეჟისორ ვალტერ ფელეზენშტეინთან ქართველმა სოპრანომ ერთი წელი იმუშავა და მთელი სეზონი იმღერა „აიდას“ საპრემიერო სპექტაკლებში. ევროპის სახელგანთქმული თეატრის პრემიერის შემდეგ, გერმანულმა პრესამ სპექტაკლს ცისანა ტატიშვილის მონაწილეობის გამო „ქართული აიდა“ დაარქვა.

„პრემიერამდე ცოტაღა იყო დარჩენილი. გადაღლილობისგან და ცუდი კლიმატის გამო შეუძლოდ გავხდი. კლინიკაში ექიმთან წამიყვანეს. მან მთხოვა მიმეტოვებინა სამუშაო პროცესი და სასწრაფოდ თბილისში დავბრუნებულიყავი, სხვა შემთხვევაში გამოჯანმრთელების იმედს ვერ მაძლევდა. ცხადია, უარი ვუთხარი. მაოცებს თქვენი თავგანწირვა თქვა და გამოჯანმრთელება მისურვა! მოგვიანებით, ბატონმა ფელეზენშტეინმა მითხრა, რომ ის ადამიანი თავის დროზე ჰიტლერის პირადი ექიმი ყოფილა,“ – იხსენებს პრიმადონა.

საოპერო სცენებზე ქალბატონმა ცისანამ 38 წელი იმღერა. ევროპის პრესტიჟულ თეატრებში შესრულებული აქვს მრავალი წამყვანი პარტია – ტოსკა, აიდა, ამნერისი, ებოლი, დეზდემონა, ლეონორა, ამელია, დონა ანნა, სანტუცა, სალომე, ჯოკონდა, ლედი მაკბეტი, აბიგაელი, სენტა, ჰერტრუდა, ლიზა, “რექვიემი”, ეთერი, მარო, თამარი, ფიდელია, ლაურეტა, ელიზავეტა……

„ჩვეულებრივ, ლეგენდები იქმნებიან. საქართველო ერთ-ერთი ის ბედნიერი ქვეყანაა, სადაც ლეგენდები იბადებიან და არ საჭიროებენ თანდათანობით ჩამოყალიბებას. იმის მიხედვით რა ფენომენიც არის ცისანა ტატიშვილის ხმა, სიმღერა, მისი ოსტატობა, მომხიბლაობა, მისი ტემპერამენტი, მასშტაბი, უნდა ვთქვა, რომ ასეთი დიდი მოვლენა ჯერ-ჯერობით საოპერო სცენაზე არ ჩანს… მე, მას ვეთაყვანებოდი და ვეთაყვანები, როგორც ლეგენდას, ცოცხალ ლეგენდას,“ – ამბობდა მაესტრო ნოდარ ანდღულაძე.

ქალბატონმა ცისანამ ბათუმშიც იმღერა ამნერისის საოპერო პარტია. „აიდას“ საპრემიერო სპექტაკლებში ლეგენდარული სოპრანოს პარტნიორები იყვნენ ალექსანდრე ხომერიკი, მარიამ ჯახუტაშვილი, ზაზა ხამათაშვილი…

მოსკოვის დიდ თეატრში, პეტერბურგის მარინის თეატრში, ვილნიუსში, რიგაში, კიშინოვში, კიევში, სოფიაში, ბუდაპეშტში, ვარშავაში, ბონში, მიუნჰენში, კიოლნში, ბაზელში, ათენში, ლისაბონში, ლონდონში, პრაღაში, ვენაში, რომში, ბუსეტოში, ევროპის კიდევ მრავალი ქალაქის საოპერო თეატრების სცენებზე, ლეგენდარულ ქართველ პრიმადონას პარტნიორობას უწევდნენ მსოფლიო ოპერის ქართველი და უცხოელი კორიფეები ზურაბ ანჯაფარიძე, ნოდარ ანდღულაძე, ბათუ კრავეიშვილი, დავით გამრეკელი, ვლადისლავ პიავკო, ელენა ობრაზცოვა, ირინა არხიპოვა, ირინა ბოგაჩევა, პეტრე ამირანაშვილი, რევაზ კაკაბაძე, ვლადიმერ ატლანტოვი, იური მაზუროკი, მედეა ამირანაშვილი, თენგიზ მუშკუდიანი, პაატა ბურჭულაძე, ზურაბ სოტკილავა, ალექსანდრე ხომერიკი, მუსლიმ მაგომაევი, გეღამ გრიგორიანი…

ცისანა ტატიშვილს გული სწყდება, რომ ჰერბერტ კარაიანს ვერ შეხვდა. “გოს-კონცერტმა“ დაუმალა, როცა კარაიანის სამდივნოდან მოსკოვში დარეკეს და მოითხოვეს ნებართვა მიეცათ მისთვის ზალცბურგში ჩასულიყო მაესტროსთან შესახვედრად. ეს მას შემდეგ მოხდა, როცა ცისანა ტატიშვილმა გერმანიაში, დირიჟორ კიოლერის მიწვევით გალა-კონცერტში იმღერა ბირგიტ ნილსონთან და მონსერატ კაბალიესთან ერთად. კონცერტს კარაიანის ნდობით აღჭურვილი პირი ესწრებოდა, რომელსაც უთქვამს, რომ მაესტრო კარაიანი ”ტრუბადურს” დგამდა და სოპრანოს ეძებდა: „დარწმუნებული ვარ, იგი თქვენთან შეხვედრის შემდეგ შეწყვეტს ლეონორას შემსრულებლის ძებნასო“, უთქვამს ქართველი სოპრანოს ხმით აღფრთოვანებულ კარაიანის პრეს-სამდივნოს წარმომადგენელს. მოგვიანებით თურმე კარაიანის სამდივნო “გოსკონცერტს” დაუკავშირდა, მაგრამ მოატყუეს, თითქოს ცისანა ტატიშვილი ქვეყანაში არ იმყოფებოდა და მის მაგივრად „დიდი თეატრის“ სოლისტი მილაშკინა შეთავაზეს, რაზეც ზალცბურგიდან კატეგორიული უარი მიიღეს.

ბევრჯერ შეუშლია ქართველი პრიმადონასთვის ხელი „გოსკონცერტს“. ევროპის მოწინავე საოპერო თეატრებში დარჩენაზეც იმიტომ თქვა უარი, რომ საბჭოთა „კაგებე“ თბილისში დატოვებულ ოჯახს აუწიოკებდა, ძმას დაუპატიმრებდა. პატრიოტმა მომღერალმა ვერც მშობლიურ თეატრს უღალატა და თბილისის ერთგული დარჩა… სწორედ ამიტომ, თბილისში, მისი მშობლიური თეატრის წინ, მადლიერების ნიშნად ქართველმა ხალხმა ცისანა ტატიშვილს 2010 წელს ვარსკვლავი გაუხსნა.

30 ივნისს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ლეგენდარული პრიმადონას ბენეფისზე გალა-კონცერტში იმღერებენ ნანა ქავთარაშვილი, ირაკლი კახიძე, ინგა ჯახუტაშვილი, ირინა ალექსიძე, სულხან ჯაიანი, ნონა კორიფაძე, არმაზ დარაშვილი, ზაზა ხამათაშვილი გოჩა დათუსანი და სხვები. გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ასევე ბათუმის ხელოვნების ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და კაპელა.