17 ივნისი, 2015

ჭიათურის თეატრი საქველმოქმედო სპექტაკლს ითამაშებს

1chiaturaჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი უერთდება საყოველთაო მობილიზებას სტიქიით დაზარალებულთა დახმარების საქმეში და 25 ივნისს საქველმოქმედო სპექტაკლს ითამაშებს:

“ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის თითოეული წარმომადგენელი უთანაგრძნობს ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს.

დაზარალებულთა დასახმარებლად 25 ივნისს გავმართავთ საქველმოქმედო წარმოდგენას – მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოებს “მუსუსი”. გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში.

კახა გოგიძის მიერ განხორციელებულმა დადგმამ ივნისის დასაწყისში მთავარი პრიზი მოიპოვა ფესტივალში “თეატრალური იმერეთი 2015″. წარმატების შემდეგ, დასი აღნიშნულ სპექტაკლს მშობლიურ თეატრში პირველად ითამაშებს.

ველოდებით ერთგულ მაყურებელს, რომელიც მზად არის თანადგომა გამოუცხადოს სტიქიით დაზარალებულთა ოჯახებს,” – ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.