18 ივნისი, 2015

,,შანსონ კლუბი” საქველმოქმედო ფესტივალს ჩაატარებს

1bardebi19 ივნისს თბილისში პირველად აიღებს სტარტს საერთაშორისო ფესტივალი, რომლის ორგანიზატორი “შანსონ კლუბია”.

სამდღიანი ფესტივალის შედეგად შემოსული თანხა თბილისში მომხდარი სტიქიური კატასტროფით დაზარალებულ მრავალშვილიან ოჯახებს გადაერიცხება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი, რუსი, უკრაინელი და აზერბაიჯანელი შემსრულებლები. არც ორგანიზატორები და არც მასში მონაწილე მომღერლები ანაზღაურებას აი აიღებენ.

ორგანიზატორების თქმით, ფესტივალზე შესრულდება პოპულარული, უახლესი სიმღერები.
ფესტივალის იდეაა, შანსონის, როგორც ერთ–ერთი ყველაზე სახალხო ვოკალურ–მუსიკალური ჟანრის პოპულარიზაცია და მიზნად ისახავს ახალი შემსრულებლებისა და განახლებული რეპერტუარის შექმნის სტიმულირებას.

ფესტივალის ორგანიზატორების მიერ შეიქმნება ფონდი, რომელიც კონცერტებიდან მუდმივად გადარიცხავს თანხებს დაზარალებულთა დასახმარებლად.

ფესტივალის ჰიმნია ოთარ რამიშვილის სიმღერა “გული უმღერის გულს”. სიმღერის ახლებური არანჟირება ზაზა ხუბუკელაშვილს ეკუთვნის, აკუსტიკური გიტარის აკომპანიმენტი – ხვიჩა მაღლაკელიძეს. სიმღერას ასრულებენ მიშიკო რამიშვილი, დათო ნეფარიძე, ზურა დოიჯაშვილი, პანჩო და მიშა ზაქარიაშვილი.

სამი დღის განმავლობაში მსმენელისთვის უცხოელ სტუმრებთან ერთად იმღერებენ ქართველი მომღერლები ნატო გელაშვილი, მამუკა ჩარკვიანი, გია ნიკოლაძე, რომა რცხილაძე, დათო ევგენიძე, პანჩო, ნიაზ დიასამიძე, თემო რცხილაძე, კაბუ, ზურა დოიჯაშვილი.

ფესტივალის ორგანიზებაში “შანსონ კლუბს” შეუერთდა “ბარდების კლუბიც”. 21 ივნისს ფესტივალში მონაწილეობას მხოლოდ ბარდები მიიღებენ. დასკვნით კონცერტში მონაწილეობენ ზურაბ მანაგაძე, მიშიკო რამიშვილი, მედიკო კარტოზია, მიშიკო კოშკაძე და ემზარ იორამაშვილი გორიდან, ზურა ქევხიშვილი და ზურაბ ზაქარიაძე პაპა თელავიდან, გიორგი ძამუკაშვილი, მიშა ზაქარიაშვილი, კახა კახიძე, აკაკი გაჩეჩილაძე, სოსო მიქელაძე თელავიდან, ნინო ახვერდაშვილი დუშეთიდან და თაზო მონიავა ქუთაისიდან.