1 ივნისი, 2015

როგორ აღინიშნება პირველი ივნისი საქართველოში?

1ivnisiპირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. 1925 წელს, ჟენევაში გამართულ ბავშვთა კეთილდღეობის მსოფლიო კონფერენციაზე, 1 ივნისი გამოცხადდა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღედ. ამ დღის აღნიშვნის მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ომებისა და კონფლიქტების საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათ ჯანმრთელობასა და დემოკრატიულ აღზრდა-განვითარებაზე. დედაქალაქში ამ თარიღთან დაკავშირებით სხვადასხვა კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებებია დაგეგმილი.

ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი პირველ ივნისს მთელი დღის განმავლობაში ღია იქნება ყველა ბავშვისა და მოზარდისთვის. ბავშვებს საშუალება ექნებათ დაესწრონ და ჩაერთონ ხალხური თოჯინების შექმნის პროცესში, დაათვალიერონ გამოფენა „სახეები” და სპეციალურად ამ დღისთვის გამოფენილი კარლო სულაკაურის თოჯინების პერსონაჟები მულტფილმებიდან „ბომბორა“, „სალამურა“, „საზამთრო“. ბავშვები შეძლებენ გააფერადონ გამოფენაზე წარმოდგენილი პერსონაჟები და მათი კოსტიუმები, მოხატონ ეზო და თავად შექმნან სასურველი გმირები. მხატვარი ოლესია თავაძე წარუდგენს თავის ზღაპრებს „პატარა მაწანწალას“ და „ბუსუნსულა და პაწკულინა“. საბავშო წიგნი „ბუსუნსულა და პაწკულინა“ პრემირებული იყო ნიუ იორკის საერთაშორისო კონკურსზე და გამოიცა მსოფლიოს მრავალ ენაზე. ავტორის ილუსტრირებულმა წიგნმა მიიღო ორი პრემია: საუკეთესო საბავშო ილუსტრაციები და საუკეთესო საბავშაო წიგნი.

გრიბოედოვის თეატრი ბავშვთა დაცვის დღის აღნიშვნაში სპექტაკლის “მაუგლი” ჩვენებით ჩაერთო. სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის წარმოდგენილი სპექტაკლი რეჟისორმა ვახტანგ ნიკოლავამ დადგა.

პირველ ივნისს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრი ასოციაცია „ანიკას“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს უმასპინძლებს. თეატრის ფოიეში გაიხსნება ნახატების გამოფენა, რომელიც შექმნილია ნოდარ დუმბაძის ლიტერატურული პერსონაჟების მოტივებზე. ნახატების შექმნის ერთობლივ პროცესში მონაწილეობა მიიღეს როგორც „ანიკას“ აღსაზრდელებმა, ასევე საქველმოქმედო ფონდის „ჩემი სახლის“ და მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობების შვილებმა. მოზარდმაყურებელთა თეატრის პროექტში მონაწილეობა მიიღო 60-მდე ბავშვმა და მათ შექმნეს 50-მდე ნამუშევარი.

თბილისის ზოოპარკში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. მრავალფეროვანი საბავშვო გასართობი პროგრამა მოიცავს სპორტული აკრობატიკის საჩვენებელი ნომრებს და ილუზიონისტის შოუს, ჰამლეტ გონაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეებისა და საბავშვო ბაღების კოლექტივების, „ბასტი ბუბუს“ სტუდიის მოსწავლეთა და საბავშვო სტუდია „სახეს“ საკონცერტო პროგრამას, სახალისო ვიქტორინებს, „ბრეიკ დანსის“ მოცეკვავეების გამოსვლას. დღის განმავლობაში სტუმრებს გაართობენ საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრის მიმები. სცენის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება „სმარტ ფოტოს“ ჯიხური, რომელშიც ყველა მსურველს ექნება სამახსოვრო ფოტოს უფასოდ გადაღების შესაძლებლობა. ღონისძიების მსვლელობისას ზოოპარკში მისული ბავშვები ფურცლებზე სანუკვარ სურვილებს დაწერენ და დიდი საჰაერო ბუშტი პატარების სურვილებს ცაში აიტაცებს.

„საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია“ თბილისის ზოოლოგიურ პარკში გამართავს ხელნაკეთი სათამაშოების გამოფენას, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ქართველი ავტორების მიერ შესრულებული, ეკოლოგიურად სუფთა, ექსკლუზუირი სათამაშოები. აღნიშნული ღონსიძიების მიზანია ფართო საზოგადოებას გააცნოს ქართველო ოსტატების შემოქმედება და ხელი შეუწყოს მათი ცნობადობის ამაღლებას.

მთაწმინდის პარკში მთელი დღის განმავლობაში სახალისო შოუ პროგრამა იქნება წარმოდგენილი. პატარებისთვის იმღერებენ მარიამ კახელიშვილი და ნინო სუხიტაშვილი, ბზიკების სტუდია, ბასტი ბუბუ, სტუდიო „ქენდი“, მოეწყობა საცირკო წარმოდგენა, სპექტაკლს ითამაშებს საბავშვო თეატრი „მეორე სახლი”. სხვადასხვა კომპანიები კი პატარებს გათამაშებებსა და ბევრ სიურპრიზს შესთავაზებენ.