9 ივნისი, 2015

რაზე სწყდება გული ანიტა რაჭველიშვილს?

1anitaქართველი მეცოსოპრანოსთვის ანიტა რაჭველიშვილისთვის გასული კვირა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ლა სკალას თეატრში ბიზეს “კარმენში” ერთდროულად სამმა ქართველმა იმღერა. შეუდარებელ კარმენს – ანიტას პარტნიორობას უწევდნენ ნინო მაჩაიძე და სოფია მჭედლიშვილი.

როგორც მოსალოდნელი იყო, სპექტაკლმა სრული ანშლაგით ჩაიარა და ქართველების გამოსვლამ დიდი მოწონება დაიმსახურა. ახლა, როცა ეიფორიაც ჩაცხრა და ვნებათაღელვამაც ჩაიარა, “არტინფო” ანიტა რაჭველიშვილს დაუკავშირდა.

– ანიტა, ლა სკალაში ქართველებმა ნამდვილი სასწაული მოახდინეთ. სამი ქართველი ერთად იდგა სცენაზე. ახლა, როცა ყველაფერმა ჩაიარა და ემოციებიც ჩაცხრა, როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს?

– ლა სკალას სცენაზე დგომა თავისთავად ყოველთვის ძალიან დიდი ემოციაა, ამჯერად კიდევ უფრო ბედნიერი ვიყავი, იმიტომ რომ სამი ქართველი სცენაზე იდგა. ერთი კიდევ მომზადების პროცესში ჩვენს გვერდით იყო, ქალბატონი მზია ბახტურიძე, რომელიც ლა სკალას პიანისტია აგერ უკვე რამდენი წელია. კიდევ ერთი ნახევრად ქართველი გვედგა სცენაზე, პატარა გოგონა, რომელიც ლა სკალას ბავშვთა გუნდში მღერის და დედა ჰყავს ქართველი. ასე რომ, 5 ქართველი სცენაზე ვიდექით და მაყურებლებში საოცარი ნინო ქათამაძე იჯდა, რომელმაც პრემიერის ბილეთები აუქციონზე შეიძინა 21 მაისს, როდესაც ჩვენს კონცერტს ესწრებოდა და ამით სიმსივნით დაავადებულ ქალბატონებს დაეხმარა. ლა სკალაში სპექტაკლები ჯერ კიდევ გრძელდება და მე ყოველ ჯერზე ამაყად ავდივარ სცენაზე ჩემს თანამემამულეებთან ერთად სამღერად.

– თეონა ჯორბენაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კარმენის გარდა, ნინო ქათამაძესთან ერთობლივი სიმღერითაც გაგიოცებიათ მაყურებელი.

– ნინო ქათამაძესთან სიმღერა თინეიჯერობის ასაკიდან მქონდა ოცნებად. ყოველთვის ძალიან მიყვარდა მისი შემოქმედება და მისი სიმღერები ზეპირად ვიცოდი. ოცნება ამიხდა და ბედნიერი ვარბ რომ იავნანას ამ საოცარ საღამოზე მე და ნინო ერთად ვმღეროდი.

– რას ნიშნავს იყო საოპერო მომღერალი პატარა საქართველოდან?

– პატარა საქართველოდან უამრავი გენიალური მუსიკოსი და ხელოვანი გვყავს! ჩემთვის ეს უდიდესი სტიმულია, გული მწყდება, რომ თვითონ ჩვენს ქვეყანაში ამით დიდად არ ინტერესდებიან. ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე სწორედ ჩვენს ხელოვნების წარმომადგენლებშია, მაგრამ სწორედ ამ სფეროს არ ექცევა არანაირი ყურადღება. შეწყვეტილია ნიჭიერი სტუდენტების დაფინანსებები. საოცარი სიმფონიური ორკესტრი გვყავს, ევგენი მიქელაძის სიმფონიური ორკესტრი, რომელსაც წელს საიუბილეო წელი აქვს და ფესტივალი ჩაეშალათ, სწორედ იმის გამო, რომ არავის არ აღელვებს რომ მათ არც შენობა აქვთ და არც პირობები სარეპეტიციოდ და საკონცერტოდ! მე მცხვენია რომ ასე უმოქმედოდ არის მთავრობა და მცხვენია, რომ ქვეყანა სადაც ყველაზე დიდი სიმდიდრე ხელოვნებაა, ეს სიმდიდრე არაფერს არ წარმოადგენს.

– წარმატებამდე საკმაოდ რთული გზა გაიარეთ. რისი დამსახურებით?

– გზა წარმატებისკენ მხოლოდ გაუთავებელ შრომაშია. ჩემს მშობლებს დიდი მადლობა იმ ყველაფრისთვის, რაც დღეს გამაჩნია.

– რა რიტუალი გაქვთ სცენაზე გასვლამდე?

– სცენაზე გასვლის წინ არ მაქვს რიტუალი. უბრალოდ წყნარად ვზივარ და ვემზადები ხოლმე სპექტაკლის დაწყებისთვის.

– საქართველოში ხშირად ჩამოდიხართ. ფიქრობთ სულ დაბრუნებაზე?

– საქართველოში სულ დაბრუნებაზე არ ვიფიქრებ იქამდე, სანამ ის ქვეყანა არ გახდება, სადაც ხელოვნებას პატივს სცემენ.

– გაიხსენეთ ყველაზე დიდი კომპლიმენტი, რომელიც თქვენთვის უთქვამთ როგორც საოპერო მომღერლისთვის.

– ყველაზე დიდი კომპლიმენტი რაც მიმიღია იყო ის, რომ ბოლო 50 წელიწადზე მეტი ასეთი მეცო სოპრანო არ გამოჩენილა და რომ მე ამ თაობისა და ამ საუკუნის საუკეთესო მეცო ვარ. რაც, რა თქმა უნდა, მახარებს, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია.

– რაში მდგომარეობს ანიტას წარმატების ფორმულა?

– ჩემი წარმატების ფორმულა არის შრომა, შრომა და კიდევ ერთხელ შრომა.

– როგორ უმკლავდებით ნოსტალგიას?

– ნოსტალგიას ვერ ვუმკლავდები. სულ მაქვს და თანაცხოვრება ვისწავლე უბრალოდ ამ ნოსტალგიასთან.

– როდის გელოდოთ საქართველოში?

– საქართველოში მინდა საზაფხულო ფესტივალის ჩატარება რაჭასა და ბათუმში აგვისტოს ბოლოს, მაგრამ ყველაფერი კვლავ იმაზეა დამოკიდებული, დაფინანსებას ვიშოვით თუ არა… სამწუხაროდ, როგორც ვთქვი, ხელოვნებით თითქმის არავინ ინტერესდება.