26 ივნისი, 2015

რატომ წავიდა საქართველოდან ბიბი კვაჭაძე?

1bibiბიბი კვაჭაძე მუსიკალურ და არა მარტო მუსიკალურ სამყაროში კარგად არის ცნობილი. როგორც თავად ამბობს, საქართველოდან წასვლა ბევრი მიზეზის გამო გადაწყვიტა. ის ამერიკაში ცხოვრობს და საყვარელ საქმეს – მის უდიდებულესობა მუსიკას ემსახურება.

”არტინფო” ბიბის ამერიკაში დაუკავშირდა.

– ბიბი, რამ გადაგაწყვეტინათ საქართველოდან წასვლა და გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინები ამერიკაში ჩასვლისას?

– საქართველოდან წავედი, რათა სხვა რომელიმე ცივილიზაციაში მეცადა ცხოვრების თავიდან დაწყება და ეს გამომივიდა კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულ ცივილიზაციასთან ჩემი ცხოვრების და პროფესიული მუშაობის 20 წელზე მეტი მაკავშირებს, ამჟამად კვლავ მათ ყოფას, მათ ჩვევებს და კულტურას ვაკვირდები და ვსწავლობ… ამერიკას ვგულისხმობ… ეს ნამდვილად რადიკალურად განსხვავებული სამყაროა.

მეტი სერიოზულობით რომ გიპასუხოთ – წასვლის მიზეზი ბევრი მქონდა!

ყველაზე დიდი და საპასუხისმგებლო სიმდიდრე რაც უფალმა მისცა ადამიანს, არის თავისუფლება!

მე თავისუფლების მოყვარული ადამიანი ვარ – თავისუფლება ჩემთვის საარსებო ჟანგბადია და როდესაც მზღუდავენ, აუცილებლად ვანგრევ ბარიერს და ვცილდები იმ ადამიანებს, ვინც ამ ბარიერს მიქმნიან!!! თან, ძალიან მიყვარს მოგზაურობა და ბევრს ვმოგზაურობდი, სხვადასხვა ქვეყანაში ვსწავლობდი, ვცხოვრობდი და ვმუშაობდი. თავისუფლების შეგრძნება მოგზაურობისას განსაკუთრებით გამძაფრებულია და ამ დროს უფრო ბედნიერი ხარ, რადგან ახალ შეგრძნებებს, ახალ ადგილებს, ქალაქებს, ადამიანებს ეცნობი, სწავლობ და ისრუტავ უამრავ საინტერესო ინფორმაციას, შენ თავს ეკუთვნი, რასაც გინდა იმას აკეთებ, თავის-უფალი ხარ, ცხოვრება ბევრად საინტერესოა და სიცოცხლე გიხარია. ამას გარდა, ერთფეროვნება ჩემი პირადი მტერია!!!

სამწუხაროდ, ბოლო დროს ვგრძნობდი, რომ საქართველოში სული მეხუთებოდა და ბარიერები იზრდებოდა!

როგორც გნებავთ ისე გაიგეთ ეს ნათქვამი. პრობლემა იმაშია, რომ განსხვავებულად საინტერესო, ახალი მუსიკის შესაქმნელად ჩემი პოტენციალის 20%-საც ვერ ვიყენებდი. საქართველოში ასპარეზი ძალიან პატარაა და მოთხოვნა ნამდვილ, ინტელექტუალურ მუსიკაზე მოსახლეობის მხოლოდ 10 პროცენტს აქვს ალბათ… თბილისში რაც იქმნება/იწერება, იმის ნახევარზე მეტი ჩემთვის მიუღებელია. მე და ჩემი მეგობარი მუსიკოსები მუდმივად ამ მდარე მუსიკის კრიტიკაში ვართ, მაგრამ რამოდენიმე ადამიანი ვერაფერს შევცვლით, რადგან მასობრივი მოთხოვნა რა მუსიკაზეა? – აღმოსავლური ყაიდის ე.წ. „ტაშ-ფანდურზე“, რომელიც შლის ქართველი ერის გენს, სახეს და კულტურულ მემკვიდრეობას! თითქოს, მოაზროვნე მუსიკოსებს მუშაობის ის ძველი სტიმული აღარ აქვთ, რადგან ხედავენ, რომ უგემოვნოების გამოქვაბულიდან ვეღარ გამოვედით!!! არადა, უნიჭიერესი მუსიკოსები გვყავს საქართველოში, დამიჯერეთ!!!

საწყენად არ ვამბობ, მაგრამ ჩემს აზრს დავაფიქსირებ – ქვეყანა, სადაც: 1. ე.წ. ტაშ-ფანდური სიმღერები ყველაზე გაყიდვადია… 2. სადაც რესტორნის „სცენა“ კარნახობს პოპულარულ მომღერლებს თუ ვინ რა უნდა შეასრულოს (რათა „2 კაპიკი“ გააკეთოს და თავი გაიტანოს ამ გაჭირვებაში)… 3. სადაც ტელე-შოუებში სუფრები იშლება და რეიტინგის დაკარგვის მანდრაჟით დოლ-გარმონის ჭყვიტინს შეგნებულად უთმობენ ყველაზე ძვირადღირებულ საეთერო დროს… 4. სადაც მუსიკალურ ტელე-შოუებში / კონკურსებში ალეკო ბერძენიშვილის, ლაშა თოფურიას, ლიკა შუბითიძის და მათი დონის Top პროფესიონალებს არ აძლევენ გამარჯვების საშუალებას… 5. და ბოლოს – ქვეყანაში, სადაც გემოვნების დასაქვეითებელი ანტი-მუსიკა დომინირებს და ნიჭიერ მუსიკოსებს ყურადღებას არავინ აქცევს… იმ ქვეყანაში მუსიკა ვერ განვითარდება!!! მუსიკოსებმა ხუმრობით საქართველოს ქვე – ყანა დაარქვეს კიდეც… ხოდა აღარ მინდოდა მუსიკალურ ყანაში ცხოვრება და სწორედ ეს იყო ჩემი ამერიკაში ემიგრაციის ერთ-ერთი და ყველაზე მთავარი მიზეზი!!!

– თუ საიდუმლო არ არის, რას საქმიანობთ ამჟამად ამერიკაში?

– რაც შეეხება ჩემს საქმიანობას – ჩემი ძირითადი სამსახურია მუსიკალური კომპანია „Purfek Storm“, სადაც ძალიან გამიმართლა და ჩემი მეგობრის, თავად მუსიკოსის და ნიუ იორკელი ქართველის – გიორგი გოშაძის რეკომენდაციით მოვხვდი. მესამე წელია ვმუშაობ როგორც მუსიკალური პროდიუსერი, A&R-ი და მიქსინგის ხმის რეჟისორი. პატივი მერგო და გავიცანი რამოდენიმე ვარსკვლავი, ნამდვილი ვარსკვლავი… ისინი, ვისაც აქამდე მხოლოდ ეკრანზე ვუყურებდი. კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, შეგნებულად არ ვასახელებ მათ და არც იმ პროექტებს, რომლებზეც ამჟამად ვმუშაობთ და ვგეგმავთ რომ ვიმუშავოთ. გავიცანი უმაღლესი რანგის ხმის რეჟისორები, ისინი, ვისაც მინიმუმ თითო გრემი აქვს აღებული ხმის რეჟისურაში. კოლაბორაცია მაქვს ადგილობრივ მუსიკოსებთან, რომლებსაც ვუკეთებ (ქართული გაგებით) არანჟირებას, ანუ (ამერიკული სტანდარტით) პროდიუსინგს. მქონდა შემოთავაზება რამოდენიმე ბენდთან მეთანამშრომლა, მაგრამ დროის უქონლობის გამო უარი ვთქვი, რადგან რეპეტიციები უამრავ დროს წაიღებდა. სტუდიის გარდა მაქვს მეორე სამსახურიც. მოგეხსენებათ, მუსიკალური პროექტები დაფინანსებაზეა დამოკიდებული, როგორც ყველა სტუდიაში და ზოგადად მუსიკალურ ბიზნესში, ჩვენს კომპანიაშიც ასეა და ხანდახან შეკვეთები მუდმივი ხასიათის არ არის, ამიტომ მომიწია მეორე, შედარებით სტაბილური სამსახურის დაწყება, რათა აუცილებელი გადასახადები გადავიხადო… მათ შორის თუნდაც იპოთეკური სესხი, რომელსაც ყოველთვიურად თბილისში ვიხდი.

– არიან თუ არა თქვენს გარშემო ქართველი ხელოვანები?

– კი, არიან, მაგრამ ისევე როგორც მე, ყველას აქვს ძირითადი შემოსავლის წყარო, ანუ ჩვეულებრივი სამსახური, საიდანაც სტაბილურ შემოსავალს იღებენ, რადგან მუსიკით თავის რჩენა ურთულესია, უდიდესი ძალისხმევა, შრომა და ინვესტირებაა საჭირო… რაც მხოლოდ უკვე გაპიარებულ ვარსკვლავებს ხელეწიფებათ.

– როგორ ჩანს პაწაწინა საქართველო ამერიკიდან?

– საქართველოს ამბებს ფეისბუქით ვადევნებ თვალს… მეგობრებს სულ ვეკონტაქტები… ფეისბუქი ერთგვარი დიაგნოსტიკური ცენტრია, ხვდები მეგობარს რა აწუხებს. ხშირად ვცდილობ სახუმარო და ხალისიანი პოსტები ვწერო, ან მოვეფერო ჩემს მეგობრებს, რომ ერთი ღიმილით მაინც შევუმსუბუქო ვიღაცას ცხოვრება, არადა ზოგი ისეთს დაწერს, შესვლა აღარ მოგინდება…

სხვა ჭრილში თუ განვიხილავთ ქვეყნის პრობლემას, ზოგადად მგონია, რომ პრობლემა ჩვენშია – ვეღარ ამოვედით ამპარტავნების ზონიდან…

ქართველები უცნაური ხალხი ვართ… სხვისი გამარჯვება გულწრფელად არ გვიხარია, ეგოცენტრიკები გავხდით და ფეისბუქზე ეს კარგად ჩანს. უსაფუძვლო კრიტიკა ვისწავლეთ (ან ვიცოდით), ერთმანეთის თანადგომა არ ვიცით! ვამბობთ რომ ვიცით, მაგრამ არ ვიცით. ამ ბოლო დროს ყველაზე საშიში სენი, სიყალბე მომრავლდა. ყალბი ურთიერთობებიც მრავლადაა… ყველა პროფესორია და ყველა უფროსია – Only Chiefs, No Indians… არ ვართ ლაღები და გახსნილები, არ გვიყვარს შეცდომების აღიარება, ვართ დაკომპლექსებულები (მათ შორის მეც) და ეს ყველაფერი ხელს გვიშლის რომ შინაგანი სიმშვიდე მოვიპოვოთ. დავიღალეთ საკუთარი არასრულფასოვნებით და მთელი ცხოვრება რაღაცას ვამტკიცებთ… უმადურები ვართ! რელიგიაში და რწმენაში რადიკალურები, ქცევაში და მანერებში ამპარტავნები, სიტყვა-პასუხში თავაზიანობა და მორიდება დავკარგეთ. სხვათაშორის, აქ არავის არსად არ ეჩქარება, რადგან სისტემა უკვე აწყობილია და მიდის დინებით. ჩვენ სულ გვეჩქარება… სულმოუთმენლად გვინდა რომ ხვალ ევროპა გავხდეთ, არადა ევროპა კი არა ურნაში ნაგვის ჩაგდება და მანქანის გაჩერება ვერ ვისწავლეთ.

ახალგაზრდა თაობის უმეტესი ნაწილი მხოლოდ ინტერნეტით იკვებება და ინტერნეტში რამდენი სისულელე მოიპოვება კარგად მოგეხსენებათ, არადა ბრწყინვალე ახალგაზრდობა გვყავს, ზუსტად ვიცი! თუმცა ეს მარტო საქართველოს პრობლემა არ არის, ამერიკაშიც ასეა. აქ მიმდინარეობს ტვინის მასობრივი რეცხვა. ინფორმაციის საშუალებები და სოც.ქსელი პერმანენტულად გაბოლებს და გირევს ტვინს ათასი სისულელით და საზიანო ინფორმაციით. ახალგაზრდების მოუმწიფებლობა ამ პრობლემას ვერ აფიქსირებს და იზომბება. შედეგი ხშირად სავალალოა… ამას წინათ კაფეში ვიჯექი, ყავას ვსვამდი და პატარა შავკანიანი (აფრიკელი ამერიკელი) ბავშვები შემოვიდნენ ხმამაღალი გინებით და ხარხარით… გვერდზე მჯდომმა შავკანიანმა ქალბატონმა სევდიანი თვალებით გადმომხედა და მითხრა – შემისწორეთ თუ მეშლება გეთაყვა, ჩვენი თაობა ასეთი თავხედი არასდროს ყოფილა და ხომ ვერ მეტყვით ამათ რა სჭირთო? ვერაფერი ვუპასუხე, რადგან ქალბატონი სიმართლეს ამბობდა… ეს თანამედროვე სენია. მეტროში ყოველი მეორე ახალგაზრდა იგინება, ეტყვი რამეს და გაგიპობს თავს, ანუ პირდაპირ ჩხუბზე გადმოდიან. ხშირად შევსწრებივარ გინებას და ხელჩართულ ბრძოლას მეტროში. თუმცა პოლიცია ყოველ ნაბიჯზეა და კანონი ყველასთვის კანონია! ნიუ იორკი ძალიან დიდია და ჭრელი, პოზიტივი უფრო მეტია ვიდრე ნეგატივი. მასობრივად ადამიანები ძალიან დადებითები არიან, უმეტესობა მომღიმარი სახით დადის და შენც გსიამოვნებს ასეთ ვითარებაში ცხოვრება და მუშაობა. ზედმეტს არავინ გაკადრებს, გაკადრებს და კანონით დაისჯება. ყოველ 50 მეტრში სათვალთვალო კამერებია, ყოველ 200 მეტრში პოლიციელი პატრულირებს, განსაკუთრებით ბროდვეის ქუჩაზე, სადაც მე ვმუშაობ. ყველამ თავისი ადგილი იცის და ზედმეტ მოძრაობას არავინ აკეთებს, გააკეთებს და იცის – კანონი არ დაინდობს! აი ეს გვჭირდება ჩვენც!!!

უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა თავს და ძალიან მტკივნეული დარტყმა მივიღეთ ყველამ. ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ბუნების სტიქიამ და 13 ივნისი დაუვიწყარი იქნება ჩვენთვის. სწორედ აქ გამოჩნდა ჩვენი ნამდვილად საამაყო ახალგაზრდობის თავდადება, სიყვარული და სიკეთის უდიდესი ძალა… ამ ტრაგედიამ კიდევ ერთხელ გაგვაერთიანა! ძალიან ვღელავ ქვეყნის ბედზე და პოლიტიკურ მოვლენებსაც ვადევნებ თვალყურს… შეუგნებელი რუსეთი და მისი ხისტი პოლიტიკა არ გვახარებს და სწორედ ეს მადარდებს ყველაზე ძალიან! საერთაშორისო თანადგომაც სუსტია და მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის პროგრესი. ქვეყანაში ისედაც მძიმე აურაა, დათრგუნული და დადარდიანებული სახეები, პრობლემებით გათანგული ადამიანები, საყოფაცხოვრებო პრობლემები, უმუშევრობა… თბილისში ბევრ ჩემს მეგობარს სამუშაო სანატრებელი აქვს, ხოლო მათ ვისაც აქვს სამსახური, ძირითადად დაბალი ხელფასი აქვს და უჭირთ ოჯახის რჩენა. არც ამერიკაა ამ მხრივ მთლად „რძე და თაფლი“, მაგრამ ზოგადად, შედარება არ შეიძლება ისეთი კონტრასტია! ჩემი აზრით, ამერიკაში თუ ადამიანი ქუჩაში ხელგაწვდილი ზის და მათხოვრობს, ან ზარმაცია, ან ლოთი, ან ნარკოდამოკიდებული, რადგან სამსახური ამერიკაში ყველასთვის მოიძებნება, მთავარია გინდოდეს მუშაობა, არ იუკადრისო და არ იზარმაცო! აქ ყველა დღე და ღამეს ასწორებს შრომაში და ამ ქვეყანაში თუ მუშაობ – აუცილებლად გიფასდება!!! ხვალინდელი დღე თითქოს უფრო იმედიანია აქ, რადგან სტაბილურობის შეგრძნება გეუფლება. საქართველოში რამდენიც არ უნდა იშრომო, ბოლომდე კმაყოფილი არ ხარ, გნებავთ ფინანსურად და გნებავთ მორალურად… თან გაქვს დაუცველობის შეგრძნება, რადგან არ იცი როდის მოეპრიანება „კეთილმოსურნე მეზობელს“ რომ მეტი ტერიტორია წაგართვას, შეურაცხყოფა მოგაყენოს ან ბომბები დაგაყაროს თავზე! ეს უდიდესი სტრესია ჩვენთვის!!! სწორედ აქ ვბრაზდები ხოლმე ჩემს თავზე, ვბრაზდები რომ ვერაფერს ვცვლი ჩემი ქვეყნისთვის!!!!!!!!!!! ჩემისთანა ბევრია აქ, ვინც გულით და ფიქრით კვლავ საქართველოშია… მაგრამ ოჯახი უდიდესი პასუხისმგებლობაა და სწორედ ამიტომ ვართ აქ.

ერთხელ ასეთი ფრაზა დავწერე – „ყველა მთავრობამ თავის „როძინა“ გარკვეულწილად ააღორძინა“ – ანუ, ნებისმიერი მთავრობა ცდილობს კარგი გააკეთოს ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის, მაგრამ ჩვენთან უკვე გაუსაძლისი გახდა უმუშევრობა… მე სხვისი ხელის შემყურე ვერ ვიქნები, არ ვარ ის ტიპი, რომელიც თავის Looser-ობას და წარუმატებლობას მთავრობებს და პრეზიდენტებს აბრალებს. თუ რაღაცის შეცვლა გინდა, კარგად უნდა მოიფიქრო გიღირს თუ არა და შეცვალო! ხოდა შევცვალე კიდეც. უსაქმური ადამიანების არასდროს მესმოდა, 16 წლიდან ვმუშაობ და კარგად ვიცი შრომის ფასი. ამიტომ ვთქვი და გადავწყვიტე – მე ამერიკაში მივდივარ და ჩემსას მაინც მივაღწევ! ჩემი დიდი შრომის შედეგი და მოლოდინი ნამდვილად გამართლდა, ამერიკამ ძალიან ღირსეულად მიმიღო და მე ამით ძალიან ბედნიერი ვარ.

– რა დაგეხმარათ ამერიკაში თავის დამკვიდრებაში?

– მხოლოდ „რა“ არა, ასევე „ვინ“? პირველ რიგში, უფლის რწმენა! სწორედ ის შეგრძნება, როდესაც მას მიენდობი რომ გიჩვენოს გზა… შემდეგ შინაგანი ინტუიცია და სიმშვიდე… შემდეგ ჩემი მეგობრები – ჩემი ბევრი უახლოესი და ძვირფასი მეგობრის ხელი ურევია ჩემი ამერიკაში თავის დამკვიდრებაში და ყველა რომ ჩამოვთვალო, ეს ინტერვიუ არ გვეყოფა… მაგრამ მათ იციან რომ ჩემი აქაური წარმატება მათი დამსახურებაც არის და მე ამ ამაგს მათ არასდროს დავუკარგავ. გარდა ამისა, დაუღალავი შრომა და მიზანმიმართულობა მიგაღწევინებს საწადელს. ნიჭის და შრომის გარეშე ამერიკაში რთულია რამეს მიაღწიო. როგორი ნაცნობიც არ უნდა გყავდეს, თუ საქმის კეთება არ იცი, სამუშაოდ არავინ მიგიღებს.

არავის ეგონოს, რომ ამერიკაში ცხოვრება ადვილია… პირიქით, ძალიან ძნელია, მაგრამ ეს ქვეყანა გაძლევს ძალიან ბევრ საშუალებას და არჩევანს რომ კარგად იყო და ასეთი შანსი უნდა გამოვიყენოთ. მე გამუდმებით ვავლებ პარალელს საქართველოსა და ამერიკას შორის – მინდა რომ კარგი გადავიღოთ და ვისწავლოთ ამერიკელებისგან და რაც ცუდი აქვთ ის გავფილტროთ. ჩემი აზრით განათლებული თაობა გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას!

– გაქვთ თუ არა ნოსტალგია და როგორ უმკლავდებით მას?

– რა თქმა უნდა მაქვს… მე კარგად ვიცი რაოდენ დიდია ოჯახთან, მეგობრებთან და სამშობლოსთან განშორების ფასი, ვიცი რა არის მარტოობა და სერიოზულ პრობლემებთან ჭიდილი… მაგრამ მშვიდი ადამიანი ვარ და პრობლემების გადაჭრაში ჩემი სიმშვიდე და გურული იუმორიც მეხმარება. უდიდეს ძალას და შინაგან სინათლეს მაძლევს უფალთან კავშირი და სწორედ ამიტომ, ამ ყველაფრის გააზრებით და იმედით რომ „აუცილებლად გამომივა“, ყველაფერი გამოვიდა კიდეც. ჩემი აზრით, სიყვარულით ყველა პრობლემას გადავლახავთ!

– ”ანა ბანა” ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეტაპი იყო მასში მონაწილე ბავშვებისთვის. ხშირად გეხმიანებიან ანა ბანელები?

– კი, რა თქმა უნდა. ყველასთან არ მაქვს მიმოწერა, მაგრამ უმეტესობასთან ძალიან თბილი ურთიერთობა და მეგობრობა შევინარჩუნე, სულ ვეფერებით ერთმანეთს. თუმცა ბავშვები ძალიან გაიზარდნენ და უკვე პატარები აღარ არიან, მაგრამ მე მაინც უფროსი მეგობრის და მშობლის პოზიციიდან ვუყურებ მათ და ისინი ალბათ ყოველთვის პატარებად დარჩებიან ჩემს წარმოსახვაში და მეხსიერებაში. ანა-ბანა იყო ყველაზე ნათელი წერტილი საქართველოს ტელე-სივრცეში! მსგავსი დონის საბავშვო მუსიკალური ტელე-შოუ არცერთ პროდიუსერულ ჯგუფს და ტელეარხს არ გაუკეთებია და ამისთვის მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები პროექტის ავტორის და ხელმძღვანელის – ლანა ქუთათელაძის, მუსიკალური პროდიუსერის – მარინა ბერიძის, ვოკალის პედაგოგების, სეგმენტ პროდიუსერების, ანა-ბანას ბენდის და ჟიურის წევრების, ვიზაჟისტების და ხმის რეჟისორების, ოპერატორების, მემონტაჟეების, გამნათებლების და აბსოლუტურად ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ პროექტზე მთელი გულით და სულით მუშაობდა 2007 წლიდან! ეს იყო ყველაზე კეთილი, მუსიკალურად სწორად ორიენტირებული, ჯანმრთელი საბავშვო მუსიკალური კონკურსი, სადაც ჩამოყალიბდა და გაიზარდა ყველაზე მაგარი ახალგაზრდა მომღერლების თაობა! მე დიდ მადლობას ვუხდი რუსთავი 2-ს ამ პროექტის განხორციელებისთვის და მეამაყება, რომ ანა-ბანას მეშვეობით ბავშვებისთვის სიყვარულის გაზიარების საშუალება მომეცა. ეს იყო სიყვარულის და სიკეთის დღესასწაული!

– ალბათ არც ღირს შედარება, მაგრამ იქნებ მაინც შეადაროთ ქართული და ამერიკული მუსიკალური ინდუსტრიები ერთმანეთს?

– მინდა გითხრათ, რომ ადამიანი ყველგან ადამიანია და შესაბამისად, აქაც ბევრ შეცდომას უშვებენ ამ ბიზნესში. უბრალოდ, აქ ეს ინდუსტრია დიდი ხნის წინ არის კარგად აწყობილი და ძირითადად სტანდარტული პროცესით მიედინება. მეც დავუშვი ერთი შეცდომა… სტუდიაში მე და ჩემი კოლეგები საკუთარი მობილურებით სულ ვიღებდით არტისტებს, მუსიკოსებს, შემსრულებლებს… ისე უბრალოდ, ჩვენთვის… და მოხდა ასეთი რამ – სტუდიაში მუშაობისას, ერთერთი იამაიკელი არტისტის ჩაწერის დროს, აიფონით დავიწყე მომღერლის გადაღება… (არ მეგონა, რომ პრივატულობას ასე მკაცრად იცავენ აქ) ერთ-ერთი დუბლის ჩაწერის შემდეგ მომღერალი გამოვიდა Live Room-იდან, შემოვიდა Control Room-ში ჩემთან და ძალიან თავაზიანად მკითხა, ხომ არსად დადებ ამ გადაღებულ ვიდეოსო…? მე ვუპასუხე, არა, არც მიფიქრია, უბრალოდ გადავიღე, For the record-თქო… დიდი მადლობაო გადამიხადა და ყოველი შემთხვევისთვის, ჩემი ტელეფონი და იმეილი ჩაიწერა. ამ შემთხვევის გამო ყველა მკაცრად გაგვაფრთხილეს, რომ ამიერიდან არტისტების გადაღება სასტიკად აკრძალულია სტუდიაში. ანუ, ეს არტისტი მენეჯმენტს ეტყოდა ამის შესახებ და მენეჯმენტს არ უნდა პოტენციური კლიენტი დაკარგოს, რაც აბსოლუტურად გამართლებულია. ეს კარგი გაკვეთილი იყო ჩემთვის და ესეც ერთგვარი დაუწერელი კანონია ამ ინდუსტრიაში.

აქ სიმღერის, ტექსტის, არანჟირების ან ნებისმიერი სახის პროდიუსინგის, ინტელექტუალური საკუთრების ავტორი დაცულია, კონტრაქტით და კანონით არის დაცული! საქართველოში ავტორი დაუცველია.

ეს პრობლემა საფუძვლიანად ვერ მოგვარდა ჩვენთან… მექანიზმში რაღაც ჭანჭიკები არ მუშაობს. ალბათ ქართველები გულთან ახლოს არ ვუშვებთ ამ საკითხს, არადა სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხია თითოეული ჩვენთაგანისთვის და შეიძლება ფინანსურად ძალიან მომგებიანიც გახდეს ეს მექანიზმი. მეკობრეობა აქაც არსებობს და აქაც „დახლის ქვეშ“ იყიდება არალიცენზირებული აუდიო და ვიდეო პროდუქცია! ამიტომ ვთქვი ზევით – ამერიკა „რძე და თაფლი“ არავის ეგონოს, ადამიანი ყველგან სცოდავს!

სწორედ ამიტომ, გავწევრიანდი ამერიკულ ASCAP-ში და ნელ-ნელა ვეცნობი მის კანონებს. ჩემს ყველა ნაწარმოებს ნელ-ნელა ვარეგისტრირებ და ვეცდები ამგვარად დავიცვა თავი. აქაური მუსიკალური ფონი ძალიან ჭრელია… კლუბებში ყველანაირ მუსიკას მოისმენ, მაგრამ main stream-ი მაინც დომინირებს და „პაპსა“ აქაც პაპსაა. რადიოში ხშირად ისეთი მუსიკა ტრიალებს, რომლის გადართვაც აუცილებლად მოგინდება, მაგრამ ესეც დიდი ბიზნესია და აქ უამრავი მხარეა ჩართული, ყველა მხარეს ძირითადად ფინანსური დაინტერესება ამოძრავებს. მუსიკალურ ბიზნესში არის პროდიუსერების, იმპრესარიოების და მენეჯერების სტანდარტული შეკითხვა – What’s in it for me? (ასე ითარგმნება) – მე რა ფინანსური ინტერესი (შემოსავალი) მექნება აქედან? სწორედ ეს ფრაზა მართავს ყველაფერს, ეს ფრაზა გახლავთ კანონი, რომელიც ამერიკულ მუსიკალურ ინდუსტრიას ამოძრავებს!

ასე რომ სანამ (არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნებისმიერ ქვეყანაში) ღიპიანი ბიძები რესტორნების ბიზნესის მაგივრად ამ სფეროში არ გააკეთებენ ინვესტიციას, სანამ გენიალური პეტ მეთენის კონცერტზე Blue Note-ში ბილეთი 50 დოლარი ეღირება და გადაჭედილ სტადიონზე უნიჭო მადონას კონცერტზე 300 დოლარი, სანამ ჩვენს ქვეყანაში მასობრივი მოთხოვნა მდარე მუსიკაზეა და უნიჭიერეს ქართველ მუსიკოსებს ტელე-რადიო არხები პროპაგანდას არ გაუკეთებენ, სანამ ნელ-ნელა მოსახლეობის გემოვნებას არ გავზრდით და სწორი მიმართულებით არ ჩამოვაყალიბებთ, ა რ ა ფ ე რ ი გვეშველება!

ამის შეცვლას პროფესიონალები და დიდი თანხები სჭირდება! კარგ მუსიკას პროპაგანდა და დაფინანსება სჭირდება, სჭირდება მცოდნე ადამიანები და არა ანტიმუსიკოსები, რომლებიც საზოგადოებაში იმიჯის და ადგილის მოსაპოვებლად მასებს აბოლობენ და იბრალებენ, რომ მუსიკათმცოდნეები, მუს.პროდიუსერები და შოუბიზ ექსპერტები არიან…

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი – საქართველოში მუსიკოსები ერთმანეთს მეტ პატივს უნდა ვცემდეთ, ერთმანეთის გვერდით უნდა ვიდგეთ და ერთმანეთის წარმატებით გულწრფელად ვხარობდეთ. არადა, თუ რამე ღირებულს და განსხვავებულად საინტერესო მუსიკას ქმნი, შურით გიყურებენ და გულწრფელად მხოლოდ ერთეულებს უხარიათ… ზოგს არც ესმის განსხვავებული მუსიკა რა არის, მაგრამ გიღიმის, რადგან არ უნდა რომ ჩამორჩენილი და გოიმი გამოჩნდეს… ქვეყანაში მოტივაცია დაბალია და ასეთ ვითარებაში ზოგიერთი ქართველი მუსიკოსი მაინც რომ ქმნის საინტერესო მუსიკას, ეს ძალიან მახარებს.

როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა, მუსიკალურ ინდუსტრიაში ძალზედ გამოცდილმა მარკეტოლოგმა და პიარ მეჯერმა, სოფო ჩხაიძემ თქვა – „უნიჭო ადამიანი მშიშარაა, თავის გვერდზე პროფესიონალს და უფრო ნიჭიერს ვერ აიტანს“! ზუსტად ასეა და სწორედ ეს არის ზოგადად კაცობრიობის პრობლემა.

არ გეგონოთ, რომ ამერიკაში არ შურთ ან არ ჩაგრავენ ნიჭიერ ადამიანებს, არ გეგონოთ რომ ნეპოტიზმი არ მუშაობს ამერიკაში. ადამიანი ყველგან ადამიანია, უბრალოდ აქ უზარმაზარი „მოედანია“, ბევრი ბურთია და ძალიან ბევრი „კარი“ დგას, რომელშიც გოლს აუცილებლად გაიტან.

– ამბობენ, საკმარისია ქვეყნიდან წახვიდე, რომ მაშინვე შენს მიმართ ყურადღება მატულობსო. მართლა უფრო მეტად გრძნობთ ყურადღებას ქართველებისგან?

– სიმართლეა. ჩამოვედი თუ არა ამერიკაში, ჩემს მიმართ ყურადღება ბევრად გაიზარდა და ბევრს მაშინ გავახსენდი. მესიჯები ძირითადად ასე იწყება – ბიბი როგორ ხარ? ნიუ იორკში ხარ ხო? რას აკეთებ?

– რომ არა მუსიკა, ვინ იქნებოდა ბიბი კვაჭაძე?

– პირველ რიგში ადამიანი უნდა იყო… თუ ადამიანად არ ვარგიხარ, მე პირადად არც შენი მუსიკა, არც შენი დაკრული და არც შენი ნამღერი მაინტერესებს…

უცოდველი არავინ ვართ, მაგრამ ვცდილობ ადამიანის სახე არ დავკარგო და შევინარჩუნო სიყვარული! ეს არის ჩემთვის მთავარი… ყოველთვის არ გამომდის, რადგან მეც ადამიანი ვარ და ხშირად მეშლება, თუმცა მე არ ვიცი რა არის სიძულვილის გრძნობა, რადგან ჩემს გულში სიყვარულის გარდა არაფერია…

სიყვარული რომ არა, არც ბიბის მუსიკა იქნებოდა და არც თავად ბიბი კვაჭაძე.

– აპირებთ საქართველოში დაბრუნებას?

– ვისურვებდი… მაგრამ ამჟამად ეს შეუძლებელია… თუმცა იმედს ვიტოვებ.

– გვიამბეთ სამომავლო გეგმებზე.

– სამომავლო გეგმები არ მაქვს… არაფერს ვებღაუჭები… მინდა მუსიკის კეთება და სიყვარულის გაცემა, მეტი არაფერი.