23 ივნისი, 2015

რატომ იტირა გოგა ჩანადირმა სტიქიის ადგილზე?

1goga4ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ფართო საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. ის წლებია თავისი განუყრელი ფოტოაპარატით მთელს საქართველოში, და არა მარტო საქართველოში, მოგზაურობს და მნიშვნელოვან მომენტებს აფიქსირებს.

გოგა 13 ივნისს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის ადგილზეც აქტიურად მუშაობს და იღებს ფოტოებს, რომელიც მომავალ თაობას დედაქალაქის ამ უმძიმეს დღეებს შემოუნახავს. ამბობს, რომ ამ შემთხვევაში მუშაობა ყველაზე მეტად უჭირს, რადგან, ადამიანური თვალსაზრისით, ეს საკმაოდ რთულია.

“არტინფო” გოგა ჩანადირს ესაუბრა:

– 13 ივნისის სტიქია რომ მოხდა, თბილისში არ ვიყავი. რაც ჩამოვედი, იმის მერე სულ იქ ვარ. ეპიცენტრში მომდევნო დღეებში აღმოვჩნდი, ვმუშაობდი კიდეც და ფოტოებსაც ვიღებდი. ვერ ვიტყვი, რომ რამე განსაკუთრებული გადავიღე, მთავარია ჩემს საქმეს ვაკეთებდი.

– რამდენად მოახერხეთ ამ უმძიმეს ადგილზე მუშაობა როგორც ფოტოხელოვანმა?

– ხელს არაფერი მიშლიდა ჩვეულებრივ ვიღებდი, მაგრამ ადამიანურად ეს ძალიან რთული და მძიმეა. განსაკუთრებით მაშინ, როცა სახლებში დავდიოდი და როცა ზოოპარკი ვნახე. საშინელებაა იმის წარმოდგენა, რა მდგომარეობაში იყვნენ ადამიანები, როცა სახლში წყალი უვარდებოდათ და არ იცოდნენ რა ექნათ, ვფიქრობდი ცხოველებზეც, რომლებიც იტანჯებოდნენ და ვერ უმკლავდებოდნენ სტიქიას. საბედნიეროდ, ადამიანების უმრავლესობა გადაარჩინეს მაშველებმა, მაგრამ სამწუხაროდ, 19 ადამიანი დაიღუპა. იცით, ასეთ თემაზე არასდროს მიმუშავია, საქართველოში პირველად ვიმუშავე ასეთ მძიმე თემაზე. როცა სამი წლის წინ წყალდიდობა მოხდა ორთაჭალაში, მაშინაც არ ვიყავი თბილისში და ის სურათი, რაც უნდა დამხვედროდა, არ მინახავს. ბედნიერი ვარ, რომ თითქმის ყველა პროფესიის ადამიანი ჩაერთო ამ საქმეში.

– ელოდით ასეთ ერთსულოვნებას?

– ქართველებს დიდი გამოცდილება გვაქვს ერთსულოვნების საკითხში. მახსოვს 9 აპრილი, როცა იყო ერთსულოვნება… ომის დროსაც იყო ერთსულოვნება, მაგრამ მოხალისეები ომში ვერ წავიდოდნენ, ამას აზრი არ ჰქონდა, თუმცა თუ საჭირო გახდებოდა, დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი წავიდოდა. ამ ერთსულოვნებას ველოდი იმის გამო, ძალიან გავიზარდეთ და მივხდვით, რომ არ შეიძლება ველოდოთ როდის მოვა სხვა და მოუვლის ჩვენს ქვეყანას. ეს იგივეა დაახლოებით, რომ ველოდოთ ჩვენს სახლს როდის დაგვილაგებენ. ხალხი მიხვდა, რომ ჩვენს მიწაზე მოხდა, ჩვენს ქალაქში მოხდა საშინელება და რატომ უნდა დაველოდოთ სხვას? ავდგეთ დავწმინდოთ და დავალაგოთ. ადამიანებს გაუჩნდათ სახელმწიფო საკუთრების განცდა. კიდევ ცოტა ხანში სრულიად ჩამოყალიბებული საზოგადოება იქნება. იმ კატეგორიის ადამიანებს მივეკუთვნები, რომლებიც მართლა ფიქრობენ, რომ 40 წელია საჭირო ადამიანების შესაცვლელად. თუ დაუკვირდებით, იყო პერიოდი, როცა სისხლით შევცვალეთ ხელისუფლება, მერე მშვიდობიანი დემონსტრაციით შეიცვალა და მერე უკვე – არჩევნების გზით. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები გაიზარდნენ. საბედნიეროდ, ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ წარსულ შეცდომებზე. ილიამ თქვა: ერი, რომელიც ივიწყებს თავის წარსულს, არ არის ღირსი მომავლისო. ამ ტრაგედიის დროს ჟურნალისტების თავგამოდებული მუშაობა იმედს მაძლევს, აღარასოდეს დაგვავიწყდება რა საშინელება დაგვემართა და ყველას უნდა შევახსენოთ, რომ ძალა ერთობაშია.

– ინანეთ, წყალდიდობის დროს თბილისში რომ არ იმყოფებოდით?

– კი, ორივეჯერ ვინანე, რატომ არ ვიყავი თბილისში-მეთქი. საშინელება მოხდა. შოკიდან ვერ გამოვსულვარ დღესაც. გულწრფელად რომ გითხრათ, აღმოვაჩინე რომ ბევრჯერ წამომივიდა ცრემლი, რამდენიმე მიზეზის გამო. ერთი ამ ტრაგედიის გამო, როცა ამ თემის გარშემო უშუალოდ ადგილზე გარშემო ვმუშაობდი. ბევრმა საქებარი სიტყვები მითხრა და ამის გამოც. ჩემი შრომა არაფერია იმ მოხალისეების შრომასთან შედარებით, რომლებმაც თავი გადადეს და სული და გული ჩადეს ჩვენი ქალაქის დასუფთავებაში. ჩემთვის ისინი არიან ნამდვილი მოქალაქეები. რატომ გამოვიდა ამდენი ადამიანი ქალაქის დასალაგებლად, ეს კითხვა აღარც გაჩენილა, იმიტომ რომ ყველა მიხვდა, რომ მოხდა ტრაგედია და ერთად უნდა დავმდგარიყავით ადამიანების, სახელმწიფოს, ჩვენი ქალაქის, ერთმანეთის გვერდით. ახლა რომ ვიაზრებ ამ ტრაგედიას, არც კი მეპარება ეჭვი, რომ ამდენი მოხლისე ერთად დადგებოდა. პირველივე წუთებზე გამოვარდა ხალხი ერთმანეთის საშველად. კარგი თაობა მოდის, მას დავარქმევდი ფერად თაობას. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც შავებს აღარ იცვამენ, სხვანაირად უყურებენ ცხოვრებას, უფრო ხალისიანები არიან, უფრო იმედიანები, უმრავლესობა იყო ისეთი ახალგაზრდა, ვისაც სვირინგიც ჰქონდა, პირსინგიც და თმაც შეღებილი.

– თქვენს სხვადასხვა აქციებს ატარებთ. ერთ-ერთი მათგანი სხვისი ნაგვის აღება და ურნაში ჩაგდებაა. ეს აქცია რამდენად აიტაცა საზოგადოებამ?

– 13 მაისს დავიწყე ეს აქცია და 13 ივნისს ასეთი ამბავი მოხდა. ახლა შეჩერებულები ვართ და ცოტა რომ გადაივლის ეს შოკური მდგომარეობა, ისევ გავაგრძელებთ. ჩვენ ვინმეს ჭკუას კი არ ვარიგებთ, უბრალოდ ვუხსნით, რომ ასე უფრო სჯობს. ნაგავი ნაგვის ურნაში უნდა ჩავაგდოთ და არა ძირს, მაგრამ თუ ვინმემ მაინც ძირს დააგდო, არ შეგვრცხვეს და ავიღოთ, რომ ეს ჩვენი სამოქალაქო ჩვევა გახდეს. ნაგვის სანაგვეში ჩაგდება სამოქალაქო კულტურის ნაწილია. ამ აქციით მინდოდა საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა ის, რაც მაწუხებს. მაწუხებს ის, რომ ჩვენი კულტურული თუ სულიერი მემკვიდრეობის ძეგლები თუ ბუნება არის დაბინძურებული. ამ აქციას უმარავი სკოლა და დაწესებულება გამოეხმაურა, თუმცა განვითარებული მოვლენების გამო, ათამდე დასუფთავების აქცია გადავდეთ.

– გოგა, თქვენი კიდევ ერთი აქცია ბარბარიზმების წინააღმდეგ არის მიმართული. რატომ გაგიჩნდათ ეს იდეა?

– ქართულ ენას დიდი ხანია ვიცავ. ჩემი მეტყველებიდან ბარბარიზმები თითქმის ამოღებულია. ჩემი მეგობრები ხუმრობენ, როცა ბარბარიზმი წამოგვცდება პირზე ხელს ვიფარებთო. ახალი დარეგისრიტებული ვარ ფეისბუქზე და ამის მეშვეობით გახდა ეს თემა პოპულარული. ძალიან დაგვიბინძურდა ენა. ეს იგივეა, წყალი რომ დაბინძურდეს და ხმა არ ამოვიღოთ. მერე ის ხომ დაჭაობდება და უფრო ცუდ სუნს აუშვებს? ჩვენი ენა ისე დაგვიჭაობდება, ჩვენს იდენტობას, სახეს, ქართველობას დავკარგავთ. შემთხვევით კი არ თქვა ილიამ, ენა, მამული, სარწმუნოებაო. ზოგი ამბობს, მამული, ენა, სარწმუნოებაო, მაგრამ ჩემთვის უპირველესი არის ენა. ამ სამი ღირებულებიდან ენა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ილიამ იცოდა, რომ მხოლოდ ენასთან იყო გაიგივებული ქართველობა და ეროვნება. ფერეიდნელმა ქართველებმა დაკარგეს მამული და სარწმუნოება, ისევე როგორც ტაო კლარჯეთში და თურქეთში მცხოვრებმა ქართველებმა, მაგრამ ენა არ დაუკრგავთ და მხოლოდ ამ ენის წყალობით ვიცით, რომ ისინი ქართველები არიან. ამიტომ ენის დაცვა უმთავრესია. ბარბარიზმების გამოყენება სრულიად გაუაზრებლად მიმდინარეობს. ბევრმა მომიწონა იდეა, ბევრმა მომწერა, ბევრი დაფიქრდა და ეს მიხარია, დაფიქრებიდან იწყება გაანალიზება და მერე უკვე მისი განხორციელება. ნამდვილად არ გვჭირდება ბარბარიზმები ქართულში, შესატყვისი სიტყვები გვაქვს და რატომ არ უნდა გამოვიყენოთ?

2goga

– კულტურული ძეგლები ახსენეთ. რა მდგომარეობაშია ქართული ღირსშესანიშნაობები?

– სამწუხაროდ, ბუნება და ძეგლები დანაგვიანებულია. ქართველები ქეიფობენ, ტოვებენ ნაგავს და არ აქვთ გააზრებული მისი მავნებლობა. მეგობრებს ხშირად ვეუბნები, როცა მაღაზიაში წავალთ, არ არის აუცილებელი ყველაფერზე პარკი გამოვართვათ. შეიძლება ჩვენ კულტურულად მოვიქცეთ, პარკი სანაგვეში ჩავაგდოთ, მაგრამ დაუმუშავებელი ნაგავსაყრელის გამო, ის პარკი ქარის შედეგად გარეთ ხვდება. ხალხმა არ იცის, რომ პოლიეთილენის პარკი არ იხრწნება. ჩვენს საზოგადოებას სჭირდება განათლება. ეს უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის გამდიდრების და დალაგების საწინდარი.

– ტაო კლარჯეთშიც იმყოფებოდით. რას იტყვით იქ არსებულ უცნობ ქართული ძეგლებზე?

– ჩვენ ვიყავით ტაო კლარჯეთის იშვიათ ადგილებში. ეს არ არის ტაო კლარჯეთის პოპულარული ძეგლები. ჩვენ ვნახეთ სულ სხვა ძეგლები. ვიყავით ჩანგლში, რომელიც ყარსის მხარეს მდებარეობს, იქ არის უზარმაზარი ქართული წარწერა დატოვილი დასავლეთის კედელზე. ასევე ვნახეთ ანისი და იქ მდებარე ქართული ტაძრები. როგორც გიორგი კალანდიამ მითხრა, წმინდა ნინოს ყველაზე ძველი ფრესკაა ამ ტაძარში. ანისში, სადაც ქართული ტაძრები მდებარეობს, ერთი ეკლესია არის ყველაზე კარგ მდგომარეობაში, ანისში არსებულ ტაძრებს შორის. მეორე ტაძრისგან კი მხოლოდ ერთი კედელია შემორჩენილი, მაგრამ იქ მითითებულია თურქულად და ინგლისურად, რომ ეს არის ქართული ტაძარი. ჩანგლიში ყველაფერი ნორმალურად არის. არ ინგრევა, მაგრამ მისახედია იქაურობა. იმედია, სახელმწიფო მოაგვარებს რამენაირად ამ საკითხებს, რომ მუზეუმის სტატუსები მაინც მისცეს ამ ტაძრებს, როგორც მაგალითად ტრაპიზონის აია სოფიას აქვს, ამით გადარჩა ეს ტაძარი დანგრევას.

”არტინფო” გოგა ჩანადირის მიერ სტიქიის ზონაში გადაღებულ კადრებს გთავაზობთ:

1goga1

3goga3

1goga2