Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

Placebo-ს სკანდალი გრძელდება

16 ივნისი, 2015

1placebooooo7 ივლისს თბილისში ჯგუფი Placebo უნდა ჩამოვიდეს და Tbilisi Open Air Alter/Vision-ის მიერ დაგეგმილ ფესტივალში უნდა მიიღოს მონაწილეობა.

ორი დღის წინ ჯგუფის ბასისტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა თბილისის ქუჩებში მოსეირნე ბეჰემოტის ფოტო და მიაწერა, რომ მალე ამ ცირკს თავადაც შეუერთდებოდა. მოგვიანებით, როცა მუსიკოსმა ამის გამო ბოშიდიც მოიხადა, თუმცა ეს ამბავი ამით არ დასრულებულა.

Tbilisi Open Air Alter/Vision-მა სოციალურ ქსელში სპეციალური განცხადება გაავრცელა:

“მეგობრებო, დღეს, როდესაც თბილისი ჯერ კიდევ არ არის გამოსული იმ შოკიდან, რომელიც რამდენიმე დღის წინ გადაიტანა, ძალიან არ გვინდოდა ამ თემაზე საუბარი. მაგრამ, როგორც Tbilisi Open Air-ის ორგანიზატორები, თავს ვალდებულად ვთვლით, შემდეგი განცხადება გავაკეთოთ:

შეგახსნებთ, რომ წლევანდელ ფესტივალზე 7 ივლისს მონაწილეობას მიიღებს ჯგუფი Placebo. მისმა ერთ-ერთმა წევრმა, სტეფან ოლსდალმა 13 ივნისის დილას თავის ინსტაგრამზე დადო ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ბეჰემოტი თბილისის ქუჩებში, რომელიც პირდაპირ ხიდან მიირთმევს ფოთლებს და გაიხუმრა, რომ “თბილისში მალე კონცერტი აქვს და ერთი სული აქვს, როდის შეურთდება ამ ცირკს”. ჩვენ, ბუნებრივია, დავუკავშირდით მას და განმარტება მოვთხოვეთ. საუბრისას გაირკვა, რომ მას საერთოდ არ ჰქონდა ინფორმაცია წყალდიდობის და დატრიალებული ტრაგედიის შესახებ, ძალიან შეწუხდა, იქვე დაარედაქტირა ტექსტი, ხოლო შემდეგ, როდესაც ვითარებაში ბოლომდე გაერკვა, საერთოდ წაშალა ის ფოტო და ახალი დადო, სადაც ძალიან გულწრფელი ბოდიში მოიხადა. ვიმეორებთ სრული პასუხისმგებლობით, რომ ამ ადამიანს თავში აზრად არ მოსვლია ჩვენი ქვეყნის და მისი მოქალაქეების შეურაცხყოფა. ოლსდალმა არ იცოდა, რომ თბილისში ტრაგედია დატრიალდა და კონკრეტულ ფოტოზე გაიხუმრა, რომელიც (როდესაც არ იცი ამ ფოტოს უკან რა დგას) ნამდვილად ღიმილისმომგვრელია. ჩვენთვის მისი ბოდიში დამაჯერებელი და მისაღებია. სხვაგვარად რომ ყოფილიყო, ოლსდალი, ისევე როგორც ვერცერთი სხვა არტისტი, რომელიც ღიად ეწინააღმდეგება ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, ვერ მოხვდებოდა ჩვენი ფესტივალის სცენაზე.

ჩვენ ეს ორი დღის წინ უკვე განვმარტეთ. უმრავლესობას ძალიან ადეკვატური რეაქცია ჰქონდა და მხარში დაუდგა როგორც ჩვენს პოზიციას, ისევე არტისტს, რომელმაც ბოდიში მოიხადა თავისი უნებლიე შეცდომის გამო. თბილისში მომხდარი კატასტროფის შემდეგ მთელი ქვეყანა კონსოლიდირებულია და ყველა ერთად ცდილობს სტიქიური უბედურების შედეგებთან გამკლავებას. სამწუხაროა, რომ ამ დროს, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც თავისი ყურადღების და ენერგიის დიდ ნაწილს სრულიად სხვა მიმართულებით ხარჯავენ.

მეგობრებო, ჩვენს ფესტივალს აქვს თავისი ისტორია და ფილოსოფია. ის ძალიან კონკრეტულ და მყარ ღირებულებებზეა დაფუძნებული. ჩვენი ფესტივალის სლოგანი არის და იქნება: მუსიკა ათავისუფლებს / MUSIC BREAKS FREE! ფესტივალის მისია, დაწყების დღიდან, არის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ადამიანებს საშუალება აქვთ თავისუფლად იურთიერთონ ერთმანეთთან და მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ იმ რეალობისგან, რომელშიც ხვდებიან. TBILISI OPEN AIR-ზე ადამიანებს ერთმანეთი უყვართ. შესაბამისად, გვინდა კატეგორიულად განვაცხადოთ, რომ ფესტივალი გმობს ნებისმიერი სახის აგრესიის გამოვლენას და ძალადობისკენ მოწოდებას, იმ ჰომოფობიურ, ქსენოფობიურ და რასისტულ განცხადებებს, რომლებიც გაისმის ბოლო 2 დღის განმავლობაში. ჩვენ არ ვიქნებით ტოლერანტულები ასეთი ადამიანების მიმართ.

TBILISI OPEN AIR არის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე ემსახურება ქვეყნის პოპულარიზაციას. წელს ჩვენმა ფესტივალმა კიდევ უფრო მასშტაბური სახე მიიღო, 5-დღიან ნონ-სტოპ ფესტივალზე მონაწილეობას 70-ზე მეტი ადგილობრივი და მსოფლიო დონის არტისტი და ბენდი მიიღებს. ფესტივალზე დასწრების სურვილი ძალიან მაღალია, როგორც ჩვენი ქვეყნის შეგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

ამიერკავკასიის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე წელს 5 დღის განმავლობაში 50, 000-ზე მეტ ადამიანს ველოდებით.

TBILISI OPEN AIR 2015 17 დღეში იწყება. ვმუშაობთ 24-საათიან რეჟიმში. შესაბამისად, ეს არის ჩვენი შემაჯამებელი და საბოლოო კომენტარი ამ თემაზე. ფესტივალის მონაწილეები და მისი ფორმატი უცვლელია. არასაერიოზულია იმაზე საუბარი, რომ ფესტივალი ჩაიშლება, ან ვინმე ჩაშლის.

ჩვენი ფესტივალის მეგობრებს ვთხოვთ, რომ არ შევიდნენ პოლემიკაში იმ ადამიანებთან, ვისაც არ ესმით რა არის TBILISI OPEN AIR. დანარჩენზე ჩვენი ფეისბუკ-გვერდის ადმინები იზრუნებენ. MUSIC BREAKS FREE!”

ამის მიუხედავად, საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი აცხადებს, რომ მისთვის ყველანაირი ბოდიში მიუღებელია და ის თანამოაზრეებთან ერთად ჯგუფს აეროპორტში დახვდება და მათ კონცერტს ჩაშლის.