12 ივნისი, 2015

პაატა ბურჭულაძის კიდევ ერთი აღიარება

1burchმსოფლიოში ცნობილი ქართველი საოპერო ბანი პაატა ბურჭულაძე კვლავაც ტრიუმფით აგრძელებს თავის მოღვაწეობას. ამჯერად საოპერო მომღერალი ოდესაში იმყოფებოდა, სადაც წილად ხვდა პატივი გაეხსნა კლასიკური მუსიკის პირველი საერთაშორისო ფესტივალი Odessa Classics.

როგორც მოსალოდნელი იყო, ფესტივალის პირველ დღეს დარბაზში სრული ანშლაგი, ხანგრძლივი აპლოდისმენტები და ოვაციები ისმოდა. ფილარმონიის სცენაზე ჟღერდა მუსორგსკი და ვერდი ოდესის ფილარმონიის კამერული ორკესტრის შესრულებით, რომელსაც იგორ შავრუკი დირიჟორობდა.

სცენაზე იდგა მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ბანი პაატა ბურჭულაძე:

– ოდესასთან მჭიდრო კავშირები მაქვს. ამიტომაც აქ ჩამოსვლა ჩემთვის ყოველთვის დიდი ბედნიერებაა. არასოდეს მავიწყდება, რომ ოდესის მუსიკალურ სკოლასთან ვალში ვარ. სწორედ აქ გავიარე სტაჟირება ცნობილ საოპერო მომღერალთან ევგენი ივანოვთან, აქ გავატარე ახალგაზრდობა, აქ დაიწყო ჩემი მსოფლიო კარიერა და ოჯახური ცხოვრება, ჩემი მეუღლე ოდესელია. ასე რომ, სანახევროდ მეც ოდესელი ვარ, – ამბობს პაატა ბურჭულაძე.

კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ოდესაში, რომელიც ქართველმა საოპერო მომღერალმა გახსნა, 14 ივნისამდე გაგრძელდება.