2 ივნისი, 2015

,,ოცნებების სასაფლაო’’ აღდგენილია

1ocnebebis-sasaflaoრეჟისორ გიორგი ხაინდრავას ფილმი “ოცნებების სასაფლაო“ აღდგენილია. მისი პრეზენტაცია 3 ივნისს კულტურის სამინისტროში გაიმართება.

გიორგი ხაინდრავას მხატვრული ფილმი „ოცნებების სასაფლაო“ სამშობლოში დაბრუნდა. განხორციელდა ნეგატივის რესტავრაცია, მისი გაწმენდა, აღდგენა და ციფრზე გადატანა. აღნიშნული კინოსურათის ერთადერთი ორიგინალი ამ დრომდე საფრანგეთში, კომპანია „Vectracom”-ში ინახებოდა.

გიორგი ხაინდრავამ ფილმზე მუშაობა 1992 წელს დაიწყო და გადაღებები 1996 წელს დაასრულა. კინოსურათი აგებულია აფხაზეთის ომის ამსახველ დოკუმენტურ მასალაზე და ფილმზე მუშაობაც აფხაზეთში მიმდინარეობდა. პერსონაჟები ომში მონაწილე რეალური გმირები არიან.

„ოცნებების სასაფლაო“ არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. მათ შორისაა ოქროს მედალი ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, გრანპრი და კინოკრიტიკოსთა პრემია შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალზე „ოქროს არწივი“, უმაღლესი ჯილდო „ღვინის მწარმოებელი ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალზე“ სან-ფრანცისკოში, გრანპრი და ჟიურის პრიზი „ფიპრესი“ სოჭის საერთაშორისო კინოფესტივალზე „კინოტავრი“.