16 ივნისი, 2015

ოპერისა და ბალეტის თეატრი საქველმოქმედო წარმოდგენებს გამართავს

1operis-teatriთბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი საქველმოქმედო წარმოდგენებს გამართავს.

17 ივნისს გრიბოედოვის თეატრში წარმოდგენილი იქნება ოთარ თაქთაქიშვილის ოპერა „მინდიას” საკონცერტო შესრულება. შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება სტიქიის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს. საქველმოქმედო აქციაში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს ასევე უერთდება გრიბოედოვის სახელობის რუსული დრმატული თეატრი და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები.

– ფართო საზოგადოებას და განსაკუთრებით ჩვენს ერთგულ მსმენელს მოგმართავთ თხოვნით, მობრძანდეთ 17 ივნისს სპექტაკლზე. ამ ფორმით გამოვხატოთ სოლიდარობა და თანადგომა დაზარალებულების მიმართ. ბილეთის ფასია 5 ლარი. ერთად დავუდგეთ მხარში ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც გასაჭირში არიან! – ნათქვამია ოპერისა და ბალეტის თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი 21 ივნისს წარმოადგენს ადანის ორმოქმედებიან ბალეტს “ჟიზელი”. მთავარ პარტიებს ნინო სამადაშვილი და ფილიპ ფედულოვი შესარულებენ. ალბერის პარტიაში ეს ფილიპ ფედულოვის დებიუტი იქნება. წარმოდგენიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ფონდში.

– გთხოვთ, ჩაერთოთ ჩვენს აქციაში, თითოეული თეთრი მნიშვნელოვანია. ერთად დავუდგეთ გვერდით ჩვენს ქალაქს, – მოუწოდებს საბალეტო დასი საზოგადოებას.