24 ივნისი, 2015

ნიკა ცისკარიძე თბილისში ჩამოდის

1ciskaridzeცნობილი ქართველი ბალერონი ნიკა ცისკარიძე თბილისში ჩამოდის. 29 ივნისს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ბალეტის სახელგანთქმულ არტისტთან, რუსული საბალეტო აკადემიის რექტორთან ნიკა ცისკარიძესთან შეხვედრა გაიმართება. წარმოდგენილი იქნება მისი სასცენო მოღვაწეობის შემაჯამებელი ფოტოალბომი “ცისკრის ვარსკვლავი”.

ნიკა შეკრებილ საზოგადოებას თავისი მდიდარი საარქივო ჩანაწერებიდან მათთვის სასურველი სპექტაკლის ჩვენებას პირდება და შეკითხვებზე ჩვეული პირდაპირობით აპირებს პასუხების გაცემას.

ხელოვანი საჩუქარს უმზადებს ხელოვნების სასახლესაც. იგი სახელოვანი თანამემამულის სოლიკო ვირსალაძის მიერ შექმნილ პრინც დეზირეს კოსტიუმს სპექტაკლისათვის „მძინარე მზეთუნახავი“ ხელოვნების სასახლეს გადასცემს.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი ძვირადღირებული გამოცემა, რომელსაც ბალეტის მოყვარულები და ნიკა ცისკარიძის თაყვანისმცემლები დიდი ხანია ელოდებიან, ფასდაკლებით გაიყიდება. შემოსული თანხა მთლიანად ფონდ “სოლიდარობის” ანგარიშზე გადაირიცხება. მემუარული ფოტოალბომი საჩუქრად გადაეცემა ყველა მუზეუმსა და ბიბლიოთეკას.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაგეგმილ შეხვედრაზე დასწრება კი ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.