21 ივნისი, 2015

მსოფლიო ოპერის კიდევ ერთი ქართველი ვარსკვლავი

1sofiaლა სკალას თეატრში უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა – სცენაზე ერთდროულად სამი ქართველი საოპერო მომღერალი იდგა და ბიზეს “კარმენს” ასრულებდა.

ანიტა რაჭველიშვილმა, სოფია მჭედლიშვილმა და ნინო მაჩაიძემ დარბაზში შეკრებილი მაყურებლის აღფრთოვანება შეძლეს. ქართველ საოპერო მომღერლებს მსმენელი ხანგრძლივი ოვაციებით და მქუხარე აპლოდისმენტებით აჯილდოებდა. თეატრიდან გამოსულებს კი ავტოგრაფის მოლოდინში შეკრებილები შეძახილებით ”Brave Georgiane” ხვდებოდა.

“არტინფო” სოფია მჭედლიშვილს ესაუბრა.

– გვინდა მოგილოცოთ წარმატებული გამოსვლა ლა სკალაში. როგორ მიმდინარეობდა მზადება ამ საოპერო სპექტაკლისთვის?

– დიდი მადლობა მოლოცვისთვის. მართლაც ასეთი პრეცენდენტი ლა სკალას თეატრში, რომ ერთ პროდუქციაში სამი ქართველი ერთდროულად იღებდეს მონაწილეობას, ჯერ არ ყოფილა. საინტერესო, ენერგიული და ცოცხალი იყო მუშაობის პროცესი. თითოეულ მოძრაობას, თითო დეტალს, რასაც ვაკეთებდით, ქართული სული და ხასიათი ეტყობოდა, ამას ჩვენი იტალიელი კოლეგებიც უსვამდნენ ხაზს. სპექტაკლის დღეს ყველაფერი ჩუმი ფუსფუსით დაიწყო, ყველა თავის როლზე იყო კონცენტრირებული. ოდნავ დაძაბული ატმოსფერო ფარდის გახსნასთან ერთად გადაიქცა სასიამოვნო, გიჟურ ცეცხლად, რომელიც მოედო მთელს სცენას და შემდეგ უკვე მაყურებელსაც. საოცარი შეგრძნებაა, იდგე ლა სკალას სცენაზე, ასრულებდე როლს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ოპერაში და თან იცოდე, რომ შენს გვერდით ორი შენი თანამემამულე, ორი შეუდარებელი მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი და ნინო მაჩაიძე დგას. სპექტაკლები სრული ანშლაგითა და ხანგრძლივი აპლოდისმენტებით წარიმართა. თეატრიდან გამოსულებს კი, ავტოგრაფის მოლოდინში შეკრებილი მსმენელი, შეძახილებით ”Brave Georgiane” გვხვდებოდა. ამ დროს გული სიამაყით გევსება.

– სოფია, რა გზა გაიარეთ დღემდე, რა იყო ის მნიშვნელოვანი მომენტები, რამაც თქვენს კარიერაში წინსვლა განაპირობა?

– რაც შეეხება ჩემს მიერ განვლილ გზას, თავს ძალიან იღბლიანად ვთვლი რადგან პედაგოგებში გამიმართლა. გენიალურ პედაგოგ თამარ სარვაზიშვილთან დავიწყე პირველივე ნაბიჯების გადადგმა და ხმის დამუშავება, მისი დამსახურებაა ის, რომ თავისუფლად შემიძლია ურთულესი ვირტუოზული ნაწარმოებების შესრულება. იგი დღემდე ჩემი პედაგოგი და გულშემატკივარია, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი. კონსერვატორიაში ჩაბარების შემდეგ კი უდიდესი მაესტროს ნოდარ ანდღულაძის კლასში დავხელოვნდი როგორც არტისტი, ვეზიარე საოპერო ინტერპრეტაციის ჯადოსნურ სამყაროს. სამწუხაროდ, ის ჩვენს გვერდით აღარ არის.

22 წლის ასაკში პირველად ჩამოვედი იტალიაში და მაშინვე ამიყვანეს ლუჩია დი ლამერმურში ლუჩიას როლზე. მაშინ პირველად დავდექი იტალიური თეატრის სცენაზე და შევასრულე პირველი მთავარი როლი. ამას მოჰყვა შემდგომ უკვე AS.LI.CO-ს საერთაშორისო კონკურსში გამარჯვება ამენაიდეს როლისთვის (ოპერა ტანკრედი), შემდეგ იყო ჯილდას პარტია პეტრუცელის თეატრში, კარმინა ბურანა, გერმანიაში ფოლევილლეს პარტია როსინის ოპერაში, სადაც ჩაიწერა ჩემი პირველი დისკი და ა.შ.

ორი წლის წინ კი ჩავაბარე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ლა სკალას თეატრის დახელოვნების აკადემიაში, რომლის წარმატებით დასრულების დიპლომიც “კარმენის” საზეიმო კონცერტზე გადმომეცა. ამ ორი წლის განმავლობაში პატივი მქონდა მემუშავა მსოფლიოში სახელგანთქმულ მომღერლებთან.

– ვინ არის “დამნაშავე” დღეს რომ საოპერო ხელოვნებაში ხართ?

– მთავარი “დამნაშავე” დედაჩემია, მარინა მჭედლიშვილი. ბავშვობიდანვე დავყავდი თბილისის საოპერო თეატრში სპექტაკლებზე. პირველივე ნახვიდან ისე “მოვიწამლე” ამ ჯადოსნური სამყაროთი, რომ მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ძალიან დიდი მადლობა დედას იმისთვის, რომ პირველ რიგში, მაპოვნინა საკუთარი მოწოდება და მეორე რიგში იმისთვის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ჩემს გვერდით იდგა და ჩემთან ერთად გადიოდა ყოველ რთულ ნაბიჯს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. მადლობელი ვარ ასევე ჩემი ოჯახის, მათ გარეშე ისეთი ძლიერი ვერ ვიქნებოდი, როგორიც ახლა ვარ.

– საოპერო მომღერლისთვის ხმა უმთავრესია. როგორ უვლით თქვენს ხმას?

– ხმის მოვლა მართლაც რთული საქმეა. ყველაფერი ხმაზე მოქმედებს – გაციება, დაღლილობა ფიზიკური თუ გონებრივი, მღელვარება, კლიმატის ცვლილება და ა.შ. შეძლებისდაგვარად ვიცავ თავს და თუ მაინც რომელიმემ შემიშალა ხელი, ამ დროს საქმეში საგულდაგულოდ გაწვრთნილი სასიმღერო ტექნიკა ერთვება.

– გაქვთ თუ არა საოცნებო პარტია?

– რა თქმა უნდა. ძნელია ერთის გამოყოფა, მაგრამ ალბათ მაინც ვიოლეტას გამოვყოფდი ტრავიატადან.

– რა არის ქართველი ოპერის მომღერლების მსოფლიო წარმატების საიდუმლო?

– ვფიქრობ, ქართული გენი.

– რა რჩევებს მისცემთ დამწყებ საოპერო მომღერლებს?

– რჩევა?! შრომა და ძალიან დიდი ნებისყოფა. გაუფრთხილდნენ საკუთარ ხმებს როგორც თვალის ჩინს.

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

– ამ დროისთვის შემიძლია გითხრათ, რომ ვერონაში ღამის დედოფლის პარტიას შევასრულებ მოცარტის ჯადოსნურ ფლეიტაში, საფრანგეთში სანდრინას პარტიას მოცარტის ოპერაში. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე კონტრაქტზე, ასე რომ თავს შევიკავებ დასახელებისგან.

საუბრის ბოლოს, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ცდილობთ ჩვენი, უცხოეთში მოღვაწე ქართველების წარმატებები ქართველი ხალხის ყურამდე მიიტანოთ, მგონია რომ ეს სტიმულს მისცემს ბევრ ახალგაზრდას.