2 ივნისი, 2015

,,მილიონრები’’ – პრემიერა სოხუმის თეატრში

1soxumi 4 და 5 ივნისს სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პრემიერაა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი დავით საყვარელიძე წარმოადგენს ერთმოქმედებიან სპექტაკლს “მილიონრები”, რომელიც ედუარდო დე ფილიპოს პიესების მიხედვით განხორციელდა.

სპექტაკლის ავტორი დავით საყვარელიძეა, ქორეოგრაფი ეკა არჩაია, რეჟისორის თანაშემწე კი ლეილა მურღულია.

სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები ბადრი ბეგალიშვილი (ჯენარო), მარინა სოლომონია (ამალია), პაატა ვახტანგიშვილი (ამადეო), ვერიკო კალანდია (მარია), ნიკა წერედიანი (პეპე), დათო ბერაძე (ფედერიკო), ბესო ქარჩავა (მღვდელი), ჯულიეტა პაკელიანი (ადელაიდა), ლონდა კაცია (ასუნტა), ლიანა მიქაშავიძე (პეპენელა), ნინო შავგულიძე (ტერეზა), სანათა ძაძამია (მარგარიტა), ნუგზარ წერედიანი (უბნის ინსპექტორი), იუკა ვასაძე (ჩაპა, საგადასახადოს უფროსი), ედემ ხვიჩია (სტუმარი), ლელა შარაბიძე (ლუჩია), იზოლდა ბოკუჩავა (უცნობი ჭირისუფალი).

სპექტაკლი ახმეტელის თეატრის სცენაზე იქნება წარმოდგენილი.

დავით საყვარელიძე, რეჟისორი:

– არსებობენ ადამიანები, რომელთა შესახებ გგონია, რომ ყველაფერი იცი, მაგრამ ზოგჯერ ისეთ ამბავს მოგიყვებიან, გაოცდები. იცი არ გატყუებენ!

ასე მემართება, როდესაც ჩემი დიდი ხნის მეგობრებისგან, სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობებისგან, გასაოცარ ისტორიებს ვისმენ. ზოგჯერ ძალიან ტრაგიკულს, ზოგჯერ სასაცილოს.

განსაკუთრებით მიტაცებს ომის დროს მომხდარი ამბების მოსმენა. ამბების, რომლებსაც პირდაპირი კავშირი საომარ მოქმედებებთან არ აქვს.

ყვებიან უშუალოდ, იუმორით, ზედმეტი ემოციების გარეშე ამბებს, რომლებიც ხშირად ძალიან ამაღელვებელია.

სწორედ ამ ამბების მოსმენისას გამიჩნდა ახალი სპექტაკლის ფორმის იდეა.

ჩემთვის ამოუხსნელი რჩება ის სითბო და სიყვარული, რომლითაც იხსენებენ იმ ურთულეს პერიოდს.დიდი გაჭირვების მიუხედავად მაინც კარგად ახსენდებათ ის დრო. იქნებ თეატრში მაინც შევძლოთ ადამიანის ამ უცნაური თვისების ამოხსნა. როცა შენ გარშემო ასეთი გასაჭირია როგორ უნდა იგრძნო თავი ასე მხიარულად და უდარდელად? “ვცხოვრობდით მილიონრებივითო”, ასე იხსენებენ ღიმილით იმ დროს.

სპექტაკლში გამოვიყენე ტექსტები ცნობილი იტალიელი დრამატურგის ედუარდო დე ფილიპოს რამდენიმე პიესიდან. ომი ყველგან ომია, იტალიაშიც და საქართველოშიც. ალბათ ამიტომაცაა, რომ სპექტაკლში გათამაშებული დრამატული და კომიკური სიტუაციები, მოქმედ პირთა ხასიათები და ურთიერთობები ასეთი ნაცნობი და ახლობელია თანამედროვე ქართველი მაყურებლისთვის.