11 ივნისი, 2015

მაია მახათელი: “არჩევანის წინაშე არასოდეს დავმდგარვარ”

1maiaქართველი ბალერინა მაია მახათელი წლებია ამსტერდამში ცხოვრობს და ჰოლანდიურ ნაციონალურ ბალეტში ცეკვავს.

მიუხედავად იმისა, რომ თეატრებისთვის უკვე სეზონის ბოლოა, ქართველი მოცეკვავისთვის არაფერი შეცვლილა. მისი თეატრი სეზონს ერთ თვეში დახურავს. ამ ერთი თვის განმავლობაში კი საბალეტო დასს უწყვეტი რეპეტიციები აქვს და მაყურებელთან შესახვედრად აქტიურად ემზადება.

რას ნიშნავს ქართველი ბალერინასთვის იყოს თავისი ქვეყნის ელჩი ამსტერდამში, როგორია მისი ყოველდღიური გრაფიკი და როდის ჩამოვა საქართველოში, ამ თემებზე მაია მახათელს “არტინფო” ესაუბრა.

– გვიამბეთ თქვენს ამჟამინდელ გრაფიკზე, რამდენად დატვირთული ხართ თეატრალური სეზონის ბოლოს?

– ჩვენი სეზონის დახურვამდე მხოლოდ 1 თვე დარჩა. საერთოდ ამ სეზონის გრაფიკი ისეთი დატვირთული მქონდა რომ ზოგჯერ მინდოდა დრო შემეჩერებინა და ყველაფერი მომესწრო, რისი გაკეთებაც მინდოდა. რაც შეეხება სეზონის დახურვას, გრაფიკი არ შემცვლია. ამ ერთ თვეში ბევრი რამ უნდა გაკეთდეს და მოესწროს. ამჟამად 17 ივნისს მექნება Wayn McGregor’s ინგლისელი ქორეოგრაფის ბალეტის პრემიერა. ვართ მზადებაში და მთელ დღეებს და ღამეებს ვატარებ თეატრში. პრემიერის შემდეგ, დავუბრუნდებით Christopher Wheeldonis კონკიას რომელიც ამ სეზონში უკვე 2-ჯერ გვქონდა, 18 სპექტაკლი ამსტერდამში, 6 – ჰონ კონგში და ივლისში 2 კვირიანი გასტროლებით მიგვაქვს ლონდონში Sadlers wells-ის თეატრში გვექნება 6 სპექტაკლი. ამავე დროს უკვე მიდის მზადება შემდეგი სეზონის გახსნისთვის და მე უკვე ვამზადებ 4 სხვადასხვა ბალეტს. მე ეხლა დავიწყე ამის მზადება, რადგან ჩემთვის ეს ოთხივე ბალეტი უცხოა და არდადეგების შემდეგ სეზონის გახსნამდე 2 კვირა ნახევარში ვერ მოვასწრებ.

– რატომ აირჩიეთ ასეთი ლამაზი, მაგრამ საოცრად შრომატევადი პროფესია?

– მე დავიბადე ხელოვანების ოჯახში ბებია ბაბუიდან დაწყებული. ბაბუა იყო ქართული ხალხური ცეკვების განთქმული მოცეკვავე, ბებია ოპერის მომღერალი, დედა, მამა, ძმა ბალეტის მოცეკვავეები, ასე რომ, მე გავიზარდე ხელოვნების ოჯახში და ბავშობიდანვე ჩამინერგეს დიდი სიყვარული, შრომისმოყვარეობა ამ პროფესიის მიმართ. 3 წლის ასაკში უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ ბალერინა უნდა გავმხდარიყავი.

– ვინ არის თქვენი მისაბაძი მაგალითი საბალეტო ხელოვნებაში?

– მისაბაძი მაგალითი, უკვე როგორც ვთქვი, პირველ რიგში იყო ჩემი ოჯახი და აგრეთვე ბევრი სხვადასხვა უმშვენიერესი ბალერინა. მათ შორის, ქალბატონი ნინო ანანიაშვილი, რომელიც არის არა მარტო საქართველოს პრიმა, არამედ მთელი მსოფლიოს ვარსკვლავი და ყოველთვის სამაგალითო.

– რა არის იმისთვის საჭირო, რომ გახდე წარმატებული და რაც მთავარია ნამდვილი ბალერინა?

– პირველ რიგში, ალბათ საჭიროა სიყვარული, ეს პირადად ჩემთვის. ასევე უზომო შრომისმოყვარეობა, გულწრფელობა პროფესიის მიმართ, მიზანდასახულობა. ძალიან ბევრი რამე შემიძლია ჩამოვთვალო. ასევე საჭიროა არა მარტო ფიზიკურად იყო ძლიერი, არამედ მენტალურადაც, რომ დასძლიო ყოველივე სირთულე. ნამდვილი ბალერინას ჩამოსაყალიბებლად შეუჩერებელი შრომაა საჭირო, თუნდაც მაშინ როდესაც უკვე ბალერინა ხარ!

1maia1

– თქვენ ხანმოკლე პროფესია გაქვთ. ოდესმე გინანიათ ბალერინა რომ გახდით?

– ბალერინას კარიერა ძალიან ხანმოკლეა, კი გეთანხმებით, ამიტომაც საჭიროა რომ ბავშვობიდან იყო ამისთვის მზად და იცოდე, რომ არასოდეს არ იცი რა შეიძლება მოხდეს ხვალ და სანამ გავა დრო, ყველაფერი მაქსიმუმზე უნდა გააკეთო, არანაირი შანსი არ გაუშვა. ისევ და ისევ შრომაა მთავარი. არასოდეს არ მინანია რასაც დღევანდელ დღეს ვაკეთებ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ზუსტად ეს კარიერა ავირჩიე. რა თქმა უნდა, მომავალზე ფიქრი აუცილებელია და ყოველთვის ვფიქრობდი და ვფიქრობ, რაღაც იდეები და წარმოდგენა მაქვს.

– თუ დაგჭირვებიათ დიეტის დაცვა?

– ძალიან არ მიყვარს სიტყვა დიეტა. სწორი კვება ძალიან საჭიროა ნებისმიერი პიროვნებისთვის, არა მარტო ბალერინებისთვის და ათლეტებისთვის. ორგანიზმმა უნდა მიიღოს ყველანაირი საჭირო ვიტამინები, მინერალები, პროტეინი რომ ორგანიზმმა და ტვინმა შეძლოს ნორმალურად ფუნქციონირება. არ ვამბობ იმას, რომ შეიძლება ბევრი ტკბილეულის ან ცომეულის ჭამა, ზომიერებაა საჭირო. მე ისეთი ფიზიკური დატვირთვა მაქვს, რომ ვერც გეტყვით რამდენ კალორიას ვწვავ დღეში. სწორი კვება ყველასთვის საჭიროა, მე ასე ვთვლი.

– რამდენად არის დამოკიდებული წარმატება პარტნიორზე?

– პარტნიორს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო სცენაზე, არამედ დარბაზში და მუშაობის პროცესშიც, რომ ბოლოს შეიქმნას ჰარმონია სცენაზე.

1maia2

– თუ დამდგარხართ არჩევანის წინაშე კარიერა თუ პირადი ცხოვრება?

– ჩემთვის კარიერა ყოველთვის იყო პირველი, მაგრამ არჩევანის წინაშე არასოდეს არ დავმდგარვარ და ძალიან მიხარია, რომ არც მომიწევს!

– უცხოეთში წასული ხელოვანები ჩვენი ქვეყნის ელჩები ხართ. რა იციან უცხოეთში საქართველოზე?

– უცხოეთში საქართველო განთქმულია თავისი მკაცრი ტრადიციებით, სტუმარ-მასპინძლობით, გემრიელი სამზარეულოთი, ღვინით, თავისი სილამაზით და საინტერესო ისტორიით!

– გაიხსენეთ ყველაზე დიდი კომპლიმენტი, რომელიც თქვენთვის უთქვამთ როგორც ბალერინასთვის.

– ყველაზე დიდი კომპილენტი ჩემთვის იყო, როდესაც ჩემი გედის ტბის სპექტაკლის მერე ერთ-ერთმა ბალეტის მოყვარულმა, რომელსაც მე არ ვიცნობ პირადად, გედის ქანდაკება გამიკეთა და მაჩუქა. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ძალიან მიხარია, რომ ჩემმა სპექტაკლმა ასეთი შთაბეჭდილება დატოვა მასზე. ეს ძალიან სასიამოვნო და დაუვიწყარი იყო. კიდევ ბევრი მომენტებია და ძალიან მიხარია, როდესაც შემიძლია ჩემი ბედნიერების გაზიარება მაყურებელთან.

– როდის ჩამოხვალთ საქართველოში?

– ძალიან ახლო მომავალში.