19 ივნისი, 2015

ლიზა ბათიაშვილი სტიქიით დაზარალებულებისთვის დაუკრავს

1liza-batiashviliმსოფლიოში ცნობილი ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი თბილისში ჩამოვა და სტიქიით დაზარალებულებისთვის საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. მსოფლიოს ხუთ საუკეთესო მუსიკოსს შორის დასახელებული ქართველი მუსიკოსი თავის ერთგულ მსმენელს 28 ივნისს დიდ საკონცერტო დარბაზში შეხვდება.

ლიზა ბათიაშვილთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ სამების საპატრიარქო გუნდი, გორის ქალთა კამერული გუნდი და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.

ნიკოლოზ რაჭველი:

“28 ივნისს თბილისის საკონცერტო დარბაზში ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად სტიქიით დაზარალებულთა მხარდასაჭერად დედამიწის ერთერთი ყველაზე წარმატებული მევიოლინე, შეუდარებელი მუსიკოსი და ჩემი უძვირფასესი მეგობარი ლიზა ბათიაშვილი დაუკრავს.

გადავწყვიტეთ ყველა იმ მსურველს ვინც სკოლისა და სტუდენტის ასაკისაა და სალაროში შესაბამისი სტუდენტობის ან მოსწავლეობის მოწმობას წარადგენს ორშაბათიდან სპეციალური ფასით 10 ლარად შეიძენს ბილეთს (იგივე ბილეთები ჩვეულებრივ შემთხვევაში 15-65 ლარი ღირს).

ცხადია შემოსავალს მივადევნებთ თვალყურს, ვმსჯელობთ თუ რა სახის დახმარება იქნება ჩვენგან საჭირო და გამოსადეგი…

დიდი იმედი მაქვს შეიძენთ ჩვენი აქცია-კონცერტის ბილეთებს და მოგვეხმარებით, რომ თქვენთან ერთად შევძლოთ გავაკეთოთ სიკეთე. თქვენ კი მოისმენთ გენიალურ ჩაიკოვსკის სავიოლინო კონცერტს ასევე გენიალური შესრულებით.

დარბაზში უსახლკაროდ დარჩენილი ჩვენი თანამოქალაქეებიც გვეყოლებიან და მათ მოფერებასაც ერთად შევძლებთ!

გელოდებით! დიდი მადლობა თანადგომისთვის,

სიყვარულისთვის და ერთგულებისთვის!

ჩვენ ვუკრავთ თქვენთვის!”