22 ივნისი, 2015

გრიბოედოვის თეატრს ასტანაში ელოდებიან

1xolstomer_poasterალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსულ დრამატულ თეატრს ასტანაში ელოდებიან.

24 ივნისს თეატრის დასი ყაზახეთში წარმოადგენს ავთო ვარსიმაშვილის სპექტაკლს „ხოლსტომერი. ცხენის ამბავი“. „ხოლსტომერი“ ტრაგიკული აღსარებაა ლევ ტოლსტოის მოთხრობის მიხედვით. გრიბოედოვის თეატრი ამ სპექტაკლს გიორგი ტოვსტონოგოვის დაბადებიდან 100 წლისთავს უძღვნის. ორი წლის წინ სპექტაკლი დაჯილდოვდა საერთაშორისო თეატრალური ფორუმის „ოქროს რაინდის“ გრან-პრით, ხოლო მსახიობ ვალერი ხარიუჩენკოს ნომინაციაში „მამაკაცის საუკეთესო როლი“ გადაეცა „ოქროს დიპლომი“.

გრიბოედოვის თეატრის შემოქმედებითი ჯგუფი ყაზახეთის დედაქალაქში 23 ივნისს მიემგზავრება. ეს გასტროლები გახდება კიდევ ერთი პუნქტი გრიბოედოვის თეატრის საიუბილეო მარათონში, რომელმაც უკვე მოიცვა მოსკოვი, ჩერკასი, სტამბული, მახაჩკალა, ერევანი, ბაქო და სარანსკი. 2015 წლის ოქტომბერში გრიბოედოვის თეატრი 170 წლის გახდება.

ასტანაში ყოველწლიური თეატრალური ფესტივალი „სახნადან სალემ“ ტრადიციულად ყაზახეთის დედაქალაქის ასტანის დღეს ეძღვნება. ფესტივალი 22 ივნისს გაიხსნება და 28 ივნისამდე გასტანს.