Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გიგა კვენეტაძის გზავნილი საქართველოს

28 ივნისი, 2015

1giga-kvenetadzeმომღერალი და არაერთი ცნობილი ჰიტის ავტორი გიგა კვენეტაძე საქართველოდან რუსეთში 7 წლის წინ წავიდა. ამბობს, ეს ნაბიჯი იმიტომ გადადგა, რომ ქართული შოუბიზნესი სულს ღაფავდა. ამჟამად გიგა მოსკოვში ცხოვრობს და მუშაობს, ის სიმღერებს რუსული ესტრადის ვარსკვლავებს უწერს.

მომღერალს მიაჩნია, რომ მიტევების დრო დადგა და რუსეთმა და საქართველომ ერთმანეთს მეგობრობის ხელი უნდა გაუწოდოს, ამის მთავარი მიზეზი კი ჩვენი ერთმორწმუნეობა – მართლმადიდებლობაა.

– გიგა, სად საქმიანობთ, გაგიჭირდათ თუ არა ამხელა მეგაპოლისში თავის დამკვიდრება?

– მოგესალმებით ყველას და სრულიად საქართველოს! ამჟამად მე ვმოღვაწეობ რუსეთში, კერძოდ ვიმყოფები ქალაქ მოსკოვში, სადაც ჩამოვედი 2008 წელს. აქ მაქვს ხმის ჩამწერი სტუდია ჩემს მეგობარ დათო ხუჯაძესთან ერთად. ნამდვილად რთულია, როდესაც ჩამოდიხარ უცხო ქალაქში და ყველაფერს ნულიდან იწყებ. რუსულ შოუბიზნესში არ არის ადვილი ადგილის დამკვიდრება, მთავარია შედეგი უკვე არის, ჩემს სიმღერებს უკვე ასრულებენ ცნობილი ჯგუფები თუ სოლო შემსრულებლები “ა სტუდიო”, ვალერია, დიანა ღურწკაია, ნიკოლაი ტიმოფეევი, იულია ბერეტტა, დათო ხუჯაძე, ნოდარ რევია და კიდევ ბევრი სხვა.

– რატომ წახვედით საქართველოდან?

– საქართველოდან წამოსვლა განაპირობა იმან, რომ გადავწყვიტე განვითარების შემდეგ ეტაპზე გადავსულიყავი. სამწუხაროდ, მე დავტოვე ქვეყანა, სადაც შოუ-ბიზნესი სულს ღაფავდა.

– რამდენად მარტივია ნიჭიერი ადამიანისთვის მოსკოვში მუსიკალურ სფეროში წარმატებული მოღვაწეობა?

– როგორც ზემოთ აღვნიშნე, ძალზედ რთულია რუსულ შოუბიზნესში ადგილის დამკვიდრება. ნიჭთან ერთად საჭიროა ფინსნსები და, რა თქმა უნდა, სანაცნობო წრე. ასეთი ნაცნობი და მეგობარი ჩემთვის ქეთა თოფურია აღმოჩნდა, რისთვისაც მას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.

– გიგა აუცილებლად უნდა გკითხოთ ბოლო პერიოდის სკანდალზე, სადაც რუსეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანები აღმოჩნდნენ. საქართველოში გაღიზიანდნენ იმ ფაქტზე, როცა ქართველი ხელოვანები სტიქიით დაზარალებულებისთვის დახმარებას რუსულენოვანი ბანერებით ითხოვდნენ. როგორ აფასებთ ამ მოვლენას?

– მე პირველ რიგში, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა და გავიზიარო თითოეული თბილისელის ტკივილი. რაც შეეხება სკანდალს, არა მგონია ვიღაც ვიღაცეების აზრი ქართველი ერის გამოძახილი იყოს. აქ ენა არაფერ შუაში არ არის, როდესაც შენ ითხოვ შენი ქვეყნის და ქალაქის დახმარებას. მეც ასე მივიქცეოდი, რადგან ვმოღვაწეობ რუსეთში და ბევრი რუსი მეგობარი მყავს აქ, რომლებმაც იმ დღესვე დამირეკეს და მომისამძიმრეს მომხდარი ფაქტის გამო.

– ქეთა თოფურია ახსენეთ. ა სტუდიოსთან აქტიურად თანამშრომლობთ?

– ა სტუდიოსთან ერთად უკვე 4 სიმღერა მაკავშირებს, ბოლო სიმღერაზე “вот она любовь” კლიპის პრეზენტაცია რამოდენიმე კვირის უკან იყო. ა სტუდიოს დამაარსებელი ყოველთვის მადლობას მიხდის და მეუბნება, რომ ჩემმა ერთ-ერთმა სიმღერამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ქეთა რომ ა სტუდოში დაიტოვეს, საუბარია სიმღერაზე “გული გეფერებოდა”.

– კიდევ რომელი რუსი მომღერლებისთვის წერთ სიმღერებს?

– ა სტუდიო, ვალერია, დიანა ღურწკაია, ნიკოლაი ტიმოფეევი, იულია ბერეტტა, დათო ხუჯაძე, ნოდარ რევია, აჩი ფურცელაძე და სულ მალე დავასრულებ ახალ სიმღერაზე მუშაობას. ავრაამ რუსოსათვის ეს დუეტი არის და თუ ვისთან ამაზე ცოტა მოგვიანებით.

– ყველაზე პრეტენზიული ვინ არის, ვისთანაც გიმუშავიათ?

– ყველა შემდგარი მომღერალი პრეტენზიულია, მაგრამ არსებობს ნიუანსები რომლებიც მათ ამშვიდებთ და ამას პრიფესიონალიზმი ჰქვია.

– შეგიძლიათ შეადაროთ ქართული და რუსული ესტრადა? თქვენ ორივეგან მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვთ.

– ძალიან დიდი განსხვავებაა! აქ ცნობილ მომღერალს თვეში მინიმუმ 20-30 ათასი დოლარი აქვს ყოველთვიური შემისავალი, საქართველოში კი ცნობილი მომღერალი საარჩევნო კონცერტებს ელოდება წლიდან წლამდე… დანარჩენი თქვენ თვითონ განსაჯეთ.

– მხოლოდ ახალ-ახალ კომპოზიციებს წერთ თუ როგორც მომღერალი, სიმღერების ჩაწერესაც ახერხებთ?

– ჯერჯერობით ვმუშაობ როგორც კომპოზიტორი, თუმცა ახლო მომავალში ვგეგმავ სოლო კარიერის განახლებას.

– მოშურნეები გყავთ?

– შური ანადგურებს ადამიანს! თუ ჩემი შურთ, ესე იგი რაღაცას წარმოვადგენ.

– როგორ უმკლავდებით საქართველოს მონატრებას?

– როგორც ნამდვილი ქართველი გეტყვით, რომ არ არსებობს ნოსტალგიის წამალი სხვა ქვეყანაში. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და თითოეული ქართველი დედა, მამა და ძმა.

– გიგა როგორი მოჩანს საქართველო მეზობელი რუსეთიდან?

– საქართველო დიდი რუსეთიდან მოსჩანს ამაყი და შეუდრეკელი, ამავდროულად სტუმართმოყვარე და შემწყნარებელი. დროა ერთმანეთს მივუტევოთ და მეზობლობის ხელი გავუწოდოთ, მითუმეტეს, რომ ჩვენ გვაერთიანებს რწმენა – ჩვენი მართლმადიდებლური რწმენა.

– დღეს ბევრს საუბრობენ, რომ კულტურა და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა იყოს გამიჯნული, თქვენ როგორ თვლით, უნდა ჩამოდიოდნენ თუ არა ქართველი ხელოვანები რუსეთში კონცერტებით?

– რა თქმა უნდა, უნდა ჩამოდიოდნენ და პირიქით, რუსული ესტრადის ვარსკვლავებიც ხშირად უნდა სტუმრობდნენ საქართველოს.

– რა გზავნილს გამოაგზავნით საქართველოში?

– მე მიყვარს საქართველო!