25 ივნისი, 2015

გაგა ჩხეიძე: ,,გიხაროდეთ, ქართველო კინოშნიკებო!”

1gagaთბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დამაარსელებლი გაგა ჩხეიძე კინემატოგრაფისტთა კავშირის ყრილობაზე მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში აფასებს და აცხადებს, რომ იმედგაცრუებულია:

“რებრენდიგის და სასიკეთო ამბების მოლოდინში დღეს (პირველად!) წავედი კინემატოგრაფისტთა კავშირის ყრილობაზე. მეგონა, ეს ვადაგასული და დრომოჭმული ორგანიზაცია ძალებს მოიკრებდა და ქართული კინოს საკეთილდღეოდ რეფორმებს განახორციელებდა, შინაარსსაც შეიცვლიდა და ფორმასაც. თქვენც არ მომიკვდეთ, მხოლოდ სახელის შეცვლა ყოფილა დღის წესრიგში, კინოკავშირს კინოაკადემია უნდა დაერქვას, ხოლო თავმჯდომარეს – პრეზიდენტი, და რატომ, იცით? ამერიკაში თურმე არ ცოდნიათ, რა არის თავმჯდომარე (Chairman). ამ ორგანიზაციის მთავარი დანიშნულება ეროვნული პრიზების გაცემა იქნება, და ამას მოხმარდება უძლიერესი კერძო ტელევიზიის ფინანსები. აქედან გამომდინარე, “ეროვნული ოსკარების” გადაცემაზე ჰოლივუდის ვარსკვლავების დასწრებაც კი გარანტირებული იქნება! გიხაროდეთ, ქართველო კინოშნიკებო!

ტყუილად ველოდი, რომ ვინმე ჩემს ვალდებულებებს ამიხსნიდა, ან უფლებებს განმიმარტავდა, ან იმას მაინც მეტყოდა, რა ხეირი მექნებოდა მე, როგორც კავშირის წევრს (აწ უკვე აკადემიკოსს) ორგანიზაციისგან, როგორ შემიწყობდა ხელს შემოქმედებით განვითარებაში… დარბაზის დრტვინვა გამოიწვია ჩემმა რეპლიკამ, რომელშიც ვთქვი, რომ კავშირი ანუ აკადემია საახალწლოდ მაკარონის და წიწიბურის დარიგებაზე კი არ უნდა ფიქრობდეს, არამედ – კინოპროექტებზე. ეს არის მისი მიზანი და დანიშნულება. თურმე ვცდებოდი, და ეს არ ყოფილა. თურმე არც წევრების ხელახალ რეგისტარციას აპირებენ (350 წევრიდან ნახევარიც არ ესწრებოდა ყრილობას), არც საწევროს დაწესებას… საერთოდ ვერ გავიგე, რისთვის არის ეს პატივცემული ხალხი გაერთიანებული. ეტყობა, საბჭოთა კავშირში ვართ ისევ. ვერ გაგვიგია, რა არის ერთი პროფესიის ხალხის გაერთიანება და რას უნდა ემსახურებოდეს ის…

“გაგა, უჭკუო კაცი არ ხარ (!), და როგორ არ გესმის, რომ იურიდიულად შეუძლებელია შემოქმედებითი კავშირის გადაკეთება სხვა ტიპის ორგანიზაციადო? ამიტომ კავშირი დარჩა, მაგრამ აკადემია დავარქვითო”, მითხრა თავმჯდომარემ და მომავალმა პრეზიდენტმა.

მე კი მინდა მივუგო, რომ არც ის ჩანს უჭკუო კაცი, და რომ ეს კაზუსი იუსტიციის მინისტრთან ერთი ვიზიტით ალბათ მოგვარდებოდა…

მოკლედ, სანამ ახალგაზრდა თაობა მაგიდებს არ აგვიტრიალებს უფროსებს და თავზე არ დაგვახევს ამ წესდებებს, არაფერი გამოვა!

სამწუხაროდ, ახალგაზრდა თაობის წარმომდაგენლები იქ არ დამილანდავს. იქ რომ ყოფილიყვნენ, ვერეს ხეობიდან გამოყოლილი კანალიზაციის სუნს მაინც ვიგრძნობდი. (პროტესტის ფრიად დასაფასებელი ფორმა იქნებოდა.)

დარბაზში არც ტრიუფოს, გოდარის და ფასბინდერის აჩრდილებისთვის მომიკრავს თვალი…
ამ ეტაპზე პირადად მე უარს ვამბობ კავშირის (აკადემიის) წევრობაზე, რადგან არ ვაპირებ ამ სოციალურ-გლამურულ პროექტში მონაწილეობას.

ერთადერთი ის მაინტერესებს, იმ წევრებს, ვინც ყრილობაზე არ მოვიდა, წინასწარ ჩაქნეული ჰქონდათ ხელი, თუ რომელიმე სხვა აკადემიაში გაწევრიანდნენ?…”