7 ივნისი, 2015

ელისო ბოლქვაძის კიდევ ერთი აღიარება

1elisoმსოფლიოში ცნობილმა ქართველმა პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ ბათუმში მუსიკალური ფესტივალი დააარსა. ეს ფესტივალი იუნესკოს მშვიდობის არტისტის ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ ორგანიზებით მესამე წელია ტარდება.

ბათუმის მუსიკალური ფესტივალი BATUMI MUSIC FEST, რომელიც საერთაშორისო ფესტივალი გახდა, ევროპის ფესტივალების ასოციაციაში (EFA) მიიღეს.

ასოციაციაში, რომლის სათაო ოფისი ბრიუსელში მდებარეობს, გაერთიანებულია ევროპის 40 ქვეყნის 100-ზე მეტი პრესტიჟული ფესტივალი, მათ შორის ედინბურგის ფესტივალი, BBC PROM და სხვა.

ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც წელს ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში ჩატარდა, ბათუმის მუსიკალური ფესტივალი თავად ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ელისო ბოლქვაძემ წარადგინა. ასოციაციის წევრობისთვის აუცილებელია აკმაყოფილებდე გარკვეულ სტანდარტებს. ბათუმის ფესტივალის ისტორიამ, ბათუმის ინფრასტრუქტურამ და საქართველოს კულტურისა და ტურიზმის შესაძლებლობებმა EFA-ს მოთხოვნები დააკმაყოფილა და სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ელისო ბოლქვაძის მუსიკალური ფესტივალი ევროპის ფესტივალების ასოციაციაში მიეღოთ.

ევროპის ფესტივალების ასოციაციის წევრობა არა მარტო ბათუმის მუსიკალური ფესტივალისთვის, არამედ, ზოგადად საქართველოსთვის და მუსიკალური ინდუსტრიისთვის ახალ შესაძლებლობებს და პერსპექტივას ხსნის – საქართველო ჩაერთვება საერთაშორისო პროგრამებში, მიიღებს ევროპულ გამოცდილებას მენეჯმენტის განვითარებისთვის, ახალი კონტაქტები, ახალი სცენები ქართველი არტისტების საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს, ასევე საქართველო გახდება ახალი სივრცე უცხოელი მუსიკოსებისთვის. ახალგაზრდა მუსიკოსებს უფრო მეტი შანსები ეძლევათ ევროპაში გამოცდილების მისაღებად. ასოციაცია ასევე ხსნის ახალ კონტაქტებს აზიაში, სადაც კლასიკური მუსიკისადმი ინტერესი დღითი-დღე იზრდება.

ელისო ბოლქვაძის ბათუმის მუსიკალური ფესტივალი პირველი მუსიკალური ფესტივალია საქართველოდან, რომელიც ევროპის ფესტივალების ასოციაციის წევრი გახდა. მანამდე EFA-ში გაერთიანებული იყო მხოლოდ თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი.
ევროპის ფესტივალების ასოციაცია კულტურის ერთ-ერთი უძველესი სივრცეა, რომელიც მუსიკის, ცეკვისა და თეატრის პრესტიჟულ ფესტივალებს აერთიანებს ევროპასა და მის ირგვლივ. ორგანიზაცია 1952 წელს დაფუძნდა ჟენევაში.

ბათუმის მესამე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი წელს 10-15 სექტემბერს ჩატარდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ვარსკვლავები სხვადასხვა ქვეყნიდან. შესრულდება კლასიკური მუსიკის შედევრები. ფესტივალს საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს. მის ფარგლებში დაგეგმილია მასტერ-კლასების ჩატარება ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის. დასკვნითი გალა-კონცერტი კი ბათუმის პიაცაზე გაიმართება და იუნესკოს 70 წლის იუბილეს მიეძღვნება.